ჯეიდენ სმიტის თქმით, მას ლოს-ანჯელესის უსახლკარო მოსახლეობის საკვებით დახმარება და მსოფლიო საქველმოქმედო ქსელის შექმნა სურს

„გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემი ცხოვრების ოცნებაა, Skid Row-ზე მქონდეს შენობა, სადაც ყოველდღიურად უფასო საკვებს დავარიგებ: საუზმეს, სადილსა და ვახშამს,” – აღნიშნა სმიტმა.
ჯეიდენ სმიტი
SWAN GALLET/WWD

ჯეიდენ სმიტი გრემის ნომინანტი მომღერალი, რეპერი, მსახიობი და მოდელია. ის ასევე არის მოდის სახლ Christian Louboutin-ის მამაკაცების ხაზის პირველი კრეატიული დირექტორი. თუმცა უილ სმიტისა და ჯადა პინკეტ სმიტის 27 წლის ვაჟს სამომავლოდ სხვა მიზნები აქვს – მას უნდა, რომ სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს. TikTok-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში თქვა, რომ სურს, თავისი ბრენდი I LOVE YOU ლოს-ანჯელესის უსახლკარო მოსახლეობის დასახმარებლად გამოიყენოს.

„გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემი ცხოვრების ოცნებაა, Skid Row-ზე მქონდეს შენობა, სადაც ყოველდღიურად უფასო საკვებს დავარიგებ: საუზმეს, სადილსა და ვახშამს. იქ სხვა რაღაცების გაკეთებაც შემეძლება – სამუშაო ადგილების შექმნა და პოზიტიური გარემოს ჩამოყალიბება. ეს ჩემი ნამდვილი ოცნება და გრძელვადიანი მიზანია,“ – აღნიშნა მან.

სმიტმა გულშემატკივრებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მან აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის მის ბრენდს არც ფიზიკური მაღაზია აქვს და არც საქველმოქმედო საქმიანობისთვის განკუთვნილი მუდმივი ადგილი, თუმცა იმედოვნებს, რომ მომავალში ეს აუცილებლად ექნება.

ჯეიდენმა 2019 წელს ვეგანური კვების ობიექტი, მოძრავი რესტორანი I Love You Restaurant შექმნა, რომელიც Skid Row-ზე მცხოვრებ 4 000-მდე უსახლკარო ადამიანს ჯანსაღი საკვებით ამარაგებს. არასამთავრობო ორგანიზაციის ვებგვერდის თანახმად, მათი მიზანია, ჰქონდეთ სათაო ოფისი, სადაც დღეში სამჯერ უფასო კერძებს გასცემენ, მოგვიანებით კი ეს საქმიანობა აშშ-ის სხვა ქალაქებსა და მთელ მსოფლიოში გაცრცელდება.

ამჟამად საიტზე იყიდება შავი მაისურები და ჰუდები ბრენდის სახელით. მაისურის უკანა მხარეს არის წარწერა, რომელიც ასე ითარგმნება: „არა მოხალისე, არამედ უბრალოდ ადამიანი, რომელიც ცდილობს, იყოს ის ცვლილება, რომლის ნახვაც თავად სურს სამყაროში“. გაყიდვებიდან მიღებული მთელი მოგება სრულად ხმარდება მობილური რესტორნისთვის საკვების მარაგების შევსებას.

გამოცემა Hypebeast-თან ინტერვიუში სმიტმა აღნიშნა, რომ I LOVE YOU იღებს შემოწირულობას „დიდი კორპორაციებისგან, რომლებსაც პროექტში ჩართვა სურთ“. მისი თქმით, ბრენდირებული ტანსაცმლის გამოშვება არის გზა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ადგილზე მოხალისეობის შესაძლებლობა, თუმცა სურთ გარკვეული მხარდაჭერის გამოხატვა. „ეს უფრო სულიერი მისიაა. ვფიქრობ, მოდაც სწორედ ამას ემსახურება – შორიდანვე მიანიშნებს იმაზე, თუ როგორი ადამიანი ხარ შენ,” – თქვა ჯეიდენ სმიტმა.

მსახიობმა ასევე დაამატა, რომ Skid Row-ს მოსახლეობაზე ზრუნვის იდეა ჯერ კიდევ მისი პირველი ფილმის – The Pursuit of Happyness-ის გადაღებისას გაუჩნდა. ფილმში, სადაც ის მამასთან ერთად მონაწილეობდა, მასობრივ სცენებში ნამდვილი უსახლკარო ადამიანები იყვნენ გადაღებული. „ამან ჩემს გონებაში Skid Row-ს რეალობა სამუდამოდ აღბეჭდა,” – განმარტა მან.

ჯეიდენის თქმით, მისი დიდი მიზანია, ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში I LOVE YOU-ს გალა-საღამოები გამართოს და შექმნას არასამთავრობო ორგანიზაციების მთელი ქსელი. „უბრალოდ მინდა შევქმნა სამყარო, სადაც ადამიანებს შეეძლებათ, ერთად შეცვალონ მსოფლიო,”  – აღნიშნა სმიტმა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Behind the Door

ნოდარ მარშანიშვილის ფილმმა Behind The Door ბერლინის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის მთავარი ჯილდო მოიპოვა

შემდეგი სტატია

ბრუს სპრინგსტინი, 2025 წლის 28 სექტემბერი, ნიუ იორკი JOHN NACION/VARIETY

თეთრი სახლი ბრიუს სპრინგსტინს „ხელმოცარულად“ და „ტრამპით შეპყრობილად“ მოიხსენიებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ცნობილი ამერიკელი არტისტი Oliver Tree 32 წლის ასაკში გარდაიცვალა

არტისტმა ცოტა ხნის წინ მუსიკალური ვიდეო გამოუშვა, რომელიც საქართველოში, დიდგორის ბრძოლის მონუმენტის ფონზეა გადაღებული.
მეტი

„არავინ არ ჩანს“ – კინოთეატრ „ამირანში“ კოტე კალანდაძის დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართება

სიუჟეტი მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცის, აჩიკოს შესახებ, რომელიც უკვე ათი წელია, რაც სახელმწიფო ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში მონაწილეობს.
მეტი

თამაშისთვის დაბადებული: მსოფლიო ჩემპიონატის წინ ერნია და სანტიაგო ხიმენესი ერთმანეთს ხვდებიან

იტალიელი რეპერი და მექსიკელი თავდამსხმელი, რომელიც AC მილანში თამაშობს, საუბრობენ ფეხბურთზე, მუსიკაზე, ცხოვრებასა და დაბრკოლებებზე - 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე, რომელსაც სანტიაგო სამშობლოში თამაშობს.
მეტი

ზეკა პაგოდინიო, რომარიო და ბებეტო: სამი ლეგენდა მუსიკაზე, ფეხბურთზე, ბრაზილიასა და წვეულებებზე საუბრობს

Billboard ბრაზილიამ ცნობილი ავტორ-შემსრულებელი და ლეგენდარული ფეხბურთელები ერთმანეთს შეახვედრა.
მეტი

მსოფლიოს უდიდესი სპორტული მოვლენის მუსიკალური მეხსიერება – ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის სიმღერები

მუსიკალური მომენტები, რომლებიც არანაკლებ დასამახსოვრებელი გახდა, ვიდრე საფეხბურთო მატჩები.
მეტი

უსმან დემბელე და Ninho თავიანთ დიდ გამარჯვებებზე, დამარცხებებსა და შთაგონების წყაროზე საუბრობენ

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, ორი ვარსკვლავი, რომლებიც საფრანგეთის ღარიბი უბნებიდან მოდიან, საკუთარ გზას იხსენებს.
მეტი