QUEMMEKH – ქართული მუსიკალური სცენის „არტ-სინდიკატი“

„გვინდა, ჩვენი მუსიკით ადამიანებს გადავცეთ გზავნილი, რომ პიროვნული გათავისუფლება სწორედ გაუაზრებლად აღიარებული ავტორიტეტების დაუმორჩილებლობით, შეუგუებლობით იწყება, რაც საბოლოოდ, საყოველთაო ცვლილებებში გადაიზრდება.“

წლების განმავლობაში მუსიკა, როგორც ხელოვნებისა და პოპ კულტურის ნაწილი, მნიშვნელოვნად იყო დაკავშირებული თაობების ღირებულებებთან. ის ინსპირაციას გარე სამყაროსგან იღებდა და ამავდროულად, ადამიანებს შთააგონებდა, ცვლიდა მათ ინტერესებს და ცხოვრების წესსაც კი. მუსიკა იმ ნიადაგად იქცა, რომელზეც არაერთი სუბკულტურა და კონტრკულტურა აღმოცენდა. გარემოებების გათვალისწინებით კულტურა, განსაკუთრებით კი მუსიკა, როგორც მისი ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი ფორმა, სოციალური და პოლიტიკური ცვლილებების პროცესში ყოველთვის დიდ როლს ასრულებდა. ასეთი ცვლილებები კი, სოციუმის თითოეული წევრის ღირებულებათა გადაფასებით იწყება. 

დღეს იმ ქართულ მუსიკალურ პროექტზე უნდა გიამბოთ, რომლისათვისაც პიროვნული თავისუფლება შემოქმედების მთავარ იდეად იქცა. 

თუკი შეგვიძლია QUEMMEKH დავახასიათოთ და ქართულ მუსიკალურ სცენაზე მისი ადგილი განვსაზღვროთ – ეს ერთი იდეის ირგვლივ, ხელოვნების სხვადასხვა ფორმის სინთეზია. როგორც ჯგუფის წევრები ამბობენ: „QUEMMEKH არტ-სინდიკატია“ და მუსიკა მხოლოდ მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. 

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

მუსიკალურ პროექტთან ერთად, QUEMMEKH სოციალური პროექტია. გარდა იმისა, რომ ვცდილობთ საინტერესო მუსიკა შევქმნათ, ის ცოდნის გავრცელებასაც ემსახურება. გვინდა, საზოგადოებამ პიროვნული თავისუფლების რეალური მნიშვნელობა გაიაზროს და სხვადასხვა სიტუაციიდან სწორი გამოსავლის პოვნა ისწავლოს. ჩვენი ქვეყნის რეალობიდან გამომდინარე, როგორც ხელოვანებს, არ გვაქვს ის მოცემულობა, რომ კორპორატიული მუსიკა შევქმნათ, გვქონდეს ლამაზი ბენდი და დავუკრათ ხალხის კარგ ხასიათზე დასაყენებლად. ჯერჯერობით გასართობი ბიზნესის კეთება არ შეგვიძლია, რადგან ამ ეტაპზე სოციალურ-პოლიტიკური გამოწვევები გვაქვს. ამ გამოწვევების დაძლევასა და ადამიანების ცნობიერების ამაღლებაში კი კულტურას იმდენად დიდი როლი აქვს, რომ ვფიქრობ, როგორც მუსიკოსებს სხვა პასუხისმგებლობები გვაქვს. გვინდა, ჩვენი მუსიკით ადამიანებს გადავცეთ გზავნილი, რომ პიროვნული გათავისუფლება სწორედ გაუაზრებლად აღიარებული ავტორიტეტების დაუმორჩილებლობით, შეუგუებლობით იწყება, რაც საბოლოოდ, საყოველთაო ცვლილებებში გადაიზრდება.“ – სანდრო ქერაულ QUEMMEKH-ის ფრონტმენი, ვოკალისტი.

QUEMMEKH, როგორც სახელოვნებო და სოციალური პროექტი, სხვადასხვა მედიაში მომუშავე არტისტების გაერთიანებაა. ამ არტისტების რაოდენობა მუდმივად იზრდება. ერთი კონცეფციისა და იდეის გარშემო ადამიანები ქმნიან ვიზუალურ ნამუშევრებს, ინსტალაციებს – რაც საბოლოოდ მუსიკით ერთიანდება და მთავარი გზავნილი სწორედ ამგვარი სინთეზური ფორმებით ვრცელდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ QUEMMEKH არის ის სივრცე, სადაც ახალგაზრდა არტისტებისათვის, ხელოვნების სხვადასხვა ფორმა საკუთარი სათქმელის გამოხატვის საშუალებაა. 

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

„ყველა ჩვენგანი მულტიმედია არტისტია. მე ჩემი სათქმელის გაზიარების საშუალებად მუსიკა ავირჩიე. ვიღაც ხატავს, ვიღაც ინსტალაციას აკეთებს, ვიღაც მერჩენდაიზის დიზაინზე მუშაობს. ჩვენს პროექტში  ყველაფერს თავისი მნიშვნელობა აქვს – ყველაფერი წინასწარ არის ნაფიქრი და გააზრებული.“ – დაჩი დოდაშვილი (ბასი, არანჟირება)

მსმენელებისათვის QUEMMEKH არა მხოლოდ მუსიკით, არამედ ტექსტებით, ვიზუალური შეფუთვით და აუდიტორიასთან კომუნიკაციით გამოირჩევა. ამას QUEMMEKH-ის სოციალური მედიის არხების დათვალიერებისას და კონცერტზე დასწრებისას მაშინვე დაინახავთ. ვიდეოები, პოსტერები, სასცენო იმიჯი – განსხვავებული ელემენტების თანხვედრით იქმნება ის ენერგეტიკა, რომელიც ბენდს აუდიტორიასთან აკავშირებს. 

ჩვენ შემთხვევაში ლაივებიც განსხვავებული მიდგომით იგეგმება. ესეც საერთო განწყობით არის გამოწვეული. ჯერ კონცეფციაზე ვფიქრობთ და შემდეგ, ამის მიხედვით ვარჩევთ სივრცეს, სადაც QUEMMEKH თავის მსმენელს ხვდება. დაგეგმილი კონცერტის წინ ხშირად თიზერებს ვაქვეყნებთ, რომლებიც კავშირშილაივის შინაარსთან. ეს ვიდეოები ფრაგმენტულია და მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ მათგანს თავისი ხაზი აქვს, QUEMMEKH-ის მსმენელები მათგან ყოველთვის თავისებურ იდეასა და გზავნილს იღებენ“ – ანიმა გელაშვილი, რეჟისორი.

QUEMMEKH ის პროექტია, რომელმაც უარი თქვა საკუთარი მუსიკის კომერციალიზაციაზე. ბენდის ტრეკებს ვერ მოისმენთ რეკლამებში, მას ვერ ნახავთ საერთო კონცერტებისა, თუ ფესტივალების ლაინაფში. აუდიტორიასთან კომუნიკაციის ერთადერთი ფორმა ის პლატფორმებია, სადაც QUEMMEKH-ის კონტროლი სრულად ვრცელდება. 

ჩვენი მთავარი პრინციპი გულწრფელობაა. ვფიქრობ, აუდიტორიის ერთგულება სწორედ ამ გულწრფელობით დავიმსახურეთ. შევამჩნიეთ, რომ ჩვენს მსმენელს მუსიკის გაზიარება არ უყვარს, რაღაც დროს QUEMMEKH თავისთვის აღმოაჩინეს და ის მათთვის ძვირფასი და პირადი  გახდა.“ – სანდრო ქერაული.

QUEMMEKH  ქართულენოვანი ტექსტებითა და დამახასიათებელი ჟღერადობით მსმენელს ხისტად უბიძგებს რეალობას შეეჯახოს. ეს რეალობა იმ ილუზიურ სამყაროს არ  ჰგავს, რომელსაც თანამედროვე მუსიკოსები ტექსტებში ხშირად აღწერენ. ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ მათი მუსიკა ერთგვარ გამოღვიძებას და ხშირად, საკმაოდ მტკივნეული ყოველდღიურობისათვის თვალის გასწორებას ემსახურება, რათა მსმენელმა სწორი დასკვნების გამოტანა შეძლოს. 

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

შესაძლოა უსმენდე მუსიკას, რომლის ტექსტებმა განუგეშოს, გაგართოს, თუმცა, როდესაც შენი კომფორტის ზონას ტოვებ, ხვდები, რომ სხვა რეალობაში ცხოვრობ;  რომ ყველაფერი არც ისე კარგად არის. ჩვენი თითოეული ტრეკი გულწრფელად და პირდაპირ ასახავს რეალობას. QUEMMEKH-ის მსმენელებიც ალბათ ამით განსხვავდებიან სხვებისგან – რეალობის მიღების არ ეშინიათ.“ – ნიკა მოსიაშვილი (წამყვანი გიტარა, არანიჟირება)

QUEMMEKH პროექტის მარკეტინგულად შეფუთვისაგან თავისუფალია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა დეტალი – დაწყებული ივენთის საანონსე ვიდეოდან, დასრულებული პოსტერით – ერთმანეთთან იდეურ კავშირშია, ბენდის წევრები პროდუქტის გაყიდვას არ ცდილობენ. ამის მიუხედავად, ჯგუფის ყოველი ლაივის წინ, შესასვლელ კართან დიდ რიგს ნახავთ. QUEMMEKH მსმენელს პირდაპირ ეკონტაქტება, თანასწორად მიიჩნევს და კონცერტზე მისული სწორედ ეს გაფიქრებინებს, რომ თითოეული ტრეკი კონკრეტულად შენთვის დაიწერა. 

QUEMMEKH პირდაპირ ეუბნება თავის მსმენელს, რომ იყოს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. ყოველ ჯერზე, როცა ადამიანი ჩვენი კონცერტის სივრცეში შემოდის, გვინდა იცოდეს, რომ ის შესაბამის სტანდარტებს აკმაყოფილებს. ხშირად ღიად სნობებიც ვართ. თუმცა, არასდროს არ ვატყუებთ აუდიტორიას და არ ვცდილობთ, კარგი დროის გატარების დაპირებებით და ფერადი პოსტერებით ბილეთი ვაყიდინოთ, რათა სარგებელი მივიღოთ.“ – სანდრო ქერაული.

QUEMMEKH-ის მუსიკა ჟანრობრივად სინთეზურია, თუმცა წამყვანი მეტალია. თანამედროვე მუსიკალური ინდუსტრიის კურსის გათვალისწინებით, ამ არც ისე პოპულარულ ჟღერადობას ბენდისათვის ხელი არ შეუშლია, რომ ახალი თაობის ერთ-ერთ საყვარელ მუსიკალურ პროექტად ქცეულიყო. 

და ბოლოს, დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი მთავარი დეტალი, რაც QUEMMEKH-ის მუსიკაში იგრძნობა, საკუთარი შემოქმედებისადმი ცნობიერი მიდგომაა. 

ჩვენთვის ხელოვნება პოლიტიკური აქტია და ამ პროცესში ძალიან გაცნობიერებულად ვართ ჩართული. გააზრებული გვაქვს, სად ვცხოვრობთ, რა რეალობას ვუპირისპირდებით და რა მიზნისკენ მივდივართ“ – სანდრო ქერაული.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

50 Cent ამბობს, რომ ემინემთან თანამშრომლობით ფილმის “8 Mile” სატელევიზიო ვერსიას გამოუშვებს

შემდეგი სტატია

ჰეილი ბიბერს მაისურზე „ნეპო ბავშვი” აწერია

შეიძლება დაგაინტერესოთ

პაატა ვახტანგიშვილი - მსახიობი

 პაატა ვახტანგიშვილი: „თეატრი მიყვარს, მაგრამ ახლა კინოზეც ვფიქრობ“…

ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვერის თეატრში სპექტაკლების საყურებლად ხშირად დადიოდა. ერთხელ წარმოდგენაშიც ჩართეს, თუმცა მაშინ მსახიობობაზე არ ფიქრობდა.…
მეტი

კანიე უესტს ყოფილი ასისტენტი უჩივის, რომელიც ამტკიცებს, რომ Diddy-ს სტუდიური სესიის დროს ის ნარკოტიკებით მოწამლეს და შემდეგ სექსუალურად იძალადეს 

ლორენ პისკიოტამ უესტს მანამდე ივნისშიც უჩივლა.
მეტი

„მე გადმოვცურავ ზღვას” – ბასა ჯანიკაშვილის პიესის პრეზენტაცია

პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა „ახალ თეატრში” 2022 წელს შედგა და უკვე ორი წელია, სრული ანშლაგით მიმდინარეობს.
მეტი