ენდი ტეილორი, გიტარისტი და ჯგუფ Duran Duran-ის ყოფილი წევრი, პროსტატის კიბოსთან ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მუსიკოსის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა ყოფილმა ჯგუფის წევრებმა 25 ნოემბერს, Duran Duran-ის ოფიციალურ ვებგვერდსა და Instagram-გვერდზე გაავრცელეს.
„ენდი ჩვენი ისტორიის დასაწყისშივე ჩვენთან იყო. იმ წუთიდან, როცა ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ინგლისიდან გიტარითა და ურყევი რწმენით ჩამოვიდა, მან ჩვენს მუსიკას უშრეტი ენერგია და შარმი შესძინა“, – აღნიშნავენ ჯგუფის წევრები.
Duran Duran-ის წევრები განცხადებაში ასევე წერენ: „მისი შესრულება იმ სიმღერების მამოძრავებელი ძალა იყო, რომლებმაც მთელი მსოფლიო შემოგვატარეს. მისი იუმორისა და ცხოვრებისადმი საოცრად პრაგმატული მიდგომის წყალობით ვინარჩუნებდით რეალობის განცდას და მიწაზე მყარად ვიდექით, ეს კი ჯგუფის ხასიათს განსაკუთრებულ სიმძაფრეს სძენდა.“
ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდში, 1980 წელს, Duran Duran-მა ენდი ტეილორი ჯგუფის შემადგენლობაში მიიწვია. მუსიკოსმა ბენდი 1986 წელს დატოვა, თუმცა 2001 წელს კვლავ დაბრუნდა. მან Duran Duran-ის 2004 წლის ალბომ Astronaut-ის შექმნაშიც მიიღო მონაწილეობა, რომელმაც Billboard 200-ის ჩარტში მე-17 ადგილი დაიკავა. 2006 წელს ტეილორმა ჯგუფი მეორედ დატოვა. 2023 წელს კი Duran Duran-ის ჰელოუინის თემატიკის ალბომ Danse Macabre-ში გიტარაზე დაუკრა.
ბენდის შემადგენლობაში ენდი ტეილორის ყოფნის პერიოდში ჯგუფის 13 ჰიტი Billboard Hot 100-ის ჩარტში შევიდა, მათ შორის ორი პირველადგილოსანი სიმღერაა: The Reflex – 1984 წელი და A View to a Kill 1985 წელი. ჯგუფის წარმატებული ალბომი – Rio, რომელშიც სიმღერა Hungry Like the Wolf შედის, Billboard 200-ში 1982 წელს გამოჩნდა და 128 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.
სოლო კარიერის ფარგლებში ტეილორი Billboard 200-ის ჩარტში ორჯერ მოხვდა სიმღერით – Take It Easy 1986 წელს 24-ე პოზიციით და When the Rain Comes Down 73-ე ადგილით. სუპერჯგუფ The Power Station-ის წევრის სტატუსით კი 1985 წელს Billboard Hot 100-ის ჩარტის საუკეთესო 40-ეულში მათი სამი ჰიტი შევიდა.
25 ნოემბერს განცხადება ტეილორის მეუღლემ, ტრეისიმაც გაავრცელა.
„მსოფლიოსთვის ენდი გამორჩეული გიტარისტი იყო, ჩვენთვის კი – საუკეთესო მეუღლე, მოსიყვარულე მამა და ამაყი ბაბუა. ის ჩვენი ოჯახის საყრდენი იყო. მიუხედავად იმ არაჩვეულებრივი გამოცდილებისა, რომელიც მუსიკამ მოუტანა, მისთვის ოჯახი ყოველთვის პირველ ადგილზე იდგა“.
ტეილორის სიმსივნის დიაგნოზის შესახებ პირველად 2022 წელს გახდა ცნობილი. Duran Duran-ის ვოკალისტმა საიმონ ლე ბონმა ჯგუფის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიაზე გულშემატკივრებს მიმართა, რომ ტეილორი უკვე ოთხი წელია, ონკოლოგიურ დაავადებას ებრძოდა. თავად მუსიკოსი ცერემონიას არ დასწრებია, თუმცა ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ისიც დიდების დარბაზში შეიყვანეს.
2023 წელს ტეილორმა გაამხილა, რომ კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატ Lutetium-177-ის მიღება დაიწყო. მისი თქმით, მკურნალობამ სიცოცხლე ხუთი წლით გაუხანგრძლივა.
„ენდი ბოლო რამდენიმე წელს დიდი სიმამაცითა და სიმტკიცით შეხვდა. მას არასდროს დაუხევია უკან და ბოლომდე იბრძოდა ისე, რომ სიცოცხლის სიყვარული არცერთი წუთით არ დაუკარგავს. ავადმყოფობის პერიოდში მთელი მსოფლიოდან მიღებული გულშემატკივრების თანადგომა და კეთილგანწყობა მისთვის უდიდესი ნუგეში და ძალა იყო, რისთვისაც ყოველთვის მადლიერები ვიქნებით“, – წერს ენდი ტეილორის მეუღლე განცხადებაში.