The Guardian-თან ინტერვიუში საუბრისას ჯენეტ ჯექსონი კამალა ჰრისს შეეხო და მის რასობრივ კუთვნილებაზე გარკვეული ეჭვები გამოთქვა. ინტერვიუში ჯექსონი თავის საკონცერტო ტურნეზე საუბრობდა. რეპორტიორის მხრიდან კამალა ჰარისის, როგორც შავკანიანი პოლიტიკოსი ქალის სტატუსით ხსენებისას, ჯენეტმა თქვა: „ის არ არის შავკანიანი – მე ასე გავიგე, რომ ის ინდოელია. მამამისი თეთრკანიანია, მე ასე მითხრეს. რამდენიმე დღეა, ახალ ამბებს არ გავცნობივარ, მაგრამ მითხრეს, რომ მამამისი თეთრკანიანია,” – აღნიშნა ჯენეტ ჯექსონმა.
ეს რეალურად სიმართლეს არ შეესაბამება და ჯექსონმაც არ დააკონკრეტა, თუ საიდან მიიღო მცდარი ინფორმაცია.
სინამდვილეში ჰარისის მამა შავკანიანია. ის ამერიკაში საცხოვრებლად იამაიკიდან გადავიდა. დედამისი კი შეერთებულ შტატებში ინდოეთიდან ჩავიდა. ორივე მათგანი კალიფორნიის უნივერსიტეტში სწავლობდა და ერთმანეთი 1962 წელს გაიცნეს.
ჯენეტ ჯექსონთან კამალა ჰარისზე საუბარი რეპორტიორის კითხვით დაიწყო. მან მომღერალს ჰკითხა, მისი აზრით, რამდენად არის შეერთებული შტატები მზად, რომ პირველი ფერადკანიანი ქალი პრეზიდენტი ჰყავდეს. „სიმართლე ვთქვა, არ მინდა, ამ კითხვას ვუპასუხო, რადგან ნამდვილად არ ვიცი,” – თქვა პასუხად ჯენეტ ჯექსონმა. მომღერლის ვარაუდით, ნებისმიერ შემთხვევაში ქაოსია მოსალოდნელი.
ჯენეტ ჯექსონის მიერ კამალა ჰარისის მისამართით ნათქვამი მოსაზრება სოციალურ მედიაში აქტიურად ვრცელდება. მომღერლის მსმენელები მათი საყვარელი არტისტის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების გამო იმედგაცრუებას გამოხატავენ. „გქონდა შანსი, შავკანიანი ქალისათვის სიამაყით და ხმამაღლა დაგეჭირა მხარი და ეს არ გააკეთე,” – მიმართავს ჯექსონს ერთ-ერთი მომხმარებელი სოციალურ ქსელში.
ინტერვიუს შემდეგ განვითარებული მოვლებების საპასუხოდ Buzzfeed-თან კომენტარი გააკეთა ჯექსონის წარმომადგენელმა. მისი თქმით, ჯენეტ ჯექსონის ეს კომენტარები არასწორ ინფორმაციაზე იყო დაფუძნებული. „ის დიდ პატივს სცემს კამალა ჰარისს და მის, როგორც შავკანიანი ინდოელი ქალის მიღწევებს,” – აღნიშნულია კომენტარში. როგორც ჯექსონის წარმომადგენელმა განმარტა, მომღერალი ბოდიშსაც უხდის საზოგადოებას.
ზაფხულში, შავკანიანი ჟურნალისტების ასოციაციის ღონისძიებაზე სტუმრად მიწვეულმა დონალდ ტრამპმა ჰარისის რასობრივ კუთვნილებაზე ისაუბრა: „არ ვიცოდი, რომ ის შავკანიანი იყო,” – აღნიშნა ტრამპმა. როგორც მან თქვა, წლების წინ კამალა შავკანიან პოლიტიკოსად წარდგა საზოგადოების წინაშე და ახლა ყველა მას ასე მოიხსენიებს. „არ ვიცი, ინდოელია თუ შავკანიანია?” – საჯაროდ იკითხა ტრამპმა.
10 სექტემბერს წინასაარჩევნო დებატებში. დონალდ ტრამპმა ასევე თქვა: „წამიკითხავს მასალა, სადაც ის შავკანიანად არ იყო მოხსენიებული და შემდეგ წავიკითხე, რომ ის შავკანიანია. ამას არა უშავს. ორივე შემთხვევა ჩემთვის მისაღებია, ეს მისი საქმეა.”
კამალა ჰარისმა ამ განცხადების პასუხად თქვა: „ვფიქრობ, ტრაგედიაა ის ფაქტი, რომ გვყავს კანდიდატი, რომელიც თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში რასობრივ საკითხს ამერიკელი ხალხის დასაყოფად იყენებს.”
რაც შეეხება ჯენეტ ჯექსონს, როგორც The Guardian-ის ჟურნალისტმა აღნიშნა, ინტერვიუს დროს მომღერალი თავს კარგად არ გრძნობდა.