ქართველი რეჟისორი, რომელიც მსოფლიო მუსიკალურ, კინო და სარეკლამო ინდუსტრიაში მოღვაწეობს – ინტერვიუ ლადო კვატანიასთან

ლადო კვატანია არაერთი მუსიკალური ვიდეოს შემქმნელია. მათ შორისაა Cardi B-ის, კანიე უესტისა და Lil Durk-ის ტრეკზე – Hot Shit გადაღებული ვიდეო.

ლადო კვატანია წარმოშობით ქართველი რეჟისორია, რომლის სახელსაც დღეს მსოფლიო მასშტაბით კინოსა და მუსიკალურ ინდუსტრიაში კარგად იცნობენ. მისი ფილმოგრაფია არაერთ მოკლემეტრაჟიან კინოსურათს აერთიანებს. ისინი ესთეტიკურად და ჟანრობრივად დამახასიათებელი ხელწერის მატარებელია. ლადო კვატანიას ნამუშევრებში რეალიზმი და სამეცნიერო ფანტასტიკა ერთმანეთს ერწყმის. ლადოს არაერთი საერთაშორისო კინემატოგრაფიული ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის არის კანის კინოფესტივალის ახალგაზრდა რეჟისორების ჯილდო. წლების განმავლობაში ლადო კვატანიამ კომერციული პროექტების ფარგლებში ისეთ კომპანიებთან ითანამშრომლა, როგორებიც არის: Reebok, Haval, Volkswagen, Google, Vogue, Beats by Dre. რაც შეეხება მუსიკალურ ნამუშევრებს, ლადო კვატანია 20-მდე მუსიკალური ვიდეოს შემქმნელია. მათ შორისაა Cardi B-ის, კანიე უესტისა და Lil Durk-ის ტრეკზე Hot Shit გადაღებული ვიდეო. აღსანიშნავია, რომ მუსიკალური ვიდეოს დასაწყისში, ერთ-ერთ პირველ კადრად მაყურებელი სწორედ რეჟისორის სახელს და გვარს ხედავს. ლადო კვატანიას მიერ შექმნილ ვიდეოებს შორისაა ჯგუფ „მგზავრების“ მუსიკალური ფილმი, რომელიც გადაღებულია კომპოზიციაზე „ვალსი“. 

„Billboard საქართველომ“ ლადო კვატანიასთან ინტერვიუ ჩაწერა. რეჟისორმა კარიერის საწყის ეტაპზე, შემოქმედებით განვითარებასა და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელმაც მისი როგორც რეჟისორის მსოფლიო წარმატება განაპირობა. 

ლადო კვატანია

ლადო კვატანიას შემოქმედებითი მოღვაწეობა თეატრით დაიწყო. როგორც თავად ამბობს, მის გეგმაში თავდაპირველად კინორეჟისორის კარიერა არ იყო. ცნობისმოყვარეობამ და გამოწვევების დაძლევის სურვილმა, ლადო კვატანიას მრავალმხრივი კარიერა განაპირობა და რეჟისორთან ერთად, ის სცენარისტი და პროდიუსერიც გახდა. 

ლადო კვატანია: „ისტორიების წერა ადრეული ასაკიდანვე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საქმე იყო, ამიტომაც გადავწყვიტე სცენარისტობა მეცადა. როდესაც კინემატოგრაფია კიდევ უფრო კარგად გავიცანი, მივხვდი, რომ მუსიკალური ვიდეოები პატარა ფილმებია, რომლებიც თავისი დრამატურგიული სტრუქტურით ამბებს ჰყვებიან. რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღების შემდეგ გადავწყვიტე, მუსიკალური ვიდეოების რეჟისურა მეცადა და ეს მედიუმი კიდევ უფრო კარგად შემესწავლა. გადავწყვიტე მეტად გავრცელებული ფორმატისაგან გადამეხვია და მუსიკალურ ვიდეოებში ისტორია მეტად ინოვაციური გზით გადმომეცა. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ეს ხედვა ნაკლებად პოპულარული იყო, შთაგონებას ისეთი ექსპერიმენტული პიონერი არტისტებისგან ვიღებდი, როგორებიც არიან Unkle, Radiohead, Massive Attack და სხვები.“ 

ლადო კვატანიას მუსიკალური ვიდეოებში ვიზუალური თხრობის ხერხები დრამატურგიულ სტრუქტურასთან გაერთიანდა და მუნჯი კინოს სპეციფიკას დაუახლოვდა. როგორც რეჟისორი აღნიშნავს, მისთვის ეს სწავლის და განვითარების მეთოდი იყო, რათა ახალი ხერხები აღმოეჩინა. სარეკლამო ინდუსტრიაში მუშაობამ, განსაზღვრული ბიუჯეტით პროექტების წარმოებამ, ლადო კვატანიას როგორც პროდიუსერის უნარებიც განავითარა. მრავალმხრივი გამოცდილების შემდეგ, ლადო კვატანიამ თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი The Execution გადაიღო. 

ლადო კვატანიას ამ დროს უკვე გაცნობიერებული ჰქონდა, რომ თეატრის რეჟისორის პროფესია არასწორად აირჩია, თუმცა ამ სფეროში მუშაობამ მის სარეჟისორო ნამუშევრებზე დიდი გავლენა მოახდინა. მაგალითად, მეტაფორის გამოყენება ასწავლა, რაც მისი ნამუშევრებისათვის ერთ-ერთი დამახასიათებელი ღირებულებაა. ლადო კვატანიას თქმით, მას ქართული კინემატოგრაფიის პიონერები ძლიერად შთააგონებენ. ინსპირაციის წყაროებად ასახელებს ისეთ ხელოვანებს, როგორებიც არიან: გიორგი დანელია, თენგიზ აბულაძე, სერგო ფარაჯანოვი. როგორც თავად ამბობს, მათ ნამუშევრებში განსაკუთრებით ცოცხალი და კომპლექსური პერსონაჟები ხიბლავს. 

სხვადასხვა მედიუმში მუშაობა ლადო კვატანიასათვის განსხვავებული გამოწვევებით მიღებული გამოცდილება იყო. გარდა შემოქმედებითი ხედვის გაზრდისა, ეს ინდუსტრიის, როგორც ბიზნესის უკეთ გაგებაში დაეხმარა. 

„რეკლამაზე მუშაობა საშუალებას გაძლევს განსაზღვრული ბიუჯეტით სხვადასხვა ჟანრში იმუშაო, ახალი ტექნოლოგიები გამოიყენო და ამასთან ერთად, სახელოვნებო მიდგომა შეინარჩუნო. გარდა ამისა, სარეკლამო ინდუსტრიაში მუშაობა რეჟისორისათვის ფინანსურად საკმაოდ მომგებიანია, რაც შემდგომ საავტორო ნამუშევრებისათვის რესურსს გაძლევს. რეკლამაზე თუ კლიპზე მუშაობისას აუცილებელია კომერციულ ნამუშევარსა და შემოქმედებითობას შორის ბალანსი არ დაკარგო.“ 

ლადო კვატანიას ნამუშევრებიდან ქართველი აუდიტორია „მგზავრების“ მუსიკალურ ვიდეოს სახელწოდებით „ვალსს“ კარგად იცნობს. შავ-თეთრი ვიდეო სწორედ ლადო კვატანიას გადაღებულია. როგორც ლადო აღნიშნავს, მისთვის ეს ნამუშევარი ქართულ კულტურასთან ერთგვარად ხელახლა დაკავშირება აღმოჩნდა. 

„როდესაც საქმე მუსიკალურ ვიდეოებს ეხება, როგორც წესი, ისეთ არტისტებთან ვთანამშრომლობ, რომლებიც არ მზღუდავენ და შემოქმედებით თავისუფლებას მაძლევენ. იმისათვის, რომ მუსიკოსთან ვიმუშაო, აუცილებელია არტისტი ჩემს კრეატიულ ხედვას ენდოს. ჩემი ხელწერა ვირუსული და ტრენდული ნამუშევრის შექმნა არ არის. ამის ნაცვლად, ამბის თხრობა მომწონს. შესაძლოა, ვიზუალური ნამუშევარი ტექსტთან თანხვედრაში არ იყოს, თუმცა, ჩემი აზრით, ეს საჭირო არც არის – მე ტექსტის ილუსტრაციას არ ვქმნი.“ 

ლადო კვატანიასთვის ერთ-ერთი დიდი კოლაბორაცია Cardi B-სთან და კანიე უესტთან თანამშრომლობა იყო. ლადო ამბობს, რომ ამ პროექტზე მუშაობისას სურდა, ამბის თხრობის უნარები სათანადოდ გამოეყენებინა, თუმცა, გარემო პირობების გათვალისწინებით, რეჟისორს თავდაპირველ ხედვაზე უარის თქმა მოუწია.

„პროექტზე მუშაობის პერიოდში ომი დაიწყო და გადავწყვიტეთ მარტივი ვიდეო შეგვექმნა. ჩემთვის ეს ახალი გამოწვევა და საინტერესო გამოცდილება იყო. ასევე, საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოჩნდა ასეთ დიდ არტისტებთან თანამშრომლობა, მაგრამ ვიდეოს გამოსვლის შემდეგ გადავწყვიტე, მსგავსი ვიდეოების გადაღებაზე უარი მეთქვა. ვფიქრობ, ასეთი ვიზუალური ნამუშევრების შექმნა ჩემი შემოქმედებითი განვითარებისათვის კარგი არ არის. მუდმივად ვცდილობ ჩემს ნამუშევრებში რაღაც ახალი შევიტანო. ჩემთვის, როგორც არტისტისათვის აუცილებელია, რომ სიახლის და აღფრთოვანების განცდა მქონდეს. სწორედ ამის გამო, ახალ გამოწვევებს მუდმივად ვეჭიდები და კომფორტის ზონას ვტოვებ.“ 

მიუხედავად სტილისტური გადახვევისა, მსოფლიო მასშტაბის არტისტთან მუშაობა ნებისმიერი რეჟისორისათვის დიდი წარმატებაა. „Billboard საქართველო“ დაინტერესდა, თუ რა გზა გაიარა ლადო კვატანიამ, სანამ თანამედროვე პოპ კულტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური წარმომადგენლების მუსიკალური ვიდეოს რეჟისორად დაამტკიცებდნენ.

Cardi B – Hot Shit ft Kanye West & Lil Durk

„მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა სააგენტოსთან ვთანამშრომლობ. ერთ-ერთი მათგანია „გრემის“ ნომინანტი ამერიკელი რეჟისორის და პროდიუსერის ფრენკ ბორინის სააგენტო. სწორედ ის იყო Cardi B-ის მუსიკალური ვიდეოს შექმნის პროექტის სათავეში. Hot Shit-ის რეჟისურაზე მუშაობა ფრენკის შემოთავაზება იყო. პროექტზე ექვსი თვის განმავლობაში ვმუშაობდით. პროცესში არაერთი პროფესიონალი იყო ჩართული და ჩემი ვალდებულების ნაწილი წინასწარ გაწერილი წესების გათვალისწინებაც აღმოჩნდა. Cardi B საოცარი პროფესიონალია. ამ რანგის არტისტებისათვის დრო გადამწყვეტია და ყველაფერს წინასწარ გეგმავენ. მიუხედავად ამისა, თითოეულმა მათგანმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ნამუშევარი იდეალური გამოსულიყო. ერთ-ერთ სცენაში Cardi-ს მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სამმეტრიან პლატფორმაზე უნდა გაევლო. ამ სცენამ გადასაღებ მოედანზე ინციდენტი გამოიწვია. აღმოჩნდა, რომ მას სიმაღლის შიში აქვს, თუმცა არავის გავუფრთხილებივართ. საბოლოოდ ეპიზოდის გადაღების შეწყვეტა მოგვიწია.“ 

კინო, სარეკლამო და მუსიკალურ ინდუსტრიაში მუშაობა ლადო კვატანიას დაეხმარა კონკურენციის ის მახასიათებლები ნათლად დაენახა, რაც დღეს პროფესიონალების წარმატებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. „ყოველთვის არსებობს ადამიანი, რომელიც ჩემი ადგილის დაკავებას ელოდება. ნიჭი აქ მხოლოდ 1%-ს წყვეტს, დანარჩენი 99% საკუთარ თავზე მუშაობა და განვითარებაა“ – აღნიშნავს ლადო. 

ლადო კვატანია

მიუხედავად ქართული წარმოშობისა, ლადო კვატანიას ცხოვრების და მოღვაწეობის არაერი წელი რუსეთს უკავშირდება. დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, უკრაინის ომის და რუსული ოკუპაციის ფონზე, არტისტების დამოკიდებულებამ მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისადმი განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. 

„მამაჩემი ქართველია, დედაჩემი კი – უკრაინელი. ბავშვობა საქართველოში, სოფელში გავატარე. 6 წლამდე საუბარი მხოლოდ ქართულ ენაზე შემეძლო. 90-იან წლებში, აფხაზეთის ომის გამო რუსეთში მოგვიწია გადასვლა. მიუხედავად მდიდარი რუსული კულტურისა, დღესდღეობით რუსეთი და მისი სისტემა ყველაფერ ჰუმანურს ანადგურებს. შედეგად, არაერთი სახელოვნებო ნამუშევარს ცენზურა ეხება და საზოგადოებამდე არ მიდის. როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება და სისტემა ძალაუფლებას დაკარგავს, კაცობრიობა ამ მოვლენებს კიდევ უკეთესად შეისწავლის და გააანალიზებს.“ 

რაც შეეხება საქართველოს გავლენას, ჯგუფ „მგზავრების“ ვიდეომ მაყურებელს რეჟისორის სენტიმენტები და ნოსტალგია კარგად აჩვენა. როგორც ლადო კვატანია ამბობს, მამის წყალობით, საკუთარ ეროვნულ იდენტობასთან კავშირი არასდროს დაუკარგავს, თუმცა ეს მხოლოდ მოგონებები იყო. ზრდასრულ ასაკში ლადო საქართველოში ხშირად ჩამოდიოდა და ქართულ კულტურას, ტრადიციებს, თანამედროვე ცხოვრების სტილს უკეთ ეცნობოდა. ამ გამოცდილებასთან ერთად, ქართული კულტურით შთაგონებაც იზრდებოდა.

 „რაც უფრო ხშირად ვსტუმრობ თბილისს, მით უფრო სიმშვიდის და ჰარმონიის განცდა მეუფლება. აქ ისე ვგრძნობ თავს, როგორც სახლში. ეს არის ადგილი სადაც პიროვნებად ჩამოყალიბების წლები გავატარე. საქართველო იმ ემოციებთან და მოგონებებთან ასოცირდება, რომლებიც ჩემში მუდამ დარჩება.“ – ლადო კვატანია.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

GMI-ს მხარდაჭერით ევროპის მასშტაბით უმსხვილეს საერთაშორისო მუსიკალურ სამიტზე და Palma Songwriting Camp-ზე ქართველი არტისტი Lua წარდგება

შემდეგი სტატია

The Rolling Stones ლედი გაგასთან და სტივი უანდერთან ერთად ჩაწერილ სიმღერას გამოსცემს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევაში არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი
ჰარი სტაილსი - მანჩესტერი, ინგლისი - 28 თებერვალი: BRIT Awards 2026 ფოტო Gareth Cattermole/Getty Images | (მხოლოდ სარედაქციო გამოყენება)

ჰარი სტაილსმა ლიამ პეინს გარდაცვალებიდან ორი წლისთავზე აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა მიუძღვნა

სტაილსმა თავისი ყოფილი კოლეგის, One Direction-ის წევრის, ლიამ პეინის გარდაცვალებიდან ორი წლისთავზე პირველად წარადგინა აქამდე გამოუქვეყნებელი სამახსოვრო სიმღერა What Is Enough.
მეტი

ოლივია როდრიგოს თქმით, მან თავისი ახალი სიმღერა – Expectations კენდრიკ ლამარის ჰიტის შთაგონებით დაწერა

Expectations-ის რემიქსი 16 ოქტომბერს მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად გამოვიდა. სიმღერა როდრიგოსა და ჩაპელ როუნის კოლაბორაციაა.
მეტი

„გრეის ანატომიის“ ხელმძღვანელი იხსენებს, როგორ შეიტყო დოლი პარტონის გარდაცვალების შესახებ იმ ეპიზოდის გადაღებისას, რომელიც სწორედ მას ეძღვნებოდა

„ცხადია, ეს წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა, თუმცა სიუჟეტის მეშვეობით შევძელით, მისთვის პატივი მიგვეგო“, – თქვა მეგ მარინისმა.
მეტი

2020 წლის არჩევნების გამო, კანიე უესტის კარდაშიანების ოჯახთან კონფლიქტის სცენა, პროდიუსერის თქმით, Keeping Up with the Kardashians-ის ბოლო სეზონიდან ამოიღეს

ექვსწლიანი ქორწინების შემდეგ კიმ კარდაშიანმა კანიე უესტთან განქორწინება 2021 წლის თებერვალში მოითხოვა.
მეტი