2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ფეხბურთის გარდა, ვარსკვლავური მუსიკალური შოუთიც იქნება გამორჩეული. 14 ივლისს FIFA-მ დახურვის ცერემონიის მონაწილეთა სია გაამჟღავნა, რომელშიც არაერთი გლობალური მასშტაბის ვარსკვლავი ფიგურირებს.
მათ შორისაა ჯენიფერ ჰადსონი, რომელიც ერთ-ერთია იმ იშვიათ 22 არტისტთაგან, ვისაც პრესტიჟული EGOT-ის (ემი, გრემი, ოსკარი, ტონი) ჯილდო აქვს მიღებული.
FIFA-ს ინფორმაციით, ჰადსონი 19 ივლისს, ნიუ-ჯერსის შტატში, East Rutherford-ის MetLife -ის სტაადიონზე, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დაწყებამდე, აშშ-ის სახელმწიფო ჰიმნის, The Star-Spangled Banner-ის სპეციალურ ვერსიას შეასრულებს.
მატჩისწინა ცერემონიაზე, რომელიც, FIFA-ს განცხადებით, საფეხბურთო ტურნირში მონაწილე „48 გუნდის დაუვიწყარ მოგზაურობას მიეძღვნება“, მაყურებლის წინაშე წარდგებიან მომღერლები: ნიკოლ შერზინგერი, ლაურა პაუზინი, რობი უილიამსი და პოპულარული არტისტი IShowSpeed. გარდა ამისა, ღონისძიებაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით სუპერვარსკვლავი ტომ კრუზიც გამოჩნდება.
„მადლობელი ვარ, რომ ამ დაუვიწყარ დღესასწაულში ვიღებ მონაწილეობას. ჩემთვის ეს დიდი პატივია! მალე შევხვდებით. #FIFAWorldCup“ – დაწერა ნიკოლ შერზინგერმა ინსტაგრამ სთორიში სიახლის გამოცხადების შემდეგ.
იტალიელმა მომღერალმა ლაურა პაუზინიმ, რომელმაც რობი უილიამსთან ერთად FIFA-ს 2025 წლის ოფიციალური ჰიმნი Desire ჩაწერა, ასევე გააზიარა თავისი ემოციები დახურვის ცერემონიაში მონაწილეობის შესახებ:
„ვამაყობ, რომ ამ გლობალური დღესასწაულის ნაწილი იტალიური ხმაც იქნება, რობისა და ნიკოლის გვერდით. მოუთმენლად ველი ამ განსაკუთრებული მომენტის გაზიარებას ფეხბურთის გულშემატკივრებთან ერთად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.”
2026 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ჰაიმო შირგიმ დახურვის შოუსთან დაკავშირებით განაცხადა:
„გახსნის ცერემონიების მსგავსად, რომლებმაც მსოფლიო კანადის, მექსიკისა და აშშ-ის უდიდეს სცენაზე გააერთიანა, დახურვის ცერემონიაც მუსიკის, კულტურისა და ფეხბურთის მეშვეობით 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ღირსეულად დაასრულებს. ეს ყველაფერი კი იმ დაძაბული მატჩის დაწყებამდე მოხდება, რომელიც ამ ისტორიული ტურნირის ჩემპიონს გამოავლენს“.
თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის მუსიკალური ნაწილი მხოლოდ დახურვის ცერემონიით არ შემოიფარგლება. როგორც ადრე გამოცხადდა, ფინალური მატჩის შესვენების დროს, შოუს მთავარი შემსრულებლები იქნებიან: BTS, ჯასტინ ბიბერი, მადონა და შაკირა, ხოლო მუსიკალურ კონცეფციას Coldplay-ის ფრონტმენი კრის მარტინი წარუძღვება.
104 მატჩიანი მსოფლიო ჩემპიონატის დასასრულს ტიტულისთვის ოთხი ნაკრები იბრძოლებს: არგენტინა, ინგლისი, საფრანგეთი და ესპანეთი. ამ უკანასკნელი ორი ქვეყნის ნაკრები ერთმანეთს 14 ივლისს არლინგტონში, Dallas Stadium-ზე დაუპირისპირდა, ხოლო 15 ივლისს – ინგლისი და არგენტინა ერთმანეთს ატლანტას სტადიონზე შეხვდებიან.
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა 18 ივლისს, ფლორიდაში, Miami Stadium-ზე გაიმართება. ხოლო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, სადაც 14 და 15 ივლისის მატჩების გამარჯვებულები ითამაშებენ, 19 ივლისს ნიუ-ჯერსის MetLife-ის სტადიონზე შედგება.