მას შემდეგ, რაც კანიე უესტისა და კიმ კარდაშიანის ქორწინებაში პრობლემები გაჩნდა, რეპერსა და კარდაშიანების ოჯახს შორის მომხდარი მწვავე დაპირისპირების სცენა, სავარაუდოდ, რეალითი შოუს ბოლო სეზონიდან ამოჭრეს.
ჯონათან ვან მეტერის წიგნი Citizen Kim: The Woman Who Created the Future, რომელიც კიმ კარდაშიანს ეხება, 27 ოქტომბერს გამოვა. გამოცემა The Cut-მა 15 ოქტომბერს წიგნის ერთ-ერთი საინტერესო მონაკვეთი მოიპოვა და გამოაქვეყნა, სადაც 2020 წელს მომხდარი დაპირისპირებაა აღწერილი.
როგორც Keeping Up With the Kardashians-ის დიდი ხნის პროდიუსერი ფარნაზ ფარჯამი იხსენებს, კანიე უესტი დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მწვავედ აკრიტიკებდა კარდაშიანების ოჯახის უფროსს, კრის ჯენერსა და ოჯახის სხვა წევრებს იმის გამო, რომ მათ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში უესტს ხმა არ მისცეს.
„კანიე კიმთან ერთად კეიტლინის სახლში მივიდა და მაშინვე კრისისა და ოჯახის კრიტიკა დაიწყო. ის მათ ეკითხებოდა, რატომ არ მისცეს ხმა 2020 წლის არჩევნებში,” – ამბობს ფარჯამი. „ეს 30-წუთიანი დაპირისპირება ძალიან ბევრის მთქმელი იყო, თუმცა ჩვენ ამ მონაკვეთის ამოჭრა მოგვიწია.”
საბოლოოდ შოუს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, კეიტლინ ჯენერის დაბადების დღეზე მომხდარი ინციდენტი ეთერში არ გაეშვა. „ყველა ცდილობს, კვლავ გაერთიანდეს და ერთმანეთს მხარი დაუჭიროს“, – აღნიშნა ფარჯამმა ოჯახის წევრებს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების შესახებ.
The Cut-ში გამოქვეყნებულ კიდევ ერთ მონაკვეთში კიმ კარდაშიანი ვან მეტერთან საუბრისას კანიე უესტის სურვილზე საუბრობს, დაუპირისპირდეს დამკვიდრებულ შეხედულებებს. მისი თქმით, კანიეს ინტერესი მის მიმართ ნაწილობრივ იმანაც განაპირობა, რომ კიმი რეალითი შოუს ვარსკვლავი იყო. ამავდროულად, აღნიშნავს, რომ უესტმა მისი ცხოვრება შეცვალა.
„ვფიქრობ, მას ნამდვილად შევუყვარდი მე, როგორც იდეა და ის პროექტი, რაც ამ ყველაფრის უკან იდგა. მას მოსწონს ისეთი რაღაცები, რაც შეიძლება იმ მომენტში არ მიიჩნეოდეს მოდურად, მაგრამ მან აქციოს ის მოდურად. მაგალითაც: ‘შევწყვეტ რეპის შესრულებას და სრულად სასიმღერო ალბომს ჩავწერ, როგორც ეს 808s [& Heartbreak]-ის შემთხვევაში იყო.’ ყველა ამბობდა: ‘როგორ შეიძლება არ გარეპო? ეს მკრეხელობაა!’ საბოლოოდ კი ეს საუკეთესო ალბომი გამოვიდა,” – ამბობს კიმი. „ვფიქრობ, მისი მიდგომა ასეთი იყო: ‘მოდი, რეალითი შოუს ვარსკვლავთან ვიქნები. არავინ აფასებს ამას და მე გაჩვენებთ, რამდენად მაგარია.’ მან ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა.”
Keeping Up With the Kardashians-ის 21-ე და ბოლო სეზონი 2021 წლის მარტიდან ივნისამდე გადიოდა. მოგვიანებით ცნობილმა ოჯახმა საქმიანობა Hulu-ს პლატფორმაზე გააგრძელა, სადაც ოქტომბრის დასაწყისში The Kardashians-ის მერვე სეზონის პრემიერა შედგა.
კანიე უესტისა და კიმ კარდაშიანის ურთიერთობა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში იძაბებოდა. განქორწინების პროცესი კიმმა 2021 წლის თებერვალში დაიწყო, ექვსწლიანი ქორწინების შემდეგ.
სამართლებრივი პროცედურები 2022 წლის ნოემბრამდე გაგრძელდა, როდესაც წყვილის განქორწინება საბოლოოდ შეთანხმების საფუძველზე გაფორმდა. ყოფილ მეუღლეებს ოთხი საერთო შვილი ჰყავთ: 13 წლის ნორსი, 10 წლის სენტი, 8 წლის ჩიკაგო და 7 წლის ფსალმი.