საერთაშორისო ფესტივალს „ღამის სერენადები“ 2024 წელს მისი დამაარსებლის, ლეგენდარული მევიოლინე ლიანა ისაკაძის სახელი მიენიჭა. ფესტივალი წელს უკვე მეთექვსმეტედ ტარდება.
15 სექტემბერს ფესტივალის ფარგლებში აუდიტორიის წინაშე იტალიელი პიანისტი ბეატრიჩე ვენეცი წარდგება. ის კონცერტს პიანისტ სანდრო ნებიერიძესთან და ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამართავს.
„ქალი დირიჟორი ევროპაში გასაკვირი აღარაა, თუმცა ქართველ მსმენელს არცთუ ისე ხშირად აქვს მათი ხილვის საშუალება. ჩვენმა მსმენელმა ბეატრიჩე შარშან უკვე გაიცნო და მათი დიდი სიყვარულიც დაიმსახურა,” – აღნიშნავს „ღამის სერენადების” დირექტორი ნინა ცაგარელი.
Billboard Georgia ბეატრიჩე ვენეცის კონცერტის წინ ესაუბრა. როგორც დირიჟორმა აღნიშნა, მისთვის დიდი პატივია ისეთ ღონისძიებაში მონაწილეობა, რომელიც ისეთი დიდი ფიგურის სახელს უკავშირდება, როგორიც ლიანა ისაკაძე იყო.
ბეატრიჩე ვენეცი:
„ეს ფესტივალი საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყნის მასშტაბით ტარდება და მასში მთელი მსოფლიოდან მოწვეული ხელოვანები მონაწილეობენ. ფესტივალი იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ის ლიანა ისაკაძის დიდებულ შემოქმედებას უკავშირდება. ჩემთვის დიდი პატივია აქ, ამ კონტექსტით ყოფნა – ფესტივალზე, რომელიც ისეთ დიდ ფიგურასთან ასოცირდება, როგორიც ლიანა ისაკაძე იყო.”
ბეატრიჩე ვენეცის და სანდრო ნებიერიძის კონცერტი სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართება. კონცერტის მხარდამჭერები არიან იტალიის, ბრაზილიისა და ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოები.