ჯეკ უაითმა ახალი ალბომი გამოსცა, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ არ გაჟღერებულა. როგორც ჩანს, როკ-ვარსკვლავმა ალბომის გასავრცელებლად ახალი ხრიკი მოძებნა. 19 ივლისს ლეიბლ Third Man Records-ის მაღაზიის თანამშრომლები მომხმარებლებს ალბომს ჩანთებში ჩუმად უდებდნენ.
მსოფლიოში ცნობილი მუსიკალური ბლოგის, Stereogum-ის თანახმად, ინფორმაცია Reddit-ზე გავრცელდა, სადაც ერთ-ერთი მელომანი წერს, რომ იდუმალი ვინილი სახელწოდებით No Name ლონდონში Third Man Records-ის მაღაზიაში მიიღო.
„დღეს Third Man Records-ის მაღაზიის თანამშრომელმა ვინილი ჩანთაში ჩამიდო, მეგონა, ეს ალბომის დემო ვერსია იყო, თუმცა მაღაზიის თანამშრომელს ამის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდა, მან უბრალოდ მითხრა, რომ ამას მენეჯმენტის დავალებით აკეთებს.
ანალოგიური შემთხვევა Reddit-ის ფორუმზე სხვა ადამიანმაც დაწერა, როდესაც იგი ნეშვილში, Third Man Records მაღაზიაში იმყოფებოდა. „შემიძლია დავადასტურო, რომ ეს ჯეკ უაითის ახალი ალბომია. მოვისმინე და საკმაოდ კარგია.“
გავრცელებული ინფორმაციით, ალბომი 13 სიმღერას შეიცავს. უაითის წინა ალბომი, Entering Heaven Alive, 2022 წელს გამოიცა, რომელშიც სინგლები If I Die Tomorrow, Love Is Selfish და Queen of the Bees არის შესული