Creams (ნათია ჭიჭინაძე) ახალგაზრდა არტისტი და პროდიუსერია, რომელსაც ქართველი მსმენელი კარგად იცნობს. აუდიტორიის ძირითადმა ნაწილმა ის გაიცნო 2019 წლის სინგლით – Die For You. 2020 წლიდან Creams კომპანია Sony Music Group-ის მუსიკალურ ლეიბლთან, AWAL Records-თან თანამშრომლობს.
2024 წლის ზაფხულში არტისტი ნიუ-იორკში გადავიდა. როგორც თავად ამბობს, 2025 წელი მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდია, რადგან ამ წელს მისი სადებიუტო LP გამოვა. მუსიკოსმა ალბომი ჯერ კიდევ 2023 წელს დააანონსა, თუმცა, მისი გამოცემა მოსალოდნელზე დიდი ხნით გადაიდო. Creams-ის თქმით, გეგმავს, რომ ყოველ თვეს ერთი ახალი ტრეკი გამოუშვას და საბოლოოდ, 2025 წლის შემოდგომაზე, სრული ალბომი წარადგინოს.
Creams:
„იშვიათად ხდება, რომ ჩემი ნამუშევრები თავიდანვე მომეწონოს. რელიზამდე დეტალებს ყოველთვის ვცვლი, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა კმაყოფილი ვარ და ალბომი ზუსტად ისეთი მომწონს, როგორიც არის. ამ ეტაპზე, ჩემი მთავარი მიზანი და ფოკუსი სწორედ მის გამოშვებაზეა. გარდა იმისა, რომ ეს ჩემი პირველი ალბომია, მასში უფრო მეტი ტრეკია, ვიდრე აქამდე გამომიშვია, რაც დამატებითი პასუხისმგებლობაა.”
ცოტა ხნის წინ, Creams-მა ქართველ არტისტ Aghine-თან ერთად კოლაბორაციული EP გამოუშვა. “მუსიკალური პროცესის დროს ერთმანეთს ძალიან გავუგეთ, საერთო ხედვები გვქონდა და კოლაბორაციაც ბუნებრივად წარიმართა,” – აღნიშნავს არტისტი.
ნიუ-იორკში გადასვლის შემდეგ Creams აქტიურად ცდილობს, ადგილობრივ მუსიკალურ სცენას დაუკავშირდეს. ამ დრომდე, უკვე რამდენიმეჯერ გამართა ლაივ-პერფორმანსი და პერიოდულად DJ სეტებსაც უკრავს.
Creams:
„ვცდილობ, რომ ჩემი საქმიანობა მუსიკალურ წრეებს დავუკავშირო. აქ გარემო ძალიან მრავალფეროვანია, შესაბამისად, მუსიკალური ბაზარიც დიდია. ნიუ-იორკი განსხვავებული სუბკულტურებითა და მიკროსამყაროებითაა სავსე. სადაც არ უნდა აღმოჩნდე, შენი ხედვა მუდმივად ფართოვდება. ეს ინსპირაციაზეც აისახება. ამ ქალაქის დინამიკური მუსიკალური სცენა გაძლევს შესაძლებლობას, რომ სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდე და როგორც არტისტს, ახალი შესაძლებლობები მოულოდნელად გაგეხსნას.”
ჟურნალ Billboard Georgia-სთან საუბრისას, Creams საქართველოში მიმდინარე მოვლენებსაც შეეხო:
„ქვეყანაში არსებული მდგომარეობა ხელოვნებას დიდ ზიანს აყენებს. არტისტებისთვის, მუსიკოსებისთვის უმნიშვნელოვანესია საკუთარი შემოქმედების გაზიარება – ლაივების ჩატარება, ახალი ნამუშევრების გამოცემა. პროტესტის ფონზე ინდუსტრია პარალიზებულია და ამ ეტაპზე, შესაბამისი სივრცე აღარ რჩება. ამავდროულად, შეუძლებელია, ხელოვანმა ამ ყველაფერზე თვალი დახუჭოს – ის თავადაც საპროტესტო მოძრაობის ნაწილი ხდება.”
მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსი ახლა მთლიანად სადებიუტო ალბომზეა კონცენტრირებული, ახალ მუსიკაზეც აქტიურად მუშაობს.
„ჩემთვის მუსიკის შექმნა უწყვეტი პროცესია. ამჟამად, იმდენი ახალი მასალა მაქვს, რომ კიდევ ერთი ალბომის გამოსაშვებად საკმარისია. თუმცა, დღეისთვის, მთავარი მიზანი, როგორც უკვე ვახსენე, ჩაწერილი ალბომის გამოშვებაა. რაც შეეხება ახალ ნამუშევრებს, მათ რელიზთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ლეიბლთან ერთად უნდა მივიღო,” – აღნიშნავს არტისტი.