ნანი – ლეგენდის მიღმა

„იცით, როგორ მინდა, ჩემი თავი სხვისი თვალით დავინახო?”

„სახლში, კოტე მესხის ქუჩაზე, ოვალური მაგიდა გვედგა. თავში იჯდა ბაბუაჩემი, გვერდებში ჩემი დეიდები, მამიდები და ჩემი მუსიკის მასწავლებელი და მსჯელობდნენ: გავუშვათ თუ არა ბავშვი სცენაზე… იცით, როგორ მახსოვს ეს მომენტი? დიდი წინააღმდეგობა მქონდა, მაგრამ დედაჩემი ძალიან ძლიერი ქალი იყო, ყოველთვის წინ იყურებოდა და თქვა: არავითარ შემთხვევაში – ბავშვმა იმღეროს.”

ასე აღმოჩნდა ნანი ბრეგვაძე საერთაშორისო ახალგაზრდულ ფესტივალზე და ისტორიაც ასე იწყება. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა ბავშვობიდან მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო, სწორედ იმ დღეს გადაწყდა, რომ ნანი სცენაზე იმღერებდა. თუმცა მაშინ არც დეიდებს, არც დედას და, პირველ რიგში, არც თავად წარმოედგინა, რომ ოვალურ მაგიდასთან მიღებული ოჯახური გადაწყვეტილება მთელ მის ცხოვრებას შეცვლიდა და იმ ლეგენდის დასაწყისი გახდებოდა, რომელსაც დღეს უბრალოდ ნანი ჰქვია. 

იმ დღის შემდეგ 70 წელი გავიდა, თუმცა თავს მომღერლად კიდევ დიდხანს არ მიიჩნევდა – მაშინაც კი, როცა მისი ხმა არაერთი ქვეყნის უდიდეს სცენებზე ოვაციების ფონზე ჟღერდა. „როდის ვთქვი, რომ უკვე მომღერალი ვარ? 50 წლის რომ გავხდი. აი, მაშინ ვთქვი, რომ მე ნორმალურად ვმღერი,” – ამბობს მომღერალი, რომელმაც ეპოქა შექმნა, მაგრამ საკუთარ თავზე დღემდე მორიდებით საუბრობს. 

„ბავშვობიდან ვმღეროდი, რადგან სულ მუსიკა მესმოდა. შეიძლება გესმოდეს მუსიკა, მაგრამ არ იმღერო, არც სმენა გქონდეს, თუმცა მე ღმერთმა მაჩუქა ეს სიმდიდრე. აი, რით ვარ მდიდარი – ჩემი ხმით. ჩემს სახლში ყველა მღეროდა და ეს ბაბუაჩემისგან მოდის – მიქელაძეებისგან. ევგენი მიქელაძე ჩვენი ძალიან ახლობელი იყო. ექვსი დეიდა მყავდა და ყველა მღეროდა. ერთ-ერთი, ქეთევან მიქელაძე კი, პროფესიონალი მომღერალი იყო. რომ დასხდებოდნენ ხოლმე ერთად, ღმერთო, როგორ მღეროდნენ! რა სილამაზე ჰქონდა ამ სიმღერას, როგორი სითბო… ამ გარემოში გავიზარდე და მეც ბუნებრივად სულ ვმღეროდი, თუმცა არასდროს მიფიქრია, რომ სცენაზე გავიდოდი. ძალიან მორცხვი ვიყავი და ეს სიმორცხვე დღემდე შემომრჩა, სხვათა შორის. იმ ფესტივალიდანაც რომ ჩამოვედი გამარჯვებული, მაშინაც არ მიფიქრია, რომ მომღერალი ვიქნებოდი. მე ისედაც სულ ვმღეროდი და სცენაზე გამოსვლა დიდად არ მაინტერესებდა. კონსერვატორიაში ვსწავლობდი ფორტეპიანოს განხრით. 

მერე „რეროში” წავედი და მაშინაც ვფიქრობდი, რომ ეს დროებითი იყო. 5 წელი ვიმღერე იქ, მაგრამ იმ დროს მე ჯერ კიდევ არ ვარ მომღერალი, ჩემს თავში არ ვარ. ყველაფერი თითქოს თავისთავად მოხდა და როცა უკვე დამსახურებული არტისტის წოდება მომანიჭეს, ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა – არ ვარ მე მომღერალი და რატომ-მეთქი, ვფიქრობდი. აი, სადღაც 50 წლის ასაკში ვთქვი, რომ მე ნორმალურად ვმღერი, რადგან მანამდე რასაც ვმღეროდი, ეს არ იყო სწორად ნამღერი. იქ სუნთქვა არასწორად ამომდიოდა, პაუზებს ვაკეთებდი, ან ძალიან მოვეფერებოდი… საქართველოში რომ მხვდებოდნენ და უკვე ძალიან მაფასებდნენ, მრცხვენოდა. ვფიქრობდი: მე ხომ ისე არ ვმღერი, ასეთ რაღაცებს რომ მეუბნებიან…

ერთი დისკი მაქვს ჩაწერილი ვატო კახიძის ხელმძღვანელობით. აი, იქ, პირველად ვამბობ და შემიძლია ნამდვილად ვთქვა, რომ კარგად ვმღერი. დანარჩენები –  მანამდე რაც ჩამიწერია და მერეც – ისინი არ მომწონს. ის დისკი იყო პირველი, რომელიც მომეწონა და ვთქვი, რომ მომღერალი ვარ.”

მომნუსხველი პიროვნული ხიბლი, გამორჩეული ხმა და შესრულება, დახვეწილი სტილი, ბუნებრივობა და მის მიერ შექმნილი 70-წლიანი ისტორია – ამ ყველაფერმა ერთი სახელის ქვეშ მოიყარა თავი, რომელიც დროის სვლის მიუხედავად, უცვლელად რჩება ქართული მუსიკალური სცენის სიმბოლოდ – ნანი. თუმცა კითხვაზე, მისთვის რა დგას ამ სახელის უკან, თავად ერთი სიტყვით გვპასუხობს: „მორიდება.”

„იცით, ძალიან უხერხულად ვარ. ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ – უხერხული. არ ვარ მე „ნანი”. არა, ნანი კი ვარ, მაგრამ არ ვარ იმ დონეზე ასული, რომ მხოლოდ სახელით მომიხნსენიონ. სხვათა შორის, ქალბატონოთი რომ მომმართავენ, ისიც კი არ მიყვარს – პირდაპირ ნანი, ასე უფრო თავისუფალი ვარ. მე არ მინდა ვიგრძნო, რომ რაღაცნაირად არიან ჩემ მიმართ – განსხვავებულად. ჩვენ ყველანი ჩვეულებრივები ვართ. ღმერთმა ყველას გვაჩუქა ის, რაც გვაჩუქა. მიიღე შენ ეს და იყავი ადამიანი. გადარევა არაფერზე არ შეიძლება.

იცით, როგორ მინდა, ჩემი თავი სხვისი თვალით დავინახო? აი, დიდი აღფრთოვანება რომ აქვთ ჩემ მიმართ – უკაცრავად ამას ჩემს თავზე რომ ვამბობ – მე წარმოდგენა არ მაქვს, რატომ ხდება ასე, რატომ უნდა მოვეწონო ადამიანებს. ჩემ გარდა იმდენი კარგი პიროვნებები მყავდა და მყავს გვერდით, ჩემზე უკეთესები… მაგრამ ისინი არ არიან და მე ვარ. აი, სად მრცხვენია და არ მინდა, რომ „ნანი” ვიყო. 

ერთხელ ბიძინა კვერნაძე მეუბნება: ნანი, შენ ხომ იცი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემია რომ უნდა გადმოგცენო. გამიკვირდა, კი, მაგრამ მე რა შუაში ვარ-მეთქი და, აი, ზუსტად მაგიტომაც გაძლევენ, შენს თავზე რომ არ იღებო.”

ნანი ბრეგვაძე
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ბიძინა კვერნაძე, რევაზ ლაღიძე, გოგი ცაბაძე – ეს იმ კომპოზიტორთა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ლეგენდარულ სიმღერებს სწორედ ნანი ბრეგვაძისთვის ქმნიდნენ. წარსულს ხშირად იხსენებს და ამბობს, რომ ბედნიერია იმით, რომ იმ ეპოქაში, ისტორიული ადამიანების გვერდით იცხოვრა.

„საერთოდ, ეს იყო არაჩვეულებრივი პერიოდი, და არა მხოლოდ მუსიკაში – მხატვრები, პოეტები, რეჟისორები… ძალიან საინტერესო ცხოვრება გვქონდა, ურთიერთგაგება, მეგობრობა. სამწუხაროდ, დღეს ამისთვის აღარ გვცალია. დღეს გვცალია, რომ რამე არ შეგვეშალოს… ერთი სიტყვაც რომ სხვანაირად წამოგცდეს, არავინ გპატიობს. ეს ძალიან ცუდია, რადგან ცოცხალი ადამიანი რომ ხარ, შეცდომებს აუცილებლად დაუშვებ. მოხდება ისე, რომ შენ შეცდომა მოგივა, მაგრამ ხომ შეიძლება, ერთმანეთი დავინდოთ?! ისეთი ურთიერთობები გვქონდა მაშინ, მე სად აღარ ვმოგზაურობდი, მაგრამ სულ სახლში მინდოდა, რადგან მთელი ჩემი ბედნიერი და საინტერესო ცხოვრება აქ იყო, ჩემს თბილისში.

თუმცა, ამასთან ერთად, შებოჭილებიც ვიყავით. არავინ თქვას, რომ თავისუფლად ვცხოვრობდით. ჯერ მარტო რეჟისორები რამხელა განცდებში იყვნენ, რომ, აბა, მოგეწონება თუ არა – შენ კი არა, საქართველოს – მოსკოვს. მეც მეხებოდა ცენზურა, მაგრამ ჩვენ ისეთ სიმღერებს ვმღეროდით, სადაც პატრიოტიზმი არ იყო. ეს იყო სიმღერები სიყვარულზე. თანაც, თავიდან მე ნაკლებად ვმღეროდი რუსულს. რობერტ ბარძიმაშვილი მეუბნებოდა: ‘შენ ხარ ქართველი მომღერალი და ჩემთან, „ორერაში” იმღერებ ქართულად.’ თუმცა მერე თანდათანობით რუსული რომანსებიც დავამატეთ. რუსეთში აკრძალული გვქონდა რომანსები. სალონები იყო და მხოლოდ იქ მღეროდნენ. რუსული სიმღერა პატრიოტიზმზე მე ცხოვრებაში არ მიმღერია. ვმღეროდი მხოლოდ სიყვარულზე და, როგორც ჩანს, ეს კარგად გამომდიოდა.

რაც შეეხება კომპოზიტორებს, აი, მე კიდევ რა არ მივიღე, იცით, ჩემს თავზე? რომ ასეთი ბუმბერაზი კომპოზიტორები რატომ არიან ჩემ მიმართ ასე კარგად განწყობილი… გოგი ცაბაძე, რეზო ლაღიძე, ბიძინა კვერნაძე, გია ყანჩელი, არჩილ კერესელიძე… ყველასთან ვმეგობრობდი, მაგრამ განსაკუთრებით ალბათ ბიძინასთან. 14 წლის ვიყავი, რომ გავიცანი და მას შემდეგ ერთად მოვდიოდით. ჩემი პირველი სიმღერა, რომელიც რადიოში ჩავწერე, სწორედ ბიძინას სიმღერა იყო. ძალიან ახლოს ვიყავი არჩილ კერესელიძესთანაც, ასევე უდიდეს კომპოზიტორთან – მე ბეთჰოვენი ვარო, ამბობდა.”

„მათთან მუშაობა იყო ძალიან საინტერესო. ჯერ დამიკრავდნენ სიმღერას და მერე მეკითხებოდნენ: ‘აბა, მოგწონს თუ არა?’ შეიძლება რაღაც ნაწილი არ მომწონებოდა და პირდაპირ მეთქვა, მე ამას ვერ გავაკეთებ და მოდი, შევცვალოთ-მეთქი. მე არ მიყვარს კომპოზიტორი, რომელსაც უნდა, ისე ვიმღერო, როგორც მას სურს და არც არასდროს მიმღერია ასე. ბიძინას რომ ვკითხავდი, მაგალითად, აი, აქ ძალიან მაღალია და შეიძლება ჩამოვიდე? ‘რაც გინდა, ის ქენი’ – მიპასუხებდა. გოგიც ასეთი იყო. და, სხვათა შორის, მე დღემდე შემაქვს სიმღერებში ცვლილებები. არ შეიძლება, სულ ერთნაირად იმღერო. იმდენი რაღაც შეიძლება გადაკეთდეს, მელოდიაც კი, მაგრამ ეს ისე უნდა გააკეთო, რომ მთლიანობა არ დაირღვეს. 

ზოგადად, მე ყოველთვის სცენაზე უკეთ ვმღეროდი. ჩაწერა არ მიყვარს – პატარა ოთახში ხარ, მაყურებელი არ არის, არაფერი არ გაღელვებს, დაჭიმული ხარ… ბევრჯერ რომ ჩამიწერია და მგონებია, რომ კარგია, შემდეგ რომ მოვისმენდი, არ მომწონდა, არ იყო კარგი.” 

„მაყურებლის წინაშე რომ დგახარ, იცით, როგორი ფლუიდები მოდის? ერთხელ ვუთხარი, თქვენ მე ისეთ სიყვარულს მაძლევთ-მეთქი და მიპასუხეს, არა, ეს ყველაფერი თქვენგან მოდისო. მე არ ვიპრანჭებოდი სცენაზე. ვიყავი ისე, როგორც, აი, ახლა ვსაუბრობთ. რომ შემეშლებოდა, იქვე ბოდიშს ვუხდიდი. სცენაზე რომ იპრანჭები, ეს საშინელებაა. კიდევ, არ მიყვარს, ყვირილით რომ ცდილობენ, ხმა წარმოაჩინონ. მუსიკაში ყველაზე მნიშვნელოვანი სიჩუმეა. რასტრაპოვიჩი, დიდი მუსიკოსი,  სულ მეუბნებოდა: ‘ნანი, შენ რასაც აკეთებ სიმღერაში, ეს არის სიმდიდრე.’ ყვირილი და ხმამაღლა დაკვრა ყველას შეუძლია, მაგრამ თუ პიანოს აკეთებს, ესე იგი, დიდი მუსიკოსია. მე პიანოზე ვგიჟდები. დიდ პატივს ვცემ ყველა მუსიკოსს, მაგრამ როცა ძალიან ხმამაღლა მღერიან, ისინი იმ დროს სიმღერაზე კი არა – ტაშზე ფიქრობენ. და ჩემთვის ტაშს არასოდეს მნიშვნელობა არ ჰქონია, თუმცა, რასაკვირველია, ძალიან მადლიერი ვარ, ტაშს რომ მიკრავენ.”

რას ფიქრობთ ხოლმე ამ დროს? 

ისე მრცხვენია, ფეხზე რომ დგებიან, დედა, ვფქირობ, დასხედით, დასხედით… ეს არის არაჩვეულებრივი მომენტი, რომ მთელი დარბაზი დგება შენ გამო და ტაშს გიკრავს. აი, ამას რომ გეუბნებით, ახლაც ცოტა ვნერვიულობ და მეტირება კიდეც. მე სულ ვიკავებ თავს, რომ არ ვიტირო. აი, ეს არის დასამახსოვრებელი – რომ არ მოელი და ამ დროს დარბაზი ადგება და ყველა თვალებში გიყურებს. კიდევ რა, იცით? ქუჩაში რომ მოდის ადამიანი. მისი თვალები იმდენ სითბოს გამოხატავს, რომ ამ დროს ღმერთს ვეუბნები: მადლობა ამისთვის!

საერთოდ, ერთ რამეს ვეხვეწებოდი ჩემს თავს და ღმერთს, რომ, ღმერთო, არ დამაკარგვინო ჩემი თავი და ნორმალურად ვუყურო ამ ჩემს ქებას, პოპულარობას… დღემდე მაქვს ჩემი თავის კრიტიკა. საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება მაშინ ძალიან დიდი რამ იყო და საესტრადო განხრით ეს ჯილდო პირველმა მე მივიღე, მერე უკვე კობზონმა, ედიტა პიეხამ, ალა პუგაჩოვამ, როტარუმ… და მე ისე შემრცხვა, არ ვიცოდი, სად წავსულიყავი. თუმცა ძალიან წყნარად გადავლახე ეს ყველაფერი და დღემდე ასე მოვდივარ – ვერ ვეჩვევი ჩემს ქებას. კი, ძალიან სასიამოვნოა, ზოგჯერ ცრემლებამდეც მივდივარ, რომ რით ვუპასუხო, მაგრამ არ ვეჩვევი.

იცით, მე ბედნიერი ქალი ვარ, ძალიან კარგ ფეხზე ვარ დაბადებული. კი, ბევრი გადავიტანე და ასეც უნდა იყოს – ცხოვრება ტანჯვაა და შიგადაშიგ სიხარული, მაგრამ თუ ეს გადაიტანე, მერე სიკეთეს იმსახურებ. საერთოდ, რატომ ხარ ამქვეყნად გაჩენილი?! სიკეთე აკეთე, მხოლოდ ამისთვის ხარ. მე ხშირად ვიგონებ ხოლმე ძველ დროს – მხოლოდ კარგ რაღაცებს. ბევრი იყო ცუდი მომენტიც, მაგრამ არცერთი არ მახსოვს.

სცენის მიღმა, რა ადგილი აქვს მუსიკას თქვენს ცხოვრებაში? 

რას ამბობთ, ყველაზე პირველი მუსიკა მოდის. ეს ის კი არ არის, რომ გამოვედი სცენაზე, ვიმღერე და მორჩა – ეს არის ჩემი ორგანიზმი. მე ყოველდღე ვუკრავ და ვმღერი. სახლში ჩვენი დამხმარე ქალი მკითხავს ხოლმე: ‘ნანი, არ მღერი?’ და ვპასუხობ: ‘როგორ არ ვმღერი! შენს მოსვლამდე მე უკვე ვიმღერე.’ მუსიკა ჩემთვის ცხოვრებაა – ჩემი ცხოვრება. უმუსიკოდ, აბა, ცხოვრება როგორ შეიძლება?!

ნანი ბრეგვაძე
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე
Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი ლამინ იამალი (N19) FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულთა თასით. ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა დაამარცხა. მატჩი 19 ივლისს, ნიუ ჯერსის შტატში, ისტ რეზერფორდის MetLife Stadium-ზე გაიმართა. ALEX PANTLING /FIFA VIA GETTY IM

75 სიმღერა ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების აღსანიშნად: ROSALÍA, QUEVEDO, ENRIQUE IGLESIAS და სხვები

შემდეგი სტატია

შაკირასა და BURNA BOY-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჰიტი – DAI DAI ჩარტების სათავეში მოექცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი ლამინ იამალი (N19) FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულთა თასით. ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა დაამარცხა. მატჩი 19 ივლისს, ნიუ ჯერსის შტატში, ისტ რეზერფორდის MetLife Stadium-ზე გაიმართა. ALEX PANTLING /FIFA VIA GETTY IM

75 სიმღერა ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების აღსანიშნად: ROSALÍA, QUEVEDO, ENRIQUE IGLESIAS და სხვები

Manolo Escobar-ის კლასიკური ჰიტით - Y Viva España დაწყებული Aitana-ს Superestrella-მდე, გაეცანით საზეიმო ფლეილისტს სრულად.
მეტი

ლიამ გალაგერის თქმით, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის Halftime Show ცუდ მოგზაურობას ჰგავდა

ვარსკვლავებით დატვირთული კონცერტი ჩემპიონატის იტორიაში ფინალური მატჩის ტაიმებს შორის გამართული პირველი მუსიკალური შოუ იყო.
მეტი

რას ფიქრობენ მიკ ჯაგერი და კით რიჩარდსი მუსიკაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე

Foreign Tongues-ის გამოსვლის შემდეგ ჯაგერი და რიჩარდსი „ბილბორდის” უახლესი გამოცემის გარეკანზე გამოჩნდნენ.
მეტი

„ზან-ზარი“ – ორდღიანი მუსიკალური ფესტივალი მთაწმინდის ამფითეატრში გაიმართება

25-26 ივლისს ფესტივალი ადგილობრივ არტისტებსა და მრავალფეროვან მუსიკალურ პროგრამას გააერთიანებს.
მეტი
Beck - 2025 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიაზე Peacock Theater-ში, 2025 წლის 8 ნოემბერი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია. GILBERT FLORES/BILLBOARD

Beck  შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ახალ ალბომს, Ride Lonesome-ს აანონსებს და სინგლ In the Night-ის ვიდეორგოლს აქვეყნებს

2019 წლის Hyperspace-ის შემდეგ Beck მე-16 სტუდიური ალბომით ბრუნდება, რომელიც 18 სექტემბერს გამოვა.
მეტი
Aleksandre Kharanauli & Vaqo -„სულის ლომბარდი"

VAQO-ს და ალექსანდრე ხარანაულის კოლაბორაცია – „სულის ლომბარდი“

„სულის ლომბარდი“ ჩვენი დროის მისტიკური იგავია, რომელიც ერთი პერსონაჟის ამბის მიღმა ბევრისთვის ნაცნობ სოციალურ რეალობას ასახავს.
მეტი