Imagine Dragons-ის კონცერტი საქართველოში

„ეს პირველია იმ ბევრი კონცერტიდან, რომელსაც აქ დავუკრავთ,” – განაცხადა ჯგუფის სოლისტმა დენ რეინოლდსმა.

Starring Georgia-ს ფარგლებში თბილისში Imagine Dragons-ის კონცერტი გაიმართა, რომელსაც ქართველი მსმენელი დიდი ხანია, მოუთმენლად ელოდა. კონცერტი ბენდის გულშემატკივრებით გადაჭედილ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგა. 

საღამოს მთავარ გამომსვლელებამდე სცენა ქართულმა ბენდმა Killages-მა გაახურა. ჯგუფმა თავისი რეპერტუარიდან მსმენელისთვის უკვე კარგად ნაცნობი სიმღერები შეასრულა. 

„მეგობრებო, გაგვამხნევეთ. ჩვენთვის Პირველია, ასეთი მასშტაბური ლაივი არასდროს გვქონია,” – მიმართა აუდიტორიას ბენდის სოლისტმა გუგა მაჭარაშვილმა. საპასუხოდ ჯგუფმა დარბაზისგან მართლაც დიდი მხარდაჭერა და აქტიურობა მიიღო. აუდიტორია სიმღერებს ზეპირად ჰყვებოდა და მათი უმეტესობა ბენდმა სწორედ მსმენელთან ერთად შეასრულა. განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა ჯგუფის ქართულენოვანი კომპოზიცია „ისევ”, რომელსაც მთელი სტადიონი აჰყვა.

Killages-ის შემდეგ კი სცენაზე უკვე Imagine Dragons წარდგა, რომელიც თბილისს მსოფლიო ტურნეს Mercury-ს ფარგლებში ეწვია. ჯგუფმა კონცერტი, ტრადიციულად, სიმღერით My Life გახსნა. შემდეგ კი  ერთ-ერთი გამორჩეული ჰიტი Believer შეასრულა, რომელსაც აუდიტორიის მხრიდან დიდი ოვაციები მოჰყვა. 

კონცერტის დასაწყისში Imagine Dragons-ის სოლისტი დენ რეინოლდსი მსმენელს მიესალმა. „ჩვენთვის პატივია ამ საღამოს თქვენთან ერთად ყოფნა. მადლობა, რომ ამ ლამაზ ქალაქში გვმასპინძლობთ, საოცარი საკვებით. ჩვენ აქ გაშლილი ხელებით მიგვიღეს. დიდხანს მოვდიოდით და აი, აქ ვართ. და ამ საღამოს ყველაფერს მოგცემთ, რაც გაგვაჩნია. ამას გპირდებით!”

ჯგუფმა პირობა შეასრულა და მაყურებელს ემოციებით სავსე საღამო აჩუქა. ემოციებს ვერ მალავდა თავად რეინოლდსიც, რომელმაც კონცერტის მსვლელობისას ბევრჯერ გამოხატა სიყვარული და მადლიერება ქართველი აუდიტორიის მიმართ და მსმენელს სიტყვით არაერთხელ მიმართა. ემოციური იყო შესავალიც, რომელიც მან მსოფლიო ჰიტის Thunder-ის შესრულებამდე გააკეთა:

„წლების წინ ლას ვეგასში, როცა თეთრ დაფაზე დავწერეთ ჩვენი სახელი Imagine Dragons, იქვე მივაწერეთ ჩვენი მიზნები. ჩვენ ვიყავით მუსიკოსები, რომელთაც უბრალოდ მუსიკის დაკვრა უყვარდათ. და ჩვენი მიზანი იყო, პირველ რიგში, ის, რომ შეგვძლებოდა, გვეკეთებინა ის, რაც გვიყვარდა – დაგვეკრა მუსიკა. ჩვენი მეორე მიზანი კი ის იყო, რომ დაგვეკრა მთელი მსოფლიოს გარშემო, რაც შეიძლება მეტ ადგილას. დღეს კი, როცა ჩვენ აქ პირველად ვართ, ისევ ვუყურებთ ჩვენს თეთრ დაფას და საოცარ მადლიერებას ვგრძნობთ. მადლობა, რომ მიგვიღეთ. მადლობა, რომ საშუალებას გვაძლევთ, მუსიკა მთელი მსოფლიოს გარშემო დავუკრათ. გვიყვარხართ!”

კონცერტზე ჯგუფმა ისეთი ჰიტები შეასრულა, როგორებიცაა Natural, Whatever It Takes, Bad Liar, Enemy, Demons, Forever Young და სხვები. I Bet My Life-ის შესრულებისას კი დენ რეინოლდსი დარბაზში ჩავიდა და გულშემატკივრებს პირადად შეხვდა.

„ეს პირველია იმ ბევრი კონცერტიდან, რომელსაც აქ დავუკრავთ,” – თქვა რეინოლდსმა. „თქვენ თავი სახლში გვაგრძნობინეთ იმ წამიდან, რაც აქ ჩამოვედით. აქ საოცარი ხალხია. ძალიან კარგი აუდიტორია ხართ და მადლობა ამისთვის. როცა მსოფლიოს სხვა ნაწილში ხარ, ოჯახისგან და შვილებისგან შორს, ვერ გეტყვით, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ თავს სახლში ვგრძნობდეთ, როცა რეალურად სახლიდან შორს ვართ. მადლობა ამისთვის!” – აღნიშნა რეინოლდსმა და მორიგი ჰიტი Bad Liar შეასრულა.

რეინოლდსმა სცენიდან ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც ისაუბრა, საკუთარი გამოცდილება გააზიარა და ამ პრობლემების მქონე ადამიანებს ბრძოლისკენ მოუწოდა. „მიზეზი, რის გამოც ახლა ამ სცენაზე ვარ, ის ადამიანები არიან, რომლებიც ცხოვრების გზაზე დამეხმარნენ. თუ მარტო გრძნობთ თავს, თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ცხოვრება არაფრად ღირს, გთხოვთ, ეს თქვენში არ დაიტოვოთ! დაელაპარაკეთ მეგობრებს, თუ საშუალება გაქვთ, მიდით სპეციალისტთან…  თქვენი ცხოვრება ყოველთვის ღირს! დარჩით ჩვენთან, გთხოვთ! მე ხშირად ვგრძნობ დეპრესიას. ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია და ის ბრუნდება ხოლმე ციკლებად. არ მაქვს არანაირი მიზეზი და არც ამის ახსნა არსებობს ყოველთვის – ის უბრალოდ არის. მაგრამ დარჩით ჩემთან! დარჩით ცოცხლები! ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით!”

ემოციებით სავსე საღამოს ბოლო კომპოზიცია Walking the Wire იყო. ქართველ მსმენელს კი Imagine Dragons კონცერტის პირველი სიმღერის – My Life-ის განმეორებით შესრულებით დაემშვიდობა.  

photo: Black Sea Arena
Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნიკი მინაჟმა ახალი ტრეკი  Last Time I Saw You გამოუშვა

შემდეგი სტატია

წინანდლის ფესტივალი მეხუთე საიუბილეო სეზონით გაიხსნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი