გიორგი ლაღიძე ქართველი მულტიინსტრუმენტალისტი არტისტი, DJ და პროდიუსერია, რომელიც მსმენელისთვის ცნობილია სასცენო სახელით 9EYE. არტისტის შემოქმედება ამ დრომდე ძირითადად downtempo-ს, electronica-ს და house-ის ჟანრებს მოიცავდა, ხოლო მისი ტრეკები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ლეიბლებზე გამოიცემოდა. 9EYE-მ თავისი შემოქმედების ახალი ეტაპი დაიწყო და მსმენელს მომავალი ალბომის პირველი სინგლი – Stereo წარუდგინა.
„Stereo ჩემი მომავალი ალბომის პირველი სინგლია. ეს სიმღერა არის საკუთარი გულის ხმის ერთგულებაზე, პატიებაზე, ჯანსაღი საზღვრების დაწესებასა და უპირობო სიყვარულზე,” – აღნიშნავს 9EYE.
Stereo არტისტმა მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად გამოუშვა. კლიპი სრულიად სპონტანურად, კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს.

„Slab City არაორდინარული, ალტერნატიული, ხელოვანთა და თავისუფალი ცხოვრების წესით მცხოვრები ადამიანების დასახლებაა. ადგილი ცნობილია თავისი უნიკალური ხელოვნების ნიმუშებით, ინსტალაციებითა და დამოუკიდებელი კულტურით. ეს ადგილი იმდენად შთამაგონებელი აღმოჩნდა და თან იმდენად პასუხობდა Stereo-ს იდეას, რომ სპონტანურად გადავწყვიტეთ, კლიპი გადაგვეღო. რეჟისორისა და ოპერატორის როლი ჩემმა პარტნიორმა, Mira Van Der Meer-მა შეითავსა. მოგვიანებით აღმოვაჩინეთ, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული. ბევრმა ამ ადგილის შესახებ ასევე იცის ფილმიდან – Into the Wild. აღსანიშნავია ისიც, რომ იქ ყოფნისას მიგვიწვიეს მათ საკულტო სცენა Range-ზე, სადაც აკუსტიკური კონცერტი გავმართეთ ადგილობრივებისთვის,” – აღნიშნავს არტისტი Billboard Georgia-სთან საუბრისას.
9EYE-ს მომავალი ალბომი 9 ქართულ და ინგლისურენოვან კომპოზიციას გააერთიანებს. ჟანრობრივად ნამუშევარი indie pop-ის, synth-pop-ისა და electronica-ს სინთეზია.
ალბომი სრულად დეკემბრის ბოლოს გამოიცემა. მანამდე კი მსმენელს კიდევ ორი რელიზი ელოდება: მეორე სინგლი ოქტომბრის ბოლოს გამოვა, ხოლო მესამე – დეკემბერში, რის შემდეგაც სრული ალბომი ყველა ციფრულ პლატფორმაზე გახდება ხელმისაწვდომი.