მაილი საირუსმა 27 ივლისს გამოქვეყნებულ ახალ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ახალ ალბომზე მუშაობას სულ მალე დაასრულებს. ეს არტისტის მეათე სტუდიური ალბომი იქნება. ახალი ნამუშევარი იმ სიყვარულს ეხმიანება, რომელიც საკუთარი თავისა და საქმროს, მაქს მორანდოს მიმართ გააჩნია.
„ეს ალბომი სიყვარულის ისტორიაზე გვიყვება, თუმცა ასეთი ამბები ერთგანზომილებიანი არასდროსაა. ისინი ყოველთვის მრავალშრიანია,“ – აღნიშნა მაილი საირუსმა დერილ ჰანასთან ჟურნალ Wonderland-ის ახალი ნომრისთვის მიცემულ ინტერვიუში.
გამოცემის თანახმად, მომღერლის ახალი სტუდიური ალბომი შესაძლოა მომდევნო რამდენიმე თვეში გამოვიდეს, უფრო ზუსტად კი 2027 წლის გრემის დაჯილდოებამდე.
„ამ შემთხვევაში რომანტიკული ხაზი აშკარად იგრძნობა, რადგან, როგორც ჩემი ყველა ნამუშევარი, ისიც ჩემი ცხოვრების გარკვეული ეტაპის ანარეკლია. თუმცა ეს ალბომი ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.” – აღნიშნა მაილი საირუსმა.
მომღერლის თქმით, ახალი ალბომი ათ კომპოზიციას გააერთიანებს.
„ეს ისეთი რამ არის, რაც აქამდე ნამდვილად არ განმიცდია, სიმშვიდით სავსე სიყვარული ჩემი ბოლო სამი ალბომის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა. ეს მხოლოდ სხვა ადამიანის სიყვარული არ არის, ეს არის სიყვარული, რომელიც საკუთარი თავის მიმართ აღმოვაჩინე. ალბათ სწორედ ამან განაპირობა ყველაზე დიდი შინაგანი ცვლილება. როდესაც გრძნობ, რომ საკუთარ თავთან დამოკიდებულება იცვლება, შენ გარშემო არსებული ყველა ურთიერთობაც იცვლება. ვფიქრობ, ეს ალბომი ამ ორივე სიყვარულს თანაბრად ზეიმობს.“ – დასძინა მომღერალმა
მაილი საირუსის განცხადებას წინ უსწრებდა ცამეტწლიანი თანამშრომლობის დასრულება Sony-სთან და Warner Music Group-ის შემადგენლობაში შესულ ახალ ხმის ჩამწერ ლეიბლ Atlantic Records-თან კონტრაქტის გაფორმება.
მისი ბოლო ალბომი Columbia Records-თან თანამშრომლობის ფარგლებში Endless Summer Vacation იყო. ნამუშევარმა Billboard 200-ში მე-4 ადგილი დაიკავა, ხოლო ალბომში შესული სიმღერა Flowers რვა კვირის განმავლობაში Billboard Hot 100-ის ლიდერ პოზიციაზე იმყოფებოდა და მომღერალს გრემის ჯილდოც მოუტანა.
„ჩვეულებრივ, ყოველთვის ძალიან ნათლად ვხედავ, რა მინდა და ზოგჯერ საბოლოო მიზანზე გადაჭარბებული კონცენტრაცია თავად შემოქმედებით პროცესს ჩრდილავს. ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იყო, პროცესი ბუნებრივად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე წარიმართა,“ – განაცხადა მაილი საირუსმა.
მისი თქმით, ამჯერად მუშაობაში განსაკუთრებით დაეხმარა ის, რომ თავიდანვე ზუსტად იცოდა, როგორი უნდა ყოფილიყო ალბომი.
„მუშაობა სიმღერების საბოლოო სიით დავიწყე და მთელი პროცესის განმავლობაში ამ მიმართულებას მივყვებოდი. თავიდანვე ვიცოდი, რომ ალბომში ათი კომპოზიცია იქნებოდა. დაახლოებით წარმოდგენილი მქონდა მისი ჟღერადობა და კონცეფციაც. ეს ჩემთვის ერთგვარი კომპასი იყო, მქონდა მკაფიო მიმართულება, შესაბამისად, შემოქმედებითი პროცესიც ბუნებრივად წარიმართა.“ – აღნიშნა მომღერალმა.
ნახეთ მაილი საირუსი ჟურნალ Wonderland-ის გარეკანზე: