პიტერ ბერგის რეჟისორობით გადაღებული დოკუმენტური ფილმი რიანას შესახებ ჯერ კიდევ 2016 წელს დაანონსდა და გავრცელებული ინფორმაციით, 2019 წელს ის „ამაზონმა” 25 მილიონ დოლარად იყიდა.
როგორც ჩანს, ბერგი ამ საკითხისადმი კვლავ ოპტიმისტურადაა განწყობილი.
25 ნოემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში რეჟისორმა, რომელმაც რიანა 2012 წლის ფილმ Battleship-შიც გადაიღო, დოკუმენტური ფილმის ამჟამინდელ სტატუსზე ისაუბრა. „იმედი ყოველთვის არსებობს. იმედი არ დაკარგოთ!“ – თქვა მან ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელ პროექტზე საუბრისას. „თუ გამოვა და როცა გამოვა, ის ნამდვილი ჰიტი გახდება.”
ბერგმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რატომ არ მონაწილეობს ცხრაგზის გრემის მფლობელი მომღერალი უფრო მეტ ფილმში და განსაკუთრებულად აღნიშნა რიანას უნარი, ყოველთვის სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს. „რიანა აკეთებს იმას, რაც თავად სურს. ის საკუთარ გულსა და შემოქმედებით ინსტინქტებს მიჰყვება. როდესაც Battleship-ში მონაწილეობდა, ძალიან აინტერესებდა, როგორი იქნებოდა მასშტაბურ ჰოლივუდურ მძაფრსიუჟეტიან ფილმში თამაში. შემდეგ რამდენიმე დიდებული ალბომი გამოსცა, ახლა კი შესანიშნავ ოჯახს უვლის. გარანტიას გაძლევთ, რომ ის მუსიკას აუცილებლად დაუბრუნდება და ეს ნამდვილი სენსაცია იქნება,” – უთხრა რეჟისორმა გამოცემას.
ბერგი და მისი გუნდი რიანას შესახებ დოკუმენტურ ფილმზე წლების განმავლობაში მუშაობდნენ, თუმცა საბოლოოდ ფილმის გამოსვლის გადაწყვეტილება თავად მომღერალზეა დამოკიდებული. ამის შესახებ რეჟისორმა ჯერ კიდევ 2023 წელს, The Hollywood Reporter-თან საუბრისას განაცხადა: „ფილმი დასრულებული და გაყიდულია, „ამაზონი” მზად არის. რიანა პერფექციონისტია, ამიტომ მუდმივად რაღაცებს ვასწორებთ. გადაღებებს ექვს-ნახევარი წელიწადი დასჭირდა, ასე რომ, დიახ, ფილმი გამოსასვლელად მზადაა. უბრალოდ ველოდებით, თუ როდის იტყვის: ‘კი, მოდი, გამოვუშვათ.’ არ ვიცი, იქნებ ათწლიანი პროექტიც გახდეს“.
ბოლოს რიანა 2025 წლის ანიმაციურ ფილმ „სმურფებში” გამოჩნდა, სადაც სმურფეტის პერსონაჟი გაახმოვანა. მისი ბოლო მხატვრული ფილმი Amazon Prime-ის Guava Island იყო, რომელშიც დონალდ გლოვერთან ერთად ითამაშა. ასევე ეპიზოდური როლი ჰქონდა ოქტომბერში გამოსულ ფილმში Ali G: Who Iz I?