ცნობილი ამერიკული როკ ჯგუფის, KISS-ის შესახებ Netflix-ზე ბიოგრაფიული ფილმი გამოვა. როგორც ბენდის მენეჯერი დოქ მაკგი იუწყება, ფილმის პრემიერა სტრიმინგ სერვისზე 2024 წელს იგეგმება.
მაკგიმ დაანონსებულ პროექტზე მაიკ ბრანის შოუში სტუმრობისას ისაუბრა და გაამხილა, რომ ეს ნამუშევარი KISS-ის დაარსებიდან პირველ ოთხ წელიწადზე ფოკუსირდება. მისი თქმით, პროექტი ახლა იწყება და რეჟისორიც შერჩეულია. დოქ მაკგის მიერ გაჟღერებული ინფორმაციით, KISS-ის ბიოგრაფიულ ფილმს „ჩარლის ანგელოზების“ სამივე ნაწილის შემქმნელი ამერიკელი რეჟისორი – McG გადაიღებს. აღსანიშნავია, რომ Billboard-მა McG-ის დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართა, თუმცა მის ოფიციალურ წარმომადგენელს კომენტარი არ გაუკეთებია და ფილმში რეჟისორის ჩართულობა არ დაუდასტურებია.
ფილმის გადაღების გეგმის შესახებ ინფორმაცია გულშემატკივრებს ჯერ კიდევ 2021 წელს KISS-ის ვოკალისტმა და თანადამფუძნებელმა პოლ სტენლიმ გაუზიარა . მუსიკოსმა სოციალურ ქსელ twitter-ზე გამოცემა Deadline-ის სტატიის ბმული გამოაქვეყნა, რომელშიც პროექტის ადრეული ეტაპის დეტალები იყო განხილული. სტატიაში ნათქვამი იყო, რომ ბენდის შესახებ Bohemian Rhapsody-ის სტილის ფილმის, სახელწოდებით Shout It Out Loud გადაღება იგეგმებოდა.
ცნობილია, რომ პოლ სტენლი და ბენდის თანადამფუძნებელი, ბასისტი და ვოკალისტი ჯინ სიმონსი ფილმის პროექტში აქტიურად არიან ჩართული. ეს ნამუშევარი ჯგუფის წევრების მრავალწლიან მეგობრობას ქრონოლოგიურად გადმოსცემს. სიუჟეტი ადრეული 70-იანი წლების ნიუ იორკში განვითარდება – მაშინ, როცა ბენდი ჩამოყალიბდა.
ამჟამად KISS ბოლო საკონცერტო ტურნეს მართავს. მსოფლიო ტურნე სახელწოდებით – End of the Road World Tour 2023 წლის 2 დეკემბერს ნიუ იორკში, Madison Square Garden-ში გამართული შოუთი დასრულდება.
როგორც KISS-ის მენეჯერმა დოქ მაკგიმ მაიკ ბრანის შოუში განაცხადა, ბოლო საკონცერტო ტურნე ჯგუფის, როგორც ბრენდის დასასრულს არ ნიშნავს. მაკგიმ KISS „მარველის“ სამყაროს შეადარა. „არ ვფიქრობ, რომ KISS სადმე მიდის და სრულდება“ – აღნიშნა დოქ მაკგიმ.
ნახეთ დოქ მაკგის ინტერვიუ: