Oasis-ის დიდი ხნის გულშემატკივრებისთვის მოულოდნელი არ იქნება, თუ ნოელ და ლიამ გალაგერები ამ უქმეებზე როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას გამოტოვებენ. ბრიტ-პოპის ლეგენდებს არც დაუმალავთ, რომ წელს, ბილი აიდოლთან, Joy Division/New Order-თან, ფილ კოლინსთან, Wu-Tang Clan-თან, Luther Vandross-სა და Sade-სთან ერთად, დიდების დარბაზში წარდგენა დიდად არ აღაფრთოვანებთ.
9 ნოემბერს გამოცემა Rolling Stone-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ძმები 14 ნოემბერს ლოს-ანჯელესში, Peacock Theatre-ში დაგეგმილ ცერემონიაზე დასწრებას არ გეგმავენ. ლიამ გალაგერმა 10 ნოემბერს X-ზეც დაადასტურა, რომ გამგზავრებას არ აპირებს.
სტატიის საპასუხოდ ლიამმა დაწერა: „მხოლოდ ერთი საღამოსთვის ამხელა გზის გავლა არ ღირს. საქმეები მაქვს, თან შობა ახლოვდება“.
მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი Live 27-ის ტურნეს ფარგლებში მომდევნო წლის მაისამდე კონცერტებს არ გეგმავს, გასულ კვირას ნოელ გალაგერმა Oasis-ის 2025 წლის წარმატებული გაერთიანებული ტურნეს შემდეგ პირველი სოლო გამოსვლა დააანონსა. მუსიკოსი შაბათს ლონდონში, Goldie’s EFG Jazz Festival-ზე წარდგება. Billboard სტატიაზე მუშაობის პერიოდში Oasis-ის წარმომადგენელს დაუკავშირდა – კითხვაზე, დაესწრებიან თუ არა ჯგუფის წევრები შაბათის ცერემონიას, პასუხი ამ დრომდე უცნობია.
ძმებ გალაგერების გულგრილი დამოკიდებულება ამ საპატიო სტატუსის მიმართ სიახლე არ არის. ეს ჯერ კიდევ 2024 წელს გამოჩნდა, როდესაც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ნომინანტთა მოკლე სიაში ჯგუფი პირველად მოხვდა. მაშინ ლიამ გალაგერმა X-ზე დაწერა: „ჯანდაბას როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი, იქ ყველა ნაძირალაა“. მოგვიანებით, როდესაც ერთ-ერთმა გულშემატკივარმა აღნიშნა, რომ ჯგუფი ამ აღიარებას ნამდვილად იმსახურებდა, გალაგერმა უპასუხა: „ამ დაჯილდოებაში რაღაც საეჭვოა“.
ლიამ გალაგერის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით წლების განმავლობაში დიდად არ შეცვლილა. გასულ წელს, როდესაც Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ნომინანტთა სიაში მეორედ მოხვდა, მან X-ზე დაწერა: „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი იდიოტებისთვისაა“. თუმცა, მიმდინარე წლის აპრილში მისი განწყობა შედარებით თავშეკავებული იყო. მუსიკოსმა ხმის მიცემის პროცესში მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა: „ყველას, ვინც ხმა მოგვცა, მინდა მადლობა გადავუხადო. ეს ჩემთვის ნამდვილი პატივია. ბავშვობიდან, როცა შხაპში ვმღეროდი, ვოცნებობდი, რომ ერთ დღეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში მოვხვდებოდი. მართალია, რასაც ამბობენ – თუ ოცნება გაქვს, ყველაფერი შესაძლებელია“ – ეს კომენტარი, როგორც ჩანს, მისთვის დამახასიათებელი ირონიისა და ცინიზმის ნაზავი იყო.
აპრილში ერთ-ერთმა გულშემატკივარმა მას ჰკითხა, რა მოხდა ისეთი, რომ მას დიდების დარბაზში მოხვედრა არ სურდა, ლიამმა კი პასუხად ოჯახური ისტორია გაიხსენა: „როცა ეს ამბავი გავრცელდა, წინა ღამეს დედაჩემს ვესაუბრე. მან მითხრა, რომ ორგანიზაციის მიმართ ჩემი დამოკიდებულების ჩამოყალიბებისას, შესაძლოა, ნაჩქარევი დასკვნები გამოვიტანე. მირჩია, სისულელეების ლაპარაკს თავი დავანებო, დაჯილდოებაზე წავიდე, წესიერად მოვიქცე და ვინ იცის, იქნებ მომეწონოს კიდეც“, – დაწერა მან. მანამდე კი იხუმრა: „როგორც ჩანს, აქ უკუფსიქოლოგიის ვიბრაციებია ჰაერში – Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში კი არა, ფერმერთა დიდების დარბაზში უნდა შეიყვანონ“.
იმ დროისთვის გალაგერმა დაადასტურა, რომ ჯილდოს მისაღებად ცერემონიას დაესწრებოდა: „ჯანდაბას, აბა რა, მივდივარ“, თან დასძინა, რომ იმედოვნებდა, ნოელიც მასთან ერთად წამოვიდოდა: „ორივენი აუცილებლად მივდივართ, ვამაყობთ და აღფრთოვანებულები ვართ“.
მიუხედავად იმისა, რომ, სავარაუდოდ, გალაგერები ამ მოგზაურობას არ გეგმავენ, მათ მაინც შეიყვანენ დიდების დარბაზში ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად: გიტარისტებთან პოლ Bonehead არტურსთან და ჯემ არჩერთან, ბასისტებთან – პოლ Guigsy მაკგიგანთან და ენდი ბელთან და ასევე დრამერებთან ალან უაიტთან და ტონი მაკკაროლთან ერთად.
Billboard-ის სტატიის გამოქვეყნების დროს უცნობი იყო, დაესწრებოდნენ თუ არა ჯგუფის სხვა წევრები ღონისძიებას, რომელიც დეკემბერში ABC-სა და Disney+-ზე გავა.
თუ Oasis ცერემონიას მართლაც გამოტოვებს, ის პირველი ჯგუფი არ იქნება, რომლის წევრებიც ამ აღიარების მისაღებად პირადად არ გამოცხადდებიან. ამით ჯგუფი იმ არტისტებისა და მუსიკოსების სიას შეუერთდება, რომლებიც სხვადასხვა დროს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრნენ. მათ შორის არიან არეტა ფრანკლინი (1997), ტინა ტერნერი (1991), Grateful Dead-ის წევრი ჯერი გარსია (1994), Sex Pistols (2006), Van Halen (2007), Guns N’ Roses-ის ვოკალისტი ექსელ როუზი (2012) და Dire Straits-ის ლიდერი მარკ ნოპფლერი (2018). ამ სიაშია პოლ მაკარტნიც, რომელმაც 1988 წელს The Beatles-ის სახელით დაჯილდოების ცერემონია ყოფილ თანაგუნდელებთან ფინანსური უთანხმოების გამო გამოტოვა.