სალომე ესაძემ ახალი სიმღერა, სახელწოდებით I Will See You Again წარადგინა. ნამუშევარი ჟანრობრივად ძირითადად R&B-ის მიეკუთვნება, თუმცა მასში ორკესტრული და კლასიკური მუსიკის ელემენტებიც ერთიანდება. არტისტის სურვილი იყო, თანამედროვე რიტმული ჟღერადობა კლასიკურ ინსტრუმენტებთან დაეკავშირებინა და ამ ორი განსხვავებული მუსიკალური ხასიათის სინთეზით შეექმნა ნამუშევარი.
სალომე ესაძე:
„სინგლის შემთხვევაში, ერთ-ერთი მთავარი ინსპირაცია მუსიკალური ექსპერიმენტის სურვილი იყო. ძალიან მაინტერესებდა, როგორ ჟღერდებოდა ორკესტრული, კლასიკური ინსტრუმენტებისა და თანამედროვე, რიტმული მუსიკის ერთობლიობა. თავიდან საკმაოდ მარტივ იდეად მეჩვენებოდა, თუმცა სხვადასხვა მუსიკალური კომპონენტის დამატების შემდეგ, მოულოდნელად, როგორც ჩემი, ისე ჩემი მეგობრების ერთ-ერთ ფავორიტ ნამუშევრად იქცა. ტრეკი ერეკლე გუჯეჯიანთან ერთად სულ ოთხ დღეში დავწერე. პირადად ჩემთვის კი განსაკუთრებით სიმბოლურია, რადგან ეძღვნება ადამიანს, რომელიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მასში ჩადებული ემოციები ძალიან გულწრფელია და ზუსტად ასახავს იმას, რასაც ამ ეტაპზე განვიცდი.”
I Will See You Again მესამე ტრეკია, რომელზეც არტისტმა ერეკლე გუჯეჯიანთან ერთად იმუშავა. სალომე ესაძის თქმით, წარმატებულ კოლაბორაციას შემოქმედებითი ურთიერთგაგება განაპირობებს:
„ერეკლე ყოველთვის მაქსიმალურად მაძლევს საშუალებას, ჩემი იდეები ბოლომდე განვახორციელო. რაც უფრო მეტ მუსიკას ვქმნით ერთად, მით უფრო კარგად გვესმის ერთმანეთის და მუშაობის პროცესიც უფრო მარტივი და ბუნებრივი ხდება“.
სინგლის გარეკანზე ჯაბა ქურთიშვილმა იმუშავა, კონცეფციასთან ერთად ფოტოც მასვე ეკუთვნის. პროექტში ასევე ჩართული იყო ვიზაჟისტი ნუცა გელაშვილი.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებსა და პროექტებს, როგორც სალომე ესაძე Billboard Georgia-სთან საუბარისას აღნიშნავს, ამ ეტაპზე მისი მთავარი მიზანი და მოტივაცია ახალი მუსიკის შექმნა და საკმარისი ნამუშევრების დაგროვებაა, რათა საბოლოოდ მსმენელთან ცოცხალი შესრულების ფორმატში შეხვედრა შეძლოს.