სელენა გომესი მუსიკის პროდიუსერ ბენი ბლანკოზე დაინიშნა

„მარადიულობა ახლა იწყება” – წერს სელენა გომესი სოციალურ ქსელში
სელენა გომესი და ბენი ბლანკო Nya Studios-ში 2024 წლის 24 ოქტომბერს, ლოს-ანჯელესში, კალიფორნია.
სელენა გომესი და ბენი ბლანკო Nya Studios-ში 2024 წლის 24 ოქტომბერს, ლოს-ანჯელესში, კალიფორნია.

სელენა გომესი და ბენი ბლანკო ოფიციალურად დაინიშნენ. ეს სიახლე 11 დეკემბერს მომღერალმა და მსახიობმა ინსტაგრამზე ფოტოსერიის სახით გააზიარა, წარწერით „მარადიულობა ახლა იწყება…“

სელენას ინსტაგრამ პოსტზე მალევე გამოჩნდა მილოცვები ცნობილი არტისტებისგან, მათ შორის იყვნენ  Cardi B, Lil Nas X და ჯულია მაიკლსი.

წყვილი ერთმანეთს 2023 წლიდან ხვდება, თუმცა მათი პროფესიული ურთიერთობა ბევრად ადრე დაიწყო. სელენა გომესმა და ბენი ბლანკომ პირველად 2019 წელს, სიმღერა I Can’t Get Enough-ზე ითანამშრომლეს. მოგვიანებით, 2023 წელს, მათ კიდევ ერთ პროექტზე, სელენა გომესის სინგლზე Single Soon იმუშავეს. მათი მუსიკალური პარტნიორობა თანდათან პირად ურთიერთობაში გადაიზარდა.

მაისში The Howard Stern Show-ში ბენი ბლანკომ სელენა გომესთან პირად ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა მისი მრავალმხრივი ნიჭიერება. „როცა მას ვუყურებ… ყოველთვის ვფიქრობ, არ ვიცი, როგორ შეიძლება სამყარო ამაზე უკეთესი იყოს.“ – განაცხადა ბენი ბლანკომ შოუში.

სელენა გომესმა კი ჟურნალ TIME-თან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა: „ხუთი წელი მარტო ვიყავი და ამას ძალიან შევეჩვიე. ვიცი, რომ ბევრ ადამიანს მარტოობის ეშინია. დაახლოებით ორი წელი ვიტანჯებოდი, შემდეგ კი დავსახე გეგმა, რომ, თუ 35 წლამდე არავის შევხვდებოდი, ბავშვს ვიშვილებდი. ეს უბრალოდ მაშინ ხდება, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელოდები.“ – დაამატა სელენა გომესმა.

ბენი ბლანკო წარმატებული პროდიუსერია, რომელმაც 15-ჯერ მოიპოვა ბილბორდ 100-ში პირველი ადგილი. იგი ინდუსტრიის მრავალ გიგანტთან მუშაობდა, მათ შორის არიან: რიანა, კეტი პერი, ჯასტინ ბიბერი. მისი კარიერა პოპ მუსიკის ყველაზე გამორჩეული ჰიტების თანაავტორობასა და პროდიუსერობას მოიცავს.

სელენა გომესი კი გლობალური სუპერვარსკვლავის სტატუსს თავისი მიღწევებით ამტკიცებს. იგი ბილბორდ 200-ში სამი ალბომით – Rare, Revival და Stars Dance არის წარდგენილი. ბოლო ათწლეულის განმავლობაში კი ჩარტების ლიდერი სინგლების სერიით არის გამორჩეული.

სელენა გომესმა არა მხოლოდ მუსიკალური ჰიტებით გაითქვა სახელი, არამედ სამსახიობო ნამუშევრებითაც, როგორიცაა  ცნობილი სერიალი Only Murders in the Building. იგი ასევე  კომპანია Rare Beauty-ს დამფუძნებელია.  

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Tyler, The Creator-მა პოდკასტის წამყვანები გააკრიტიკა

შემდეგი სტატია

ქეთი მელუა საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება