A$AP Rocky-მ ალბომ Don’t Be Dumb-ის გამოცემა გადადო, თუმცა რეპერი ახალი სინგლის გამოქვეყნებას აანონსებს.
მუსიკოსმა სოციალური ქსელის მეშვეობით მსმენელებს აუწყა, რომ მისი სინგლი Tailor Swif 30 აგვისტოს გამოვა. აღსანიშნავია, რომ ინტერნეტში ეს სინგლი ადრე არაოფიციალურად გავრცელდა. მართალია, სიმღერას ტეილორ სვიფტის სახელი ჰქვია, თუმცა პოპვარსკვლავთან კომპოზიციას ამის გარდა სხვა არაფერი აკავშირებს.
სიმღერის ოფიციალურად დაანონსებასთან ერთად, რეპერმა მსმენელს TikTok-ზე კლიპიდან 10-წამიანი თიზერიც გაუზიარა, რომელიც უკრაინაშია გადაღებული.
რეპერის თაყვანისმცემლები ახალი სიმღერის გამოცემას აღფრთოვანებით შეხვდნენ. სვიფტის ფანები კი სულაც არ არიან ბედნიერები იმით, რომ რეპერმა მომღერლის სახელის ვარიაცია თავისი ახალი ჩანაწერის სათაურად გამოიყენა. „ყველა კაცს ტეილორ სვიფტთან დაპირისპირება რატომ უნდა? უცნაურია,” – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი სოციალურ ქსელში.
Tailor Swif-თან დაკავშირებით A$AP Rocky-ს დიდი ისტორია აქვს. რეპერმა ჩანაწერი პირველად 2022 წლის ივლისში წარადგინა. რამდენიმე დღის შემდეგ სიმღერა და მისი ვიზუალი ინტერნეტში ავტორის სურვილის საწინააღმდეგოდ გავრცელდა.
როგორც ჩანს, A$AP Rocky სიმღერის ახალ ალბომში ჩასმას ერიდებოდა, თუმცა მოგვიანებით არტისტმა აზრი შეიცვალა და მალე სინგლი სტრიმინგ პლატფორმებზე ოფიციალურად განთავსდება.
„ის [სიმღერა] ძალიან განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი უნდა იყოს, თუ ახალ ალბომში შევა,” – აღნიშნა რეპერმა Apple Music-თან საუბრისას. როგორც არტისტმა თქვა, თუ სიმღერა ინტერნეტში არაოფიციალურად ხვდება, მისი ალბომში ჩასმა აღარ სურს, რადგან პროექტის ნაწილად ვეღარ ხედავს. „შესაძლოა, სცენაზე შევასრულო, თუმცა თუ ის ინტერნეტში მოხვდა, ესე იგი ის უკვე გამოვიდა,” – განმარტა A$AP Rocky-მ.
Don’t Be Dumb 30 აგვისტოს უნდა გამოცემულიყო, თუმცა თარიღი შეიცვალა და ალბომი შემოდგომაზე გამოვა. გამოცემის ზუსტი დრო ამ ეტაპზე არ დასახელებულა. Billboard-ის სექტემბრის ნომრის მთავარ ინტერვიუში რეპერმა ახალი ალბომის აღწერისას აღნიშნა, რომ გერმანული ექსპრესიონიზმის კვლევას აგრძელებს. მისი თქმით, „ის გერმანულ ექსპრესიონიზმს გეტოს ფუტურიზმთან აერთიანებს”.
ცოტა ხნის წინ A$AP Rocky-მ სინგლზე Highjack-ზე შექმნილი მუსიკალური ვიდეო გამოუშვა. ტრეკმა Billboard Hot 100-ის მუსიკალურ ჩარტში 89-ე ადგილი დაიკავა.