ბათუმის სანაპირო კომპლექსი Iveria Beach დამსვენებლებს, ტრადიციულად, წელსაც არაერთ გასართობ ღონისძიებას სთავაზობს. მათ შორისაა ქართველი და უცხოელი მუსიკოსების კონცერტები. ღონისძიებების სერია სახელწოდებით Summertime at Iveria Beach 13 ივლისს დაიწყო და 17 აგვისტოს დასრულდება. თუ რას სთავაზობს Iveria Beach აჭარაში ჩასულ მსმენელს, ამის შესახებ Billboard საქართველო კომპლექსის მარკეტინგის მენეჯერს, ნიკოლოზ არაბიძეს ესაუბრა.
ნიკოლოზ არაბიძე – Iveria Beach-ის მარკეტინგის მენეჯერი:
„13 ივლისიდან 17 აგვისტოს ჩათვლით Iveria Beach ივენთების სერიას Summertime at Iveria Beach მასპინძლობს, რომლის ფარგლებშიც მსმენელს ხუთ დაუვიწყარ კონცერტს შევთავაზებთ საერთაშორისო და ადგილობრივი სცენის გამორჩეულ არტისტებთან ერთად. აღნიშნული ღონისძიებების ოფიციალური მხარდამჭერები Mastercard და „თიბისი კონცეპტი” არიან.
Summertime at Iveria Beach 13 ივლისს ბერლინში მოღვაწე მუსიკოსმა BONDI-მ გახსნა, რომელმაც მსმენელს ვოკალისა და გიტარის ჟღერადობის გამოყენებით სინთეზურ და ინდი ჰაუს მელოდიებით დაამახსოვრა თავი.
20 ივლისს Iveria Beach-ის მსმენელის წინაშე ბერლინში მოღვაწე მუსიკოსი მათიას მეიერი წარდგა, რომელიც ბერლინის Watergate-ის გამორჩეული და ცნობილი რეზიდენტი Dj და პროდიუსერია.
გამოვყოფ ჩვენი და შავი ზღვის ჯაზფესტივალის პარტნიორობას, რომელიც ჯერ კიდევ 2022 წელს დაიწყო. წელსაც 26, 27 და 28 ივლისს, ტრადიციულად, უცვლელ ადგილზე, Iveria Beach-ზე რიგით მე-17 ჯაზფესტივალის ჯემ-სეშენები გაიმართა. ამ დღეებში ჩვენთან მოსულ მსმენელს არა მხოლოდ ჯემ-სეშენებზე დასწრება შეეძლოთ, არამედ მთელი დღის განმავლობაში ჰქონდათ ადგილობრივი ბენდებისა და არტისტების მოსმენის საშუალება.
რაც შეეხება სამომავლო ღონისძიებებს, დღეს, 3 აგვისტოს Iveria Beach-ს იბიცადან მუსიკოსი Aracil ესტუმრება. მისი მუსიკა ხასიათდება, როგორც ენერგიისა და ჰარმონიის ნაზავი, რომელიც მელანქოლიისა და ეიფორიის სინერგიას გულისხმობს. Საღამოს გახსნის ქართველი მუსიკოსი GiGi.
9 აგვისტოს ჩვენს სცენას დაიკავებს ესა უილიამსი თავისი მუსიკალური კოლექტივით Esa’s Afro-Synth Band. მუსიკოსები მსმენელს რიტმული აფრიკული საცეკვაო მუსიკის მემკვიდრეობასა და თანამედროვე მუსიკის კონცეფციის ნაზავს შესთავაზებს. Საღამოს ასევე ქართველი მუსიკოსი Machaidze გახსნის.
17 აგვისტოს კი Summertime at Iveria Beach-ის ღონისძიებების სერიას Aquarius Heaven დახურავს. ეს არის მუსიკოსი, რომელიც სცდება დადგენილ საზღვრებს და ტრადიციულ ჰაუს/ტექნო მუსიკას კარიბული ვოკალის ელემენტებით ამდიდრებს. კონცერტს გახსნის ქართველი მუსიკოსი So Laut.
ამით Summertime at Iveria Beach-ის მუსიკალური სერია სრულდება, თუმცა Iveria Beach განაგრძობს მუშაობას და მსმენელს კიდევ არაერთ საზაფხულო ღონისძიებას შესთავაზებს, რომელთა შესახებაც სულ მალე შეიტყობთ.”
Iveria Beach 2015 წლიდან ფუნქციონირებს. მულტიფუნქციური სივრცე მოიცავს კერძო სანაპირო ზოლს, სარესტორნო სივრცეს, ბარებს, გამწვანებულ ზონას და გასართობ სივრცეებს როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის.