ქართველმა მუსიკოსმა და მომღერალმა გიგი ადამაშვილმა 23 სექტემბერს სადებიუტო ალბომი TRY HARD FISH გამოუშვა. ინდი აკუსტიკური მუსიკისა და ჯაზის მიმართულებით მომუშავე არტისტის პირველი სრულფასოვანი ნამუშევარი რვა ძირითად და ერთ ბონუს ტრეკს აერთიანებს. გიგის თქმით, ალბომში შესული თითოეული კომპოზიცია კონკრეტულ რეალურ ამბავსა და გამოცდილებას უკავშირდება.
TRY HARD FISH ესტონეთში, ტალინში ჩაიწერა, სადაც გიგი კონსერვატორიიდან Erasmus-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა. ალბომზე მუშაობისას მუსიკოსმა ადგილობრივ, ქართველ და ლატვიელ არტისტებთან ითანამშრომლა.
სწორედ ეს პერიოდი აღმოჩნდა მნიშვნელოვანი ეპიზოდი იმ ნამუშევრის ჩამოყალიბებისთვის, რომელიც, როგორც თავად ამბობს, მისთვის შემოქმედებითი ძიების ერთ ეტაპს ასრულებს და ახალს იწყებს.
“ეს არის ის კითხვები და ალბათ პასუხებიც, რაც ამ დროის მანძილზე დამიგროვდა, როდესაც აღარაფერი გამომიშვია, მხოლოდ საკუთარ თავზე ვმუშაობდი, კონსერვატორიაში ჩავაბარე და ყველაფერი ნულიდან დავიწყე. რაც ძალიან მახარებს, ალბომში ყველა კომპოზიცია არის საავტორო“, – ამბობს გიგი ადამაშვილი Billboard Georgia-სთან საუბარში.
ალბომის სახელწოდება, TRY HARD FISH, მუსიკოსისთვის ერთდროულად ირონიული და რეალისტურია. მისი თქმით, ეს ფრაზა იმ მდგომარეობას აღწერს, როდესაც ადამიანი საკუთარ შესაძლებლობებზე მეტის გაკეთებას ცდილობს, დინების საპირისპიროდ ცურავს და საბოლოოდ გადარჩენისთვის იბრძვის.
„ცხოვრებაში ყველას აქვს მომენტი, როდესაც ძალიან ბევრი შრომა გჭირდება, კომფორტის ზონიდან უნდა გამოხვიდე, რომ რაღაც ღირებულამდე მიხვიდე. ეს სახელი ჩემთვის კარგად გამოხატავს იმ გზას, რომელიც გავიარე და რამაც ამ ალბომამდე მომიყვანა“, – აღნიშნავს მუსიკოსი.
TRY HARD FISH-ის მუსიკალურ და ლირიკულ შინაარსს ავტორის პირადი გამოცდილებები განსაზღვრავს.
“ალბომი პიროვნულ ზრდას, მარტოობას, სევდას აერთიანებს, მაგრამ ამავე დროს, იმედსა და შინაგან თავისუფლებაზე გვიყვება. ეს არის გულწრფელი ამბავი იმაზე, თუ რას ნიშნავს, დარჩე საკუთარ თავთან მარტო და მაინც იპოვო წინსვლის ძალა.
სრული პროექტის გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე გიგიმ მსმენელს ალბომში შესული პირველი სინგლი – What If გაუზიარა.
“What If პირველი კომპოზიცია იყო, რომელიც მუსიკოსებს, ხმის ინჟინრებს მოვასმენინე. ამ სიმღერით დაიწყო მთლიანად ალბომის ჩაწერა, ის იყო პირველი სინგლი რომელიც ჩავწერეთ ერთად და ასეთადაც დარჩა. What If | “რა იქნებოდა, თუ?” – ეს კითხვა ყველას დაგვისვამს საკუთარი თავისთვის, სწორედ ამ პირველი შეკითხვით დაიწყება ის ემოციური გზა, რომელსაც მსმენელი TRY HARD FISH-ის მოსმენისას გაივლის.”
“მოკლედ რომ ვთქვა, TRY HARD FISH ჩემთვის ძველი ძიების დასასრული და გაცილებით გააზრებული შემოქმედებითი ეტაპის დასაწყისია.“ – ამბობს გიგი.
მოუსმინეთ გიგი ადამაშვილის სადებიუტო ალბომს TRY HARD FISH: