„ბრაზილიური როკის დედოფლის“ სახელით ცნობილი რიტა ლიი 8 მაისს 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. არტისტი ფილტვის კიბოს ებრძოდა. მუსიკოსს დიაგნოზი 2021 წელს დაუსვეს.
როგორც გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, გარდაცვალების ღამეს რიტა ლიი სან-პაოლოში, საკუთარ სახლში ახლობელი ადამიანების გარემოცვაში იმყოფებოდა.
გრემის მფლობელი რიტა ლიი ცნობილი იყო თავისი ჟანრობრივი მრავალფეროვნებით, რომელიც აერთიანებდა პოპს, MPB-ს, ბოსა-ნოვას. ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრაზილიელ მუსიკოსად მიიჩნევა. გასულ წელს რიტა ლის ლათინური გრემის საპატიო ჯილდო გადაეცა, თუმცა არტისტი ლას ვეგასში გამართულ დაჯილდოების ცერემონიას ვერ დაესწრო.
„რიტა ლიი იყო არტისტი თავისი ხედვით და ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მომღერალი/სიმღერების ავტორი ბრაზილიის ისტორიაში“ – თქვა მანუელ აბუდმა, ლათინური ხმისჩამწერი აკადემიის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა. „ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც მისი მუსიკა უყვარდა“
რიტა ლიი 1947 წლის 31 დეკემბერს სან-პაოლოში დაიბადა. მუსიკალური კარიერა ბენდთან – Os Mutantes-თან ერთად დაიწყო. ამის შემდეგ რიტა ლი მსმენელის წინაშე სოლო შემსრულებლის სტატუსით წარდგა.
2015 წელს რიტა ლიმ საკუთარი შემოქმედებითი კარიერა CD კოლექციის გამოშვებით აღნიშნა, შემდეგ წელს კი ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა.
Რიტა ლიის საჯარო პანაშვიდი 10 მაისს სან-პაოლოში გაიმართება. როგორც ოჯახმა განაცხადა, გარდაცვლილი არტისტის სურვილისამებრ, მის ნეშტს კრემაცია ჩაუტარდება.