ამ კვირაში INXS ახალი პროექტის წარსადგენად შეიკრიბა. ეს 2017 წლის შემდეგ მათი პირველი შეკრება იყო. ჯგუფის ცოცხალი წევრების – გარი ბირსის, კირკ პენგილის და ძმები ენდრიუ, ჯონ და ტიმ ფარისების იშვიათი შეხვედრა სიდნეიში შედგა. მიზეზი ჯგუფის ახალი პროექტის გამოსვლაა – წიგნის სახელწოდებით Calling All Nations. ჯგუფის წევრების თქმით, წიგნი ერთგვარი „სასიყვარულო წერილია”, რომელიც ერთობლივადაა შექმნილი ჯგუფის ფანებისა და თავად ბენდის მიერ.
Calling All Nations – A Fan History of INXS შედგება ჯგუფის ასობით ფანის ისტორიისგან და ასევე თავად ბენდის მოგონებებისა და საარქივო მასალებისგან. „ათასობით ჟურნალისტს აქვს აღებული ინტერვიუ INXS-თან, მაგრამ ეს არის ამბავი მოყოლილი მათ მიერ, ვისაც ბენდი ყველაზე მეტად უყვარს დღემდე… ფანები.” – ვკითხულობთ წიგნის აღწერაში.
„Სანამ წიგნი გამოვიდოდა, ჩვენ წარმოდგენაც არ გვქონდა, თუ რამდენს ნიშნავდა ჯგუფი ცალკეული ფანებისთვის,” – თქვა პენგილიმ. „ეს ამბები გვიყვება 6-საათიანი მგზავრობის გამოცდილებაზე იმისთვის, რომ მეგობრებს შეხვედროდნენ და ერთად მოსულიყვნენ ჩვენს კონცერტზე. მერე კი, შესაძლოა, როგორღაც კულისებში შეგვხვედროდნენ, რაიმე ინტერაქცია ჰქონოდათ ჩვენთან ან ერთ-ერთ ჩვენგანს უბრალოდ სცენიდან შეეხედა მათთვის… და ისინი გრძნობდნენ კავშირს. ეს ძალიან ემოციური იყო ჩემთვის.”
ბენდის Ბასისტმა გარი ბირსმა კი ჯგუფის ცხოვრების განსხვავებულ მხარეზე გაამახვილა ყურადღება და ფანებთან მათ მჭიდრო კავშირზე ისაუბრა: „როცა პატარები და უფულოები ვიყავით, ყველა შემოთავაზებას ვიღებდით, ადამიანების სახლებში დავდიოდით და იქ საჭმელს ვჭამდით. ასე რომ, ამ წიგნის კითხვისას გვახსენდება, რომ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი ვიყავით და არა მხოლოდ მუსიკალურად ან ჩვენი წარმატების გამო. ადამიანები ამ გზაზე ბევრი მხრივ დაგვეხმარნენ.”
1977 წელს ავსტრალიაში დაარსებულმა ჯგუფმა მალე მსოფლიო პოპულარობის მწვერვალებს მიაღწია. Მათ ანგარიშზეა ბრიტანეთის ჩარტების ტოპ ათეულის ექვსი ალბომი და აშშ-ს ჩარტების ტოპ ოცეულის ხუთი ალბომი. ასევე BRIT Award საუკეთესო საერთაშორისო ჯგუფისთვის.
1997 წელს ჯგუფმა 37 წლის ასაკში ტრაგიკულად დაკარგა სოლისტი მაიკლ ჰატჩინსი. Მას შემდეგ ბენდი სხვადასხვა მოწვეულ მომღერალთან თანამშრომლობდა. Სიდნეის შეკრებაზე მეგობრებმა ჰატჩინსიც გაიხსენეს.
კითხვა, რომელიც ყველა ფანსა და ჟურნალისტს აქვს, არის: დაუბრუნდება თუ არა ჯგუფი სცენას – იქნება ეს ტურნე თუ ერთჯერადი კონცერტი. ჯგუფის პასუხია „არა”. ბენდმა კარიერა 2012 წელს დაასრულა ტურნეს ბოლო კონცერტით პერთში – ქალაქში, სადაც ყველაფერი დაიწყო.
„Სიმართლე რომ ვთქვათ,” – თქვა ენდრიუ ფარისმა. „როგორც ადამიანებისთვის, რომლებმაც დაკარგეს ისეთი ნიჭიერი და დინამიკური სოლისტი, როგორიც იყო მაიკლი, ჩვენთვის წინა პლანზე წამოვიდა ფიქრი: „კარგი, ჩვენ შევქმენით ეს მემკვიდრეობა და ის ჩვენ გვეკუთვნის. ასე რომ, ჩვენ გადავწყვეტთ, გვსურს დაკვრა თუ არა.” ეს მნიშვნელოვანი პუნქტია, რომ სხვა არ გვკარნახობდეს, რა შეგვიძლია და რა არ შეგვიძლია გავაკეთოთ.”
„მედლის მეორე მხარე კი არის ის, თუ ვინ შეიძლება ეს მომღერალი იყოს. შეიძლება ისაა, ვისზეც არასდროს გვიფიქრია ან ჯერ არც გვიპოვია. ეს შეიძლება შესანიშნავი იყოს,” – დაამატა მან.
ბოლოს ჯგუფი 2017 წელს ბენდის 40 წლის იუბილეს აღსანიშნავად შეიკრიბა, როცა ისინი 50 მილიონი გაყიდული ჩანაწერისთვის დაჯილდოვდნენ.