4 ნოემბერს კულტურის ცენტრმა Factory Tbilisi ნიაზ დიასამიძისა და უკრაინული ელექტრო აკუსტიკური ბენდის DZ’OB-ის კონცერტს უმასპინძლა.
ეს ბოლო კონცერტი იყო, რომელიც DZ’OB-მა ევროპული ტურნეს ფარგლებში გამართა. საღამოზე საკუთარი რეპერტუარიდან შეასრულა სიმღერები ნიაზ დიასამიძემ, შემდეგ კი ქართველმა მომღერალმა და უკრაინულმა ბენდმა ამ დღისთვის შექმნილი ერთობლივი კომპოზიცია დაუკრეს. კონცერტის მეორე ნაწილში სცენა DZ’OB-მა დაიკავა. ჯგუფმა სხვადასხვა ალბომიდან საკუთარი კომპოზიციები შეასრულა.
ერთ-ერთი სიმღერა მათ ასე წარადგინეს: „ამ კომპოზიციას “Sometimes Everything Is Wrong” ჰქვია. ხანდახან ყველაფერი ცუდადაა და ახლა ეს ხდება უკრაინაში. მაგრამ მეგობრებთან ერთად, რომლებიც ჩვენ გვერდით დგანან, ყველაფრის გადალახვა უფრო მარტივია. ჩვენი ნამდვილი მეგობრები ქართველები არიან, რომლებიც მხარს გვიჭერენ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.”
ოლექსი ბადინი – DZ’OB-ის სამხატვრო ხელმძღვანელი, კომპოზიტორი:
„ეს ტურნე უკრაინაში, ლვოვში დაიწყო, შემდეგ იყო ლუქსემბურგი, ბერლინი, ნიდერლანდები და ახლა საქართველო. ჩვენი მიზანია, მსოფლიოს უკრაინული კულტურა გავაცნოთ, რომელსაც, სამწუხაროდ, არ იცნობენ. ყველამ იცის ჩერნობილი და შევჩენკო, მწერალი არა – ფეხბურთელი. ამიტომ გვინდა, ხალხმა ამის იქითაც გაგვიცნოს. სპეციალურად ამ ტურნესთვის დაიწერა კომპოზიცია სახელწოდებით “Замовляння”, რაც ნიშნავს შელოცვას. ეს ხალხური შელოცვაა ადამიანების გასაძლიერებლად. ომში მხოლოდ იარაღით არ იბრძვი, იბრძვი კულტურითაც. მათი მიზანი კი სწორედ ჩვენი კულტურის განადგურებაა.
რაც შეეხება ნიაზთან კოლაბორაციას, ძალიან კარგი გამოცდილება იყო. ის უფრო ხალხურია, ჩვენ – თანამედროვე, თუმცა ჩვენს მუსიკაშიც არის ხალხური ელემენტები, მაგრამ არა პირდაპირ – უფრო დამალულად. საინტერესო კოლაბორაცია იყო და ვფიქრობთ, კარგი გამოვიდა.”
კონცერტი თბილისის კულტურის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.