ახლახან ქართულ ინტერნეტსივრცეში ახალი მუსიკალური პლატფორმა გამოჩნდა – იუთუბპროექტი, სახელწოდებით „ერთი არხი”. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ანონსების შემდეგ, პროექტმა სტარტი 7 მაისს აიღო. იდეის ავტორი და მთავარი პროდიუსერი მუსიკოსი მებო ნუცუბიძეა, ხოლო არხის შემოქმედებითი ხელმძღვანელი და მთავარი რეჟისორი – ლევან ბაბუციძე. მათი თქმით, „ერთი არხი” პირველი ქართული მუსიკალური იუთუბარხია, რომელიც ქართული მუსიკის, მუსიკოსებისა და თანამედროვე სცენის პოპულარიზებას ემსახურება.
პროექტი ხუთ განსხვავებულ კონტენტს აერთიანებს, ესენია: „ერთი დღე” – ინტერვიუ მუსიკოსებთან, რომელსაც თავად მებო ნუცუბიძე გაუძღვება; „ერთი გასეირნება”, რომლის ფარგლებშიც მაკო მჭედლიშვილი მუსიკოსებთან ერთად მანქანით მათთვის საყვარელ ადგილებში მოგზაურობს; „ერთი ვერსია” – ცნობილი ქართული სიმღერების ახალი ვერსიები; „ერთი აღმოჩენა”, რომელიც მსმენელს ახალ არტისტებს გააცნობს; და „ერთი კონცერტი”.
გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში მოეწყობა დახურული ღონისძიებები, რომლებზე დასწრებაც არხის გამომწერებს, არტისტების მეგობრებსა და ერთგულ მსმენელებს შეეძლებათ.
არხზე ახალი კონტენტი ყოველ ხუთშაბათს გამოვა. პირველი ვიდეო 7 მაისს გამოქვეყნდა – „ერთი აღმოჩენა”, რომლის ფარგლებშიც მსმენელმა მუსიკოსი დელგმა გაიცნო. 14 მაისს კი „ერთი დღის” დებიუტი შედგა, სადაც მებო ქუთაისურ პოსტ-პანკ ჯგუფს, SKAZZ-ს ესტუმრა.