16 ოქტომბერს ბექა გოჩიაშვილი ახალ ალბომს, სახელწოდებით Bjazz11 – Be-Hop Vol.1 წარადგენს. პრეზენტაცია Mutant Radio-ში გაიმართება. ალბომი დამოუკიდებელ ლეიბლ Street Poetry Records-ზე გამოიცა.
ბექა გოჩიაშვილი:
„ჩემი და ჰიპ-ჰოპის შეხვედრა განაპირობა ჯაზმა. პირველი ჰიპ-ჰოპ არტისტი 2Pac იყო, შემდეგ დავმეგობრდი DJ Logic-თან. ბათუმში, ჯაზ-ფესტივალზე გავიცანი და ჟანრის შესახებ მთავარი ინფორმაციის გადმომცემი სწორედ ის გახდა. ჰიპ-ჰოპში ჩემთვის მიმზიდველი არის მინიმალიზმი და გრუვი. ეს ისეთი რაღაც არის, რაც მხოლოდ ამ მუსიკაში ხდება. მიმზიდველია ასევე ის, რომ ბევრ იდეას იტევს და არ ხარ შეზღუდული.“
ალბომის სახელწოდების იდეა თავად ბექა გოჩიაშვილს ეკუთვნის – ის ჟანრების დასახელების, Hip-Hop-ისა და Bebop-ის ნაზავია.
„ამ ალბომში არ არსებობს არცერთი სემპლი და ამას კიდევ სხვანაირი, განსაკუთრებული ხიბლი აქვს ჩემთვის,” – ამბობს მუსიკოსი.
ბითებს თავად ბექა გოჩიაშვილი უკრავს. მას არტისტი Yamaha Motif FX8-ზე ასრულებს. როგორც გოჩიაშვილი იხსენებს, ეს ინსტრუმენტი ლეგენდარულმა ჩიკ კორეამ ურჩია.
ალბომის ჩაწერისას ბექა გოჩიაშვილმა რამდენიმე არტისტთან ითანამშრომლა, მათ შორის არიან MC Cutkill და კატო კვარაცხელია.
ბექა გოჩიაშვილი:
„MC Cutkill რამდენიმე წლის წინ გავიცანი. ძალიან გულწრფელად რომ ვთქვა, ის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი რეპერია. ზუსტად ის ფლოუ და გრუვი აქვს, რაც Old School ჰიპ-ჰოპში მიყვარს. რა იდეებიც გავუზიარე ამიკოს (MC Cutkill), მის გემოვნებასა და სტილში ჩაჯდა.”
ალბომში ასევე შევიდა კატო კვარაცხელიასთან კოლაბორაცია – სინგლი, სახელწოდებით Bird Tale.
ბექა გოჩიაშვილი:
„გარდა იმისა, რომ კატო კვარაცხელია ჩემი მეგობარია, ის ის ადამიანია, ვისთანაც მუსიკალურად სრულიად ვთანხმდები. ეს მისი სიმღერაა. ჯერ ტექსტიც არ ედო, როცა მომასმენინა და ძალიან მომეწონა. ვფიქრობ, ალბომის ერთ-ერთი ჰაილაითია ეს სიმღერა. ძალიან ლირიკული და ლამაზი ნამუშევარია, ძალიან კარგი ტექსტით. არ არის მარტივი, რომ ჰიპ-ჰოპ ალბომს ასე მოუხდეს ქართული სიმღერა.“
როგორც ბექა გოჩიაშვილი ამბობს, ალბომის დასახელების ბოლოს აღნიშვნა Vol.1 შემთხვევითი არ არის, რადგან მომავალში მის გაგრძელებაზე – Vol.2-ზეც აპირებს მუშაობას.
ალბომის კრედიტები:
პროდიუსერი: Bjazz11 (ბექა გოჩიაშვილი)
კლავიში: Bjazz11
ვოკალი / MC: MC Cutkill (ამიკო ნინუა), კატო კვარაცხელია
მუსიკოსები: Blaque Dynamite (მაიკ მიტჩელი), Joe Cleveland
მიქსინგი: თორნიკე გველესიანი
მასტერინგი: Analogcut