კადრში და კადრს მიღმა მსახიობ ვიკა კალანდიას შემოქმედებითი გზა

“ყოველთვის მინდოდა, მსახიობი ვყოფილიყავი, არც მიფიქრია სხვა პროფესიაზე, ცხოვრების განმავლობაში ბევრ სხვადასხვა სფეროში მომიწია მუშაობა, თუმცა მე მსახიობი ვარ და სხვა არაფერი მინდა.”
ვიკა კალანდია - მსახიობი ფოტო: გიო მაჭავარიანი
ვიკა კალანდია – მსახიობი
ფოტო: გიო მაჭავარიანი

სცენარიდან ეკრანამდე ერთი დიდი შემოქმედებითი გზა გადის, რომელსაც მთელი რიგი სხვადასხვა საფეხური ახლავს. ერთგვარად ეს შემოქმედებით გზა ცხოვრებისეულ გზას ძალიან ჰგავს, სადაც მრავალი დაბრკოლების გადალახვა გიწევს და საბოლოოდ იღებ იმ შედეგს, რისთვისაც შრომობდი. კინოსა და თეატრშიც ზუსტად ასეა, სანამ საბოლოოდ მაყურებლის წინაშე წარდგები, წინ დიდი გზა გაქვს გასავლელი. ვიკა კალანდია თეატრის და კინოს მსახიობია, რომელმაც წამყვანის ამპლუაშიც მოსინჯა თავი, თუმცა მისი თქმით პროფესია მსახიობი მისთვის უპირველესია და სხვა სფეროზე სერიოზულად არც უფიქრია.

ბილბორდ საქართველომ  მსახიობ და ტელეწამყვან ვიკა კალანდიასთან, რომელიც ცოტა ხნის წინ ამერიკაში, ნიუ-იორკის კინოსკოლაში სასწავლებლად გაემგზავრა, ინტერვიუ ჩაწერა.

 ვიკა კალანდია – მსახიობი
ფოტო: გიო მაჭავარიანი

ვიკა კალანდია –  მსახიობი

სამსახიობო კარიერა და პირველი როლი:

“ყოველთვის მინდოდა, მსახიობი ვყოფილიყავი, არც მიფიქრია სხვა პროფესიაზე, ცხოვრების განმავლობაში ბევრ სხვადასხვა სფეროში მომიწია მუშაობა, თუმცა მე მსახიობი ვარ და სხვა არაფერი მინდა. მე ეს პროფესია ავირჩიე, რომელიც  ძალიან რთული, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის.”            

ვიკა კალანდიამ თეატრალური უნივერსიტეტი დაამთავრა და ცხადია, მისი პირველი როლიც უნივერსიტეტს უკავშრდება:

“ჩემი პირველი როლი, რა თქმა უნდა, თეატრალურ უნივერსიტეტში მქონდა. გამიმართლა და პირველი ეს „ჟანა დარკი” იყო. შეუპოვარი, გაბედული, უზომოდ სხარტი და მებრძოლი ქალის პერსონაჟი. ამ როლზე მუშაობა კარგად მახსოვს, ყველაფერი პირველი ხომ მძაფრად იბეჭდება ჩვენს გონებაში, რამაც შესაძლოა მომავალში ცხოვრებისეულადაც დიდი გავლენა მოახდინოს, რადგან შენი კარიერა ერთგვარად შენი ცხოვრებაცაა.” 

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა მსახიობი ვიკა კალანდია ეკრანებიდან გაიცნო, იგი დიდი ხანია სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობია, სადაც არაერთი გამორჩეული როლი აქვს შესრულებული, მათ შორის ისეთ სპექტაკლებში როგორიცაა „ნეაპოლი –  მილიონერთა ქალაქი,”  „ნაბუშვრები,“ „მთვარის მოტაცება“ და სხვა.

„სოხუმის თეატრში დავით საყვარელიძის მოსვლის შემდეგ, ჩვენს თეატრს თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნა, თითქოს თავიდან დაიბადა,  უფრო ძლიერი გახდა და, რაც მთავარია, ბევრად უფრო მეტმა მაყურებელმა შეიყვარა „სოხუმის თეატრი” …  საინტერესო და სასიამოვნო  ქარიშხალი დაატრიალა  „სუყომ” ჩვენს თეატრში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. “

ვიკა კალანდია საზოგადოების დიდმა ნაწილმა ცნობილი სერიალდან „ჩემი ცოლის დაქალებიდი” გაიცნო, სადაც იგი პერსონაჟ თიკას როლს ასრულებს. სახასიათო, ექსცენტრული პერსონაჟის როლი ვიკამ კარგად მოირგო და მაყურებელიც დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს. ბილბორდ საქართველოს დააინტერესა,  თუ როგორ მუსიკას შეიძლება უსმენდეს ისეთი პერსონაჟი, როგორიც თიკაა. 

სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები” ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მოგონებაა … ძალიან მიყვარს „თიკა,” თუმცა იმდენად განსხვავებულები ვართ ერთმანეთისგან, რომ საერთოდ არაფერი არ გვაქვს საერთო. ამიტომ, ძალიან გამიჭირდება თიკას ფლეილისტი დავადგინო. კარგად ვიცნობ, მაგრამ მაინც ალბათ თიკა მოუსმენდა ყველაფერს, რაც მისი ცხოვრების დასამახსოვრებელ მომენტებს გაახსენებდა.  „თიკას” და „ცოტნეს”  ძალიან უყვარდათ,  „გვიანი სერენადა” (ჯგუფი ყველა), ეს სიმღერა აუცილებლად იქნებოდა თიკას ფლეილისთში.

გამორჩეული როლი თუ პერსონაჟი, ვიკა კალანდიას თქმით, შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში ბევრი იყო, თუმცა, თვლის, რომ მთავარი როლები წინ აქვს:

„ვთვლი, რომ მთავარი გამოწვევები წინ მაქვს, ასე მგონია და ამ ყველაფერს ძალიან ველოდები.”                                   

მიუხედავად ვიკას ცნობადობისა, ბევრმა არ იცის ვიკას მუსიკალური მხარე. განსაკუთრებული ემოციით იგი პიანისტ გიორგი გიგაშვილთან ერთად შესრულებულ დუეტს იხსენებს.

„თეატრის გარეთ არასდროს, არსად მიმღერია … მხოლოდ ჩემი პერსონაჟი თუ წაიღიღინებდა რამეს…  და ეს იყო ერთადერთი შემთხვევა , როცა საჯაროდ, ჩემი მეგობრების საახალწლო გადაცემისთვის, ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ მუსიკოსთან, გიორგი გიგაშვილთან ერთად დუეტი შევასრულე.  ვითამაშე „მომღერალი.”  მომღერალივით ვიტყვი, რომ ეს ჩემი ტონალობა არ იყო, მაგრამ ძალიან ვეცადე მომერგო, ვინერვიულე კიდეც, მაგრამ მთავარია რომ ძალიან კარგად მახსენდება და, არც მეტი არც ნაკლები, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ  “გიგაშასთან” ერთად ნამღერი მაქვს.”

 ვიკა კალანდია – მსახიობი
ფოტო: გიო მაჭავარიანი

სექტემბრის დასაწყისში მსახიობის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ვიკამ ნიუ-იორკის კინოსკოლაში ჩააბარა და ამერიკაში გაემგზავრა.

„უზომოდ გამიმართლა, ჩემთვის საოცნებო Terry Knickerbocker Studio-ში მოვხვდი და დღე-დღეზე დავიწყებ სწავლას. რა თქმა უნდა, მიზნის გარეშე არაფერი გამოდის, ამიტომ დიადი მიზნები მაქვს, სუპერ ძალას ვგრძნობ და შევეცდები, რომ სისრულეში მოვიყვანო ის, რაც ჩავიფიქრე. ვნახოთ, რა გამოვა. მე მჯერა, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება”, – ამბობს ვიკა ბილბორდ საქართველოსთან საუბრის დასასრულს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გერმანიის ბიბლიოთეკაში მოცარტის აქამდე უცნობი ნაწარმოები აღმოაჩინეს

შემდეგი სტატია

ჯენეტ ჯექსონის თქმით, კამალა ჰარისი „შავკანიანი არ არის”

შეიძლება დაგაინტერესოთ