პიანისტმა სალომე ჟორდანიამ სადებიუტო ალბომი – Passage: A Spiritual Odyssey წარადგინა. ნამუშევარი 18 სექტემბერს ფრანგულ ლეიბლ La Dolce Volta-ზე გამოვიდა.
ალბომში ლისტის, სკრიაბინისა და საარიაჰოს ნაწარმოებებია გაერთიანებული. ჩანაწერის ცენტრალური ნაწილია ლისტის სი მინორის საფორტეპიანო სონატა – თითქმის 30-წუთიანი კომპოზიცია, რომელზეც მუსიკოსი რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა. სწორედ ამ ნაწარმოების გარშემო იკვრება მთლიანი იდეა. ალბომის კონცეფცია ადამიანის სულიერი ტრანსფორმაციის ეტაპებს ასახავს, ხოლო მისი სათაურის შთაგონების წყაროდ სტენლი კუბრიკის საკულტო ფილმი, A Space Odyssey იქცა.
როგორც სალომე ჟორდანიამ Billboard-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, თავდაპირველად შედარებით მსუბუქი და მხიარული ჟღერადობის ალბომის გამოშვებას გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ ამ იდეამდე მივიდა. პიანისტის თქმით, პირველ ალბომზე მუშაობისას მისთვის მთავარი პრიორიტეტი იდეის მთლიანობა იყო.
„როდესაც ლეიბლს შევთავაზე ორი ალბომის იდეა, ორივე მოიწონეს და მომცეს სრული თავისუფლება, ამერჩია, რომელს ჩავწერდი პირველად. სადებიუტო ალბომად ავარჩიე ის პროგრამა, რომელთან დაკავშირებითაც ყველა დეტალს, ვიზუალსაც კი, სრულყოფილად ვხედავდი,” – ამბობს სალომე ჟორდანია.
Passage: A Spiritual Odyssey ამჟამად უკვე ხელმისაწვდომია ყველა სტრიმინგ პლატფორმაზე.
ალბომის გარეკანის ფოტო ქართველ ფოტოგრაფს, გიორგი ყოლბაიას ეკუთვნის.
“ალბომში არჩეული ნაწარმოებების შინაარსი საკმაოდ მისტიკური, იდუმალი, ტრანსცენდენტული და არაამქვეყნიურია, შესაბამისად, მისი ყდაც ამ განწყობის შესაბამისი მინდოდა ყოფილიყო. ძალიან გამიმართლა, რომ ვიმუშავე ისეთ ნიჭიერ არტისტთან, როგორიც გიორგი ყოლბაიაა – მან ზუსტად გაიგო ჩემი ჩანაფიქრი და საოცარი შედეგი მივიღეთ,” – აღნიშნავს პიანისტი.
ალბომის თანმდევი პროექტის სახით, სალომე ჟორდანიამ საფრანგეთში, La Piscine-ის მუზეუმში მუსიკალური ვიდეო გადაიღო, რომლის პრემიერაც სექტემბრის დასაწყისში შედგა. ვიდეოსთვის კომპოზიცია „ჟენევის ზარები” შეირჩა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა La Piscine-ის სივრცეში მუსიკალური ვიდეო გადაიღეს. კლიპის რეჟისორები ფრანგი ხელოვანები – მარკ დე პიერფიუ (Marc de Pierrefeu) და ოლივიე ლალანი არიან.