K-pop-ის სუპერვარსკვლავმა და BLACKPINK-ის წევრმა, Rosé-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი – New Trick გამოუშვა. კლიპის რეჟისორი დეივ მაიერსია, რომელიც ხშირად თანამშრომლობს ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან ტეილორ სვიფტი, ჰარი სტაილსი და კენდრიკ ლამარი. ვიდეო სრულად Apple-ის ახალი iPhone 18 Pro-თია გადაღებული.
როსემ სიმღერის მოკლე ანონსი სექტემბერში, Apple-ის კამპანიის ფარგლებში წარადგინა. წარსულში ამ პროექტში ისეთი არტისტები მონაწილეობდნენ, როგორებიც არიან The Weeknd, ოლივია როდრიგო და ლედი გაგა.
ჟურნალ Vogue-თან ინტერვიუში როსემ აღნიშნა, რომ New Trick შესაძლოა ყველაზე საყვარელი ნამუშევარი იყოს მათ შორის, რაც მას და სიმღერების ავტორ ემი ალენს ერთად შეუქმნიათ.
მომღერალს წარმატებული სოლო კარიერა აქვს. მისმა 2024 წლის ჰიტმა APT., რომელიც ბრუნო მარსთან ერთად ჩაწერა, Billboard Hot 100-ის მე-3 ადგილი დაიკავა და ჩარტი 45 კვირის განმავლობაში არ დაუტოვებია. სიმღერა შევიდა მის სადებიუტო ალბომში – rosie, რომელმაც ჩარტებში ასევე წამყვანი პოზიციები დაიკავა.
ახალ ზელანდიაში დაბადებული და მელბურნში გაზრდილი როსე ავსტრალიაში ყველაზე ცნობილი მომღერალია, რომელსაც სოციალურ ქსელებში 156 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს.
„უკვე საკმაოდ დიდი დროა, რაც ახალ მუსიკაზე ვმუშაობ. ჯერ კიდევ ძიების პროცესში ვარ, რომ ვიპოვო ბალანსი იმ სამყაროს შორის, რომლის შექმნაც მინდა და იმას შორის, თუ რამდენად გამოხატავს ეს ჩემს დღევანდელობასა და ტრანსფორმაციას. მაინტერესებს, სად წამიყვანს ეს მოგზაურობა და მოხარული ვარ, რომ მომავალ წელს ჩემი შემოქმედების ახალ ეტაპს წარვადგენ,“ – აღნიშნა როსემ თავის მუსიკალურ კარიერაზე საუბრისას.