გიორგი გიგაშვილი რუბინშტეინის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის მაყურებლის რჩეული გახდა! კონკურსის გამარჯვებულთა ვინაობა გუშინ, ფინალური სესიების დასრულების შემდეგ დასახელდა და ქართველ პიანისტს საერთაშორისო ჟიურიმ მეორე ადგილი მიანიჭა. დღეს კი დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც სხვა პრიზების მფლობელებიც დასახელდნენ.
მაყურებლის რჩეულის გარდა, გიორგი გიგაშვილი გახდა კონკურსის ახალგაზრდა ჟიურის მიერ არჩეული გამარჯვებულიც. ქართველ პიანისტს გადაეცა ასევე ჯილდოები: ისრაელის მშვიდობის პრიზი და პრიზი კამერული მუსიკის საუკეთესოდ შესრულებისთვის. ჯამში ქართველი პიანისტი მონაწილეთა შორის ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი გახდა!
დაჯილდოების ცერემონიაზე დასახელდნენ ისრაელის ხუთი მუნიციპალიტეტის რჩეულებიც, სადაც ფინალური კონცერტები დიდ ეკრანზე გადაიცემოდა. თითოეულმა მუნიციპალიტეტმა საკუთარი აუდიტორიის რჩეული გამოავლინა, რომელსაც კონკურსის შემდგომ თავისთან უმასპინძლებს. ხუთი მუნიციპალიტეტიდან ოთხის რჩეული გიორგი გიგაშვილი გახდა, რის შემდეგაც წამყვანმა ქართველ პიანისტს მიმართა, რომ მას კიდევ ოთხ ქალაქში მოუწევდა დაკვრა.
გიორგი გიგაშვილის ყოველ გამოცხადებას მაყურებელი ოვაციებით ხვდებოდა. როცა წამყვანმა დარბაზს მიმართა, რომ ახლა სწორედ მათი რჩეულის გამოვლენის დრო იყო, მისი ვინაობის დასახელებამდე მცირე პაუზა გააკეთა. აუდიტორიამ კი ზუსტად იცოდა, ვინ იყო მისი რჩეული და ვინაობის გამხელამდე აპლოდისმენტებით შეხვდა გამარჯვებულს, რის შემდეგაც წამყვანმა კიდევ ერთხელ გამოაცხადა გიორგი გიგაშვილი.
ნახეთ მაყურებლის რჩეულის დასახელება და დარბაზის რეაქცია