თბილისში მცხოვრები უკრაინელი მუსიკოსის ახალი ალბომი და სოციალური პროექტი

ალბომში შესულია ტრეკი, სახელწოდებით – Lonely Sad Tbilisi Dog, რომლის ინსპირაცია თბილისის ქუჩის ძაღლები არიან. კომპოზიცია ამერიკელ პიანისტთან, ელაიჯა ფოქსთან და გერმანელ დრამერთან, სილვან შტრაუსთან თანამშრომლობით ჩაიწერა.
ფოტო: მარინა პორფისოვა

რომან ბულახოვი უკრაინელი მუსიკოსია, რომელსაც თავის ქვეყანაში კარგად იცნობენ, როგორც თანამედროვე ჯაზის გიტარისტსა და ცნობილი უკრაინული როკ ბენდის – Nervy-ის წევრს. ის ასევე ისეთი ამერიკული ბენდების წარმომადგენელი არტისტია, როგორებიც არის: D’Angelico, Supro და Pigtronix. რომან ბულახოვი ერთ-ერთი ის ხელოვანია, რომელსაც უკრაინაში დაწყებული ომის გამო, სამშობლოს დატოვება მოუწია და საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. მუსიკოსმა გადაწყვიტა, თავისი შემოქმედება აქ გაეგრძელებინა და დაახლოებით ერთი წლის წინ ალბომი, სახელწოდებით Surfing ჩაწერა. 

რომან ბულახოვს „Billboard საქართველო„ ესაუბრა. ინტერვიუში მან თავის შემოქმედებაზე და თბილისში დაწყებულ მუსიკალურ პროექტზე ისაუბრა. 

რომან ბულახოვი:

„როცა შენს სამშობლოში ომია, შესაძლოა, ეს შემოქმედებისათვის საუკეთესო დრო არ არის, თუმცა ვგრძნობდი, რომ რაღაც მქონდა სათქმელი და ეს მუსიკით უნდა გადმომეცა. ყველაფერი სახლში გაკეთებული დემო ჩანაწერებით დაიწყო. შემდეგ ვიფიქრე, რომ კოლაბორაცია კარგი იქნებოდა. უკრაინული ბენდის, Hyphen Dash-ის წევრებს დავუკავშირდი და ერთ-ერთ ტრეკში, სახელწოდებით Kyiv Time მონაწილეობა შევთავაზე. შემდეგ UFC-ის ლიგის წამყვანს, ბრიუს ბაფერს მივწერე. მასთან კომუნიკაციისას არ ველოდი, რომ დაინტერესდებოდა, თუმცა დამთანხმდა. ამის შემდეგ მეტი მოტივაცია მომეცა და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ცნობილ არტისტებს ჩემი ტრეკები გავუგზავნე, მათ თანამშრომლობას და ამ ალბომში მონაწილეობას ვთავაზობდი. საბოლოოდ Surfing-მა არაერთი კოლაბორაცია გააერთიანა.“

როგორც რომან ბულახოვი ამბობს, ვინაიდან ალბომი აქ ჩაიწერა, მას თბილისთან დიდი კავშირი აქვს. მაგალითად, ერთ-ერთი ტრეკი  “ТВІЙ ДЕНЬ / შენი დღე” ჯგუფ „მგზავრების“ ვოკალისტთან, გიგი დედალამაზიშვილთან ერთად ჩაიწერა. ამავე ტრეკის შექმნაში რომან ბულახოვის ბენდის, Nervy-ის წევრმაც მიიღო მონაწილეობა. 

ალბომში შესულია კიდევ ერთი  ტრეკი, სახელწოდებით  – Lonely Sad Tbilisi Dog, რომლის ინსპირაცია, არტისტის თქმით, თბილისის ქუჩის ძაღლები არიან. ეს კომპოზიციაც კოლაბორაციულია – ის ამერიკელ პიანისტთან, ელაიჯა ფოქსთან და გერმანელ დრამერთან, სილვან შტრაუსთან თანამშრომლობით ჩაიწერა. ტრეკი სოციალური პროექტის ინსპირაციაც გახდა – 4 ოქტომბერს, ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ამ კომპოზიციაზე გადაღებული კლიპის პრეზენტაცია რომან ბულახოვის Youtube არხზე შედგა და არტისტმა თამაზ ელიბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის დასახმარებელი საქველმოქმედო კამპანია დააანონსა. აღსანიშნავია, რომ მუსიკალური ვიდეო ასევე თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარშია გადაღებული. როგორც  რომან ბულახოვი აღნიშნავს, საქართველოში ჩამოსვლის დღიდან ის ამ ქვეყნის და იმ სტუმართმოყვარეობის მადლობელია, რომელიც აქ დახვდა. ეს სოციალური პროექტიც მადლობის გადახდის ერთგვარი ფორმაა. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, რომან ბულახოვი საქართველოში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდა. მომხდარმა მოვლენებმა მისი, როგორც მოქალაქის და ხელოვანის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, ამიტომ ბუნებრივია  დავინტერესდით, თუ როგორ აისახა მასზე და მის გარშემო მოღვაწე უკრაინელ არტისტებზე ომი. 

რომან ბულახოვი:

„რთულია, უკრაინელი არტისტების პრობლემებზე ისაუბრო მაშინ, როცა უამრავი უკრაინელი ომის წინა ხაზზეა და საკუთარი ქვეყნის დასაცავად სიცოცხლეს წირავს. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელოვანებმა საკუთარი შემოქმედება ქვეყნის დასახმარებლად მიმართონ – ატარონ კონცერტები და მიღებული შემოსავალი საქველმოქმედო მიზნებს მოახმარონ. ომის დაწყების შემდეგ ჩემი ჯგუფის, Nervy-ის წევრებთან ერთად სწორედ ამით ვარ დაკავებული. ახლა თბილისში ვცხოვრობთ და ევროპულ ტურნეებში ვმოგზაურობთ, რათა გაყიდული ბილეთებით მიღებული თანხა უკრაინის არმიის და ლტოლვილთა დასახმარებელ ფონდებში გადავრიცხოთ.  ომის მიუხედავად, უკრაინული მუსიკა, უკრაინული კულტურა განაგრძობს განვითარებას და ეს ძალიან სასიამოვნოა. ყოველდღე ახალი უკრაინელი ხელოვანის შესახებ მესმის და ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის თანამედროვე კულტურა აღორძინების ახალ ეტაპს იწყებს. ყველაფერს ვიზამ, რომ როგორც არტისტმა, ამას ხელი შევუწყო.“

ნახეთ მუსიკალური ვიდეო, რომელიც გადაღებულია კომპოზიციაზე Lonely Sad Tbilisi Dog:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბრიტნი სპირსი პოლიციას მისი შემოწმების გამო აკრიტიკებს

შემდეგი სტატია

ემი უაინჰაუსის მუსიკალურ ვიდეოს – Back to Black პლატფორმა YouTube-ზე მილიარდი ნახვა აქვს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი