31 იანვარს კონსერვატორიის დიდ დარბაზში სანდრო გეგეჭკორის სოლო კონცერტი გაიმართა. საღამოზე ფრანც შუბერტის საფორტეპიანო ნაწარმოებები შესრულდა, რასაც, კონცერტის თარიღიდან გამომდინარე, სიმბოლური დატვირთვა აქვს. 31 იანვარი ფრანც შუბერტის დაბადების დღეა.
Სანდრო გეგეჭკორი:
„31 იანვარს, შუბერტის დაბადებიდან 226 წელი შესრულდა და ამ თარიღთან დაკავშირებით მინდოდა, რომ სერიოზული კონცერტი გამეკეთებინა, ამ ბრწყინვალე კომპოზიტორის პატივსაცემად და მხოლოდ მისი ნაწარმოებები ყოფილიყო პროგრამაში. ესენია ორი დიდი მოცულობის ნაწარმოები – ფანტაზია და ციკლი და ორი მცირე მოცულობის – პიესა და ექსპრომტი. თუმცა, შემდეგ იყო ქალბატონი მანანა დოიჯაშვილის გარდაცვალების თავზარდამცემი ამბავი, რამაც გადამაწყვეტინა, რომ ეს უნდა ყოფილიყო სწორედ მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო. შუბერტი კი ამ კონტექსტში ძალიან სწორად ჯდება, რადგან მისი მუსიკა სწორედ ასეთ სულიერ ღირებულებებთანაა ახლოს.”
კონცერტზე შესრულებული ოთხი ნაწარმოებიდან ერთ-ერთი, პიანისტის მიერ შემთხვევით აღმოჩენილი პიესაა, რომელიც საქართველოში პირველად შესრულდა.
„ეს არის პიესა სახელწოდებით „უნგრული მელოდია”. ბარსელონაში ვყიდულობდი ნოტებს, რომელშიც იყო ეს ციკლი, რაც კონცერტზე შესრულდა და მასთან ერთად კიდევ ერთი პიესა, რომლისთვისაც თავიდან დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან პირდაპირ ამ ციკლის სწავლა დავიწყე. მერე, აი, სულ რაღაც ერთი თვის წინ, როცა ამ ციკლს ვიმეორებდი, ამ პატარა პიესასაც მივაქციე ყურადღება. მოვისმინე და აღვფრთოვანდი, ისე მომეწონა. რომ გავიკითხე, პროფესორებს, ვისაც ვკითხე, არავის ახსოვს, რომ ეს პიესა ვინმეს შეესრულებინოს საქართველოში. სასწრაფოდ ვისწავლე და ამ კონცერტზე პირველად შევასრულე.”
უახლოეს მომავალში სანდრო გეგეჭკორი კონცერტებს ბარსელონაში, კანარის კუნძულებსა და კოსტა ბრავაზე გამართავს. გაზაფხულზე კი ნიუ-იორკში, ჯულიარდის მისაღებ გამოცდაზე წარდგება.