დევიდ ქროსბი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა ოჯახმა დაადასტურა. გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
ქროსბი ფოლკ-როკის პიონერი იყო როგორც The Byrds-ისა და Crosby, Stills & Nash-ის წევრი. თუმცა საკმაოდ მდიდარი სოლო კარიერაც ჰქონდა, განსაკუთრებით – ბოლო წლებში.
ქროსბის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან მისი ბენდის წევრები:
„ძალიან დიდი მწუხარებით შევიტყვე, რომ ჩემი მეგობარი დევიდ ქროსბი გარდაიცვალა,” – დაწერა გრეჰემ ნეშმა. „ვიცი, რომ ახლა ადამიანებს გაახსენდებათ ის, თუ როგორი ცვალებადი იყო ჩვენი ურთიერთობა სხვადასხვა დროს. მაგრამ ის, რასაც ნამდვილად ჰქონდა მნიშვნელობა დევიდისთვის და ჩემთვის, იყო წმინდა სიხარული იმ მუსიკისა, რომელსაც ერთად ვქმნიდით. ხმა, რომელსაც ერთად აღმოვაჩენდით და ის დიდი მეგობრობა, რომელსაც წლების განმავლობაში ვიზიარებდით. დევიდი უშიშარი იყო ცხოვრებაშიც და მუსიკაშიც. იგი თავის გონებასა და გულს საოცარი მუსიკით გამოხატავდა. ჩემი გული ახლა მის მეუღლესთან, მის ვაჟებთან და იმ ადამიანებთანაა, რომლებიც მისთვის ძვირფასი იყო. დევიდი უდავოდ დიდი მუსიკოსი იყო. უსაზღვროდ მომენატრება.”
ქროსბი the Byrds-ს 1964 წელს შეუერთდა და ჯგუფი 1967 წელს დატოვა. სტილსთან და ნეშთან შეხვედრის შემდეგ კი ჩამოაყალიბა ტრიო სახელწოდებით Crosby, Stills & Nash. ბენდმა 1969 წელს ვუდსტოკის ფესტივალზეც იმღერა.
მათი სადებიუტო ალბომი ორჯერ მოხვდა ბილბორდის 100 ჰიტის ტოპ 40-ში. 1969 წელს საუკეთესო ახალბედა არტისტის ნომინაციაში ტრიომ გრემიც აიღო. ამავე წელს ბენდს ნილ იანგი შეუერთდა და მათი 1970 წლის ალბომი Deja Vu ბილბორდის ასეულის პირველ ადგილს იკავებდა.
1970 წელს იანგმა ჯგუფი დატოვა. CSN-ს კი ახალი ალბომი 1977 წლამდე აღარ გამოუშვია. 2016 წელს ჯგუფი დაიშალა, მაგრამ როგორც ნეშმა 2022 წელს თქვა, მათ რაღაც ნამდვილად განსაკუთრებული შექმნეს. „ჩვენი მეგობრების სახლებში დავდიოდით მე, დევიდი და სტივენი გიტარებით. ეს საოცარი იყო. სიმღერის ახალი მეთოდი აღმოვაჩინეთ. ჩვენი სამი ხმის შერწყმით ერთ ხმას ვქმნიდით. ხალხს ვაგიჟებდით. არ სჯეროდათ, რასაც ვაკეთებდით. იატაკზე იწვნენ. სწორედ ეს კადრი მაქვს გონებაში, როცა იმ პერიოდს ვიხსენებ.”
2021 წელს Guardian-თან საუბარში ქროსბი ამბობდა, რომ ის მუსიკა ერჩივნა, რომელსაც CSN და CSNY-თან ერთად ქმნიდა. „არც შევადარებ. CSN და CSNY-ის ბევრად დახვეწილი ბენდები იყო, ვიდრე the Byrds.”
ქროსბის ასევე წარმატებული სოლო კარიერა ჰქონდა. 1971 წელს სოლო ალბომი გამოუშვა სახელწოდებით If I Could Only Remember My Name. მან და ნეშმა ცალკე რამდენიმე სტუდიური და ლაივ ალბომებიც ჩაწერეს. 2014 წელს 20 წლის შემდეგ დევიდმა ალბომი Croz გამოუშვა. მას შემდეგ კიდევ 5 ალბომი გამოსცა .
წლების განმავლობაში ქროსბი ნარკოტიკულ ნივთიერებაზე დამოკიდებულებას ებრძოდა. ნარკოტიკების შენახვისთვის 1985 წელს საპატიმროშიც მოხვდა. 2004 წელს კი კიდევ ერთხელ, მცირე ხნით დააპატიმრეს ნარკოტიკებისა და იარაღის შენახვისთვის.
2019 წელს დევიდ ქროსბიზე დოკუმენტური ფილმი Remember My Name გამოვიდა. ფილმზე საუბრისას ბილბორდთან ინტერვიუში ქროსბი ამბობდა: „როცა ბენდში ხარ, ეს ქორწინებასავითაა… იწყებ, გიყვართ ერთმანეთი, გიყვართ ერთმანეთის მუსიკა. ყოველ ჯერზე, როცა მუსიკას უკრავ, გრძნობთ ერთმანეთთან ძმობას. თუმცა CSNY-ში ნილთან, გრეჰემთან და სტივენთან ჩვენ ნამდვილი კონკურენტუნარიანი ჯგუფი ვიყავით – ერთმანეთის მიმართ არალოიალურები.”
ნეშმა და იანგმა დევიდთან ყველანაირი კონტაქტი გაწყვიტეს და როგორც ამბობენ, მის გარდაცვალებამდე არ შერიგებულან. სტილსს კი ქროსბისთან ურთიერთობა არ შეუწყვეტია. ამის შესახებ მან გასულ ზაფხულს ისაუბრა.
როგორც ჩანს, თავად ქროსბი ხვდებოდა, რომ მისი „საათი წიკწიკებდა”. 2021 წელს ინტერვიუში მან ასეთი რამ თქვა: „არ ვიცი, რამდენი დრო დამრჩა. შეიძლება ორი კვირა, შეიძლება ათი წელი. მაგრამ ცხოვრების ბოლოსკენ ვარ. ეს ყველამ ვიცით. თუმცა მნიშვნელოვანი ის კი არაა, რომ ბევრი დრო მქონდეს. მთავარი ისაა, თუ რას გავაკეთებ ამ დროში. მგონია, რომ ერთადერთი, რაც შემიძლია გავაკეთო და ნამდვილად კარგად გავაკეთო, ეს მუსიკაა. ასე რომ, ახლა სწორედ ესაა, რასაც ვაკეთებ.”
ქროსბი გრემიზე ათჯერ არის ნომინირებული, თუმცა ჯილდო ერთხელ აქვს მოგებული CSN-თან ერთად საუკეთესო ახალბედა არტისტის ნომინაციაში. მას ორი ვაჟი და მეუღლე ჰყავს, რომელთანაც 35 წელი გაატარა.
გთავაზობთ 1960 წლიდან მოყოლებული ქროსბის ცხოვრებისა და კარიერის ამსახველ ფოტოებს: