თითქმის 40 წლის შემდეგ, რაც Roxette-ის სიმღერა It Must Have Been Love გამოვიდა, მისი ოფიციალური მუსიკალური ვიდეოი YouTube-ზე სიმბოლურ რეკორდულ ნიშნულს გასცდა და მილიარდ ნახვათა კლუბს შეუერთდა.
თავდაპირველად სიმღერა 1987 წელს გამოიცა, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა 1990 წელს, ფილმ Pretty Woman-ის გამოსვლის შემდეგ მოიპოვა. კომპოზიციის ერთ-ერთი ვერსია ფილმის ოფიციალურ საუნდტრეკში შევიდა და მაყურებელმა ის ფილმის ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ სცენაში მოისმინა.
1990 წელს, როდესაც ფილმი Pretty Woman კინოთეატრებში გამოვიდა, მაყურებელი Roxette-ის ამ ძლიერმა ბალადამ და გარდაცვლილი ვოკალისტის, მარი ფრედრიქსონის გამორჩეულმა შესრულებამ მოხიბლა. მომღერლის ხმა სიმღერაში განსაკუთრებული ემოციურობით გამოირჩევა, რომელიც იდეალურად აერთიანებს მელოდრამატიზმსა და თავშეკავებულ ინტერპრეტაციას.
1990 წელს აშშ-ში სინგლი Billboard Hot 100-ის სათავეში ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა და ჩარტში სრულად 25 კვირა დაჰყო. ეს Roxette-ის იმ ოთხი სიმღერიდან ერთ-ერთია, რომელიც ამერიკული ჩარტის სათავეში მოხვდა და ერთადერთი, რომელმაც N1 პოზიცია კვირაზე მეტხანს შეინარჩუნა.
დიდ ბრიტანეთში კი სიმღერამ ოფიციალურ სინგლების ჩარტში მესამე ადგილს მიაღწია და ჩარტში 14 კვირის განმავლობაში დარჩა.
სიცოცხლის მანძილზე, მარი ფრედრიქსონი Roxette-თან ერთად Billboard Hot 100-ში 12-ჯერ მოხვდა, ხოლო Billboard 200-ში სამი ალბომით იყო წარმოდგენილი.
2002 წელს მარი ფრედრიქსონს თავის ტვინის სიმსივნის აგრესიული ფორმა დაუდგინდა. ინტენსიურმა მკურნალობამ მისი ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად დააზიანა – გავრცელებული ინფორმაციით, თითქმის სრულად დაკარგა მხედველობა ერთ თვალში და სმენა ნაწილობრივ დაუქვეითდა.
2009 წელს იგი Roxette-ის გაერთიანების ტურნეს ფარგლებში სცენას დაუბრუნდა, თუმცა 2016 წელს, ექიმების რეკომენდაციით, ცოცხალი კონცერტების გამართვა შეწყვიტა. არტისტი 2019 წელს, კიბოსთან 17-წლიანი ბრძოლის შედეგად გარდაიცვალა.
Roxette ამჟამად ევროპულ ტურნეში Live – Back Again! 2026 იმყოფება, რომელიც სადებიუტო ალბომის 40 წლის იუბილეს ეძღვნება. ჯგუფის შემადგენლობაში არიან დამფუძნებელი და მთავარი სიმღერების ავტორი პერ გესლე, ხოლო ქალის ვოკალურ პარტიებს შვედი მომღერალი ლენა ფილიპსონი ასრულებს.
ნახეთ It Must Have Been Love-ის ოფიციალური მუსიკალური ვიდეო: