Sexy Bicycle ახალი იდეებით და მუსიკალური იდენტობით

„ახალი ალბომი კონცეპტუალურია, თითქმის ერთი ორგანიზმია. სიმღერები ერთმანეთზეა გადაბმული და შთაბეჭდილებას ტოვებს თითქოს ერთი სრული კომპოზიციაა.“
Sexy Bicycle
Sexy Bicycle

პროექტი Sexy Bicycle-ს 2011 წელს  შეიქმნა, თუმცა ბენდის სახე ცოტა ხნის წინ მიეცა და მსმენელს საინტერესო სიახლეებს ჰპირდება.

Sexy Bicycle-ის ამჟამინდელ შემადგენლობაში არიან: ფრონტმენი – ნიკა ელია (კვარაცხელია), კლავიში და სინთი – თემო ჭელიძე, ბას გიტარისტი – ნოე ჭელიძე და დრამერი – სანდრო ფოცხიშვილი. 

ბენდი ახალ ალბომზე მუშაობს, რომლის გამოცემასაც 2024 წლის გაზაფხულში გეგმავენ, თუმცა მალე, ცხრა ნოემბერს, Left Bank-ში ჯგუფის პირველი ლაივ კონცერტი იგეგმება.

Sexy Bicycle

ნახეთ Billboard საქართველოს ინტერვიუ ჯგუფ Sexy Bicycle-თან 

ბენდის შექმნის ისტორია 

ნიკა  

„Sexy Bicycle ძალიან დიდი ხნის პროექტია, დაახლოებით 15 წლის არის, მაგრამ ოფიციალურად პირველი ვინილი 2011 წელს გამოვიდა. ბარსელონაში ჩემს ძმასთან ერთად ვცხოვრობდი. სწორედ იქ, ჯგუფის შექმნის იდეა ჩემ ძმასთან ერთად დაიბადა. სახელიც Sexy Bicycle უცნაურად დავარქვით. ამ ორ სიტყვას ერთმანეთთან კავშირი არ აქვს. მერე კინო სკოლაში ვსწავლობდი, ერთი ტიპი გავიცანი და მასთან ერთად შევქმენი დისკი, რომელიც ბარსელონაში, ერთ-ერთმა ლეიბლმა 2011 წელს გამოსცა. შემოგვემატა დრამერი, მერე ჯგუფი დაიშალა, ახალი ჯგუფი გავაკეთე, ის ჯგუფიც დაიშალა და დავუბრუნდი ისევ Sexy Bicycle-ს. 2014 წელს დისკი ჩავწერე და დიდმა ხმის ჩამწერმა სტუდიამ Blanco y Negro Music ლეიბლმა ბარსელონაში გამოუშვა. ამ ეტაპზე მხოლოდ მე ვაკეთებდი მუსიკას, მაგრამ  ვიღაცები ყოველთვის შემოდიოდნენ და გადიოდნენ ჯგუფში. მერე ისევ მარტო დავიწყე დაკვრა, ე.წ. სემპლებზე გადავედი, გიტარას ლაივში ვუკრავდი  და სემპლები მქონდა აწყობილი. კოვიდამდე შეერთებულ შტატებში ტური მქონდა, თუმცა მერე პანდემია დაიწყო, ვეღარაფერს ვაკეთებდი და საქართველოში დავბრუნდი. მუშაობა დავიწყე, ვფიქრობდი, რომ მუსიკისთვის საერთოდ დამენებებინა თავი, მაგრამ მერე მაგრად „ჩამაჭირა“ და მუსიკის გაკეთება ისევ დავიწყე. მალევე თემო გავიცანი, რომელიც სინთებზე უკრავს და იდეურადაც საკმაოდ ვეწყობით ერთმანეთს. ჩვენს შორის შეთანხმებული ინტერაქციაა.“ 

Sexy Bicycle

თემო 

„აღმოჩნდა, რომ ერთნაირი მუსიკა გვიყვარს. ამ მხრივ ჩვენი მუსიკალური ხედვა დაემთხვა. ნიკამ რა მხარეც იცოდა მუსიკის, იმის მეორე მხარე მე ვიცოდი და ეს ჟანრობრივად გავაერთიანეთ. დაწყებული ძველი 60-იანი მუსიკიდან, თანამედროვე მუსიკით დამთავრებული ბევრ რაღაცაში ვიკვეთებოდით, ეს ყველაფერი გავაერთიანეთ და ყველაფერი თითქოს ორგანულად წავიდა და განვითარდა. საერთო ხედვა შეიქმნა, ისე რომ მუშაობა არც გაგვჭირვებია.“ 

ნიკა  

„კოვიდის პერიოდში ბევრი რამ ჩავწერე, სანამ ეს დისკი გაკეთდებოდა, მანამდე დაახლოებით ამდენივე უკვე გაკეთებული მქონდა, მაგრამ არ მომწონდა. იმავეს ვაკეთებდი რაც უკვე მქონდა შექმნილი და ჩემ თავს ვიმეორებდი, დამატებით კიდევ რაღაც ახალს ვეძებდი. თემო როცა მოვიდა, უცებ ყველაფერი სხვა მიმართულებით წავიდა, სხვანაირი მუსიკა შეიქმნა. ბინაც შევიცვალე, პატარა ბინაში გადავედი, სხვანაირი საუნდი შეიქმნა იმ სივრცეში და უფრო მშვიდი მუსიკა გამოვიდა. მალევე ნოე ბას-გიტარა შემოგვემატა. აღმოჩნდა, რომ ჯგუფში ბასს ცალკე თავისი საინტერესო დეტალი შემოჰქონდა და მერე ვთქვით, რომ მოდი  ჯგუფი შევკრათ. ლაივიც დავგეგმეთ და მივყევით  ყველაფერს.  ბოლოს დრამერი სანდროც შემოგვემატა.“

ცხრა ნოემბერს Sexy Bicycle Left Bank-ში ლაივ კონცერტისთვის ემზადება, სადაც საინტერესო პერფორმანსს და ახალი და ძველი ალბომიდან კომპოზიციებს მოისმენთ. ალბომის პირველი სინგლი უკვე გამოსულია და ჯგუფის ოფიციალურ Youtube არხზე შეგიძლიათ მოისმინოთ. 

მუსიკალური მიმართულება

თემო 

„ბენდის ჟანრობრივი მიმართულების ახსნა ცოტა რთული საკითხია. ახალ ალბომზე, რაზეც ვმუშაობთ, ნიკა არის კომპოზიტორი, ნიკას იმპულსია, რომელსაც ჩვენ ახლა ვაგრძელებთ და რაღაცნაირი მიქსიც გამოვიდა. თავიდან რომ მოვედი, სინთზე ვიყავი მხოლოდ და მუსიკალურ ნაწილში არ ვიყავი  ჩართული. თუმცა, მერე ისე წავიდა ყველაფერი, რომ გარკვეული წვლილი მეც შევიტანე. ნოეც დაგვემატა, მანაც შემატა ბენდს თავისი მხრიდან ელემენტები, თუმცა ჟანრობრივად ალბათ ნიკა უფრო მარტივად მოახდენს ბენდის მუსიკალურ იდენტიფიცირებას. ახალი ალბომი კონცეპტუალურია, თითქმის ერთი ორგანიზმია, სიმღერები ერთმანეთზეა გადაბმული და შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ერთი სრული კომპოზიციაა.“ 

ნიკა 

„მართლა ერთი სამყაროს ასოციაციას ქმნის, სიმღერები ერთმანეთზეა გადაბმული. სრულად რომ მოუსმინო, შეიძლება ვერც მიხვდე ერთი სიმღერიდან მეორეზე როდის გადადის. ვფიქრობ, ამ ალბომის ხიბლიც სწორედ ამაშია. სტილისტურად სახელი ალბათ ნეო-ინდი და ნეო-ფსიქოდელიაა, არის პროგრესული ელემენტებიც.“ 

მუსიკალური განათლება 

თემო 

„მუსიკასთან საკმაოდ ღრმა ბავშვობიდან მაქვს შეხება, ბებიაჩემი ფორტეპიანოს მასწავლებელი იყო, ნოეც ჩემი ნათესავია, ნოეს მამა საუნდ ინჟინერია. ფორტეპიანო ბებიამ მასწავლა, მუსიკალურშიც ვსწავლობდი. პროფესიით საუნდ დიზაინერი ვარ და ბენდში ნიკასთან ერთად ყველაზე მეტად რაზეც ვიმუშავეთ, საუნდის ნაწილი იყო. ახლა ზუსტად იმას ვაკეთებ რაც მინდა და ვფიქრობ მუსიკაში ჩემი როლი ვიპოვე.“ 

ნიკა 

„მუსიკასთან ბავშვობიდან არ მქონია შეხება, მამაჩემი მხატვარია, ძმა მყავს ათი წლით უფროსი და რეალურად, მუსიკაში დღესდღეობით რაც ვიცი ლევანისგან ვიცი ყველაფერი. ბოლო დროს ვფიქრობ, რომ მამაჩემის დამსახურებაცაა ის, რომ ამ მიმართულებით წავედი. თავისუფლება მოგვცა და შესაძლებლობა იმისა, რაც გვინდოდა ის გვეკეთებინა. სიტყვა არტისტი არ მიყვარს, ჩვენ უფრო მუსიკოსები ვართ, თუმცა ჩემ თავს მუსიკოსად არ ვთვლი. პროფესიით მხატვარი ვარ, ალბომის ქავერებიც მე დავხატე, დიზაინს და ანიმაციებს ვაკეთებ, ვფიქრობ იმაზეც, რომ ხმის ჩამწერი ლეიბლი შევქმნათ.“ 

თემო 

„მარტო მუსიკაზე არ ვართ ორიენტირებული, გვინდა რომ მულტიმედია კომუნა ვიყოთ, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით იფუნქციონირებს.“ 

ნოე 

„მუსიკა ოჯახიდან მომყვება, მამაჩემი ხმის ინჟინერია, დედაჩემი ჩელისტი, თავიდან დასარტყამი ინსტრუმენტით დავიწყეთ, მერე პერკუსია, გიტარა და საბოლოოდ ბას-გიტარაზე შევჩერდი. თვითნასწავლი მუსიკოსი მეთქმის, თუმცა ორი წელი ჯაზის მიმართულებით ათწლედში ვიყავი. ბათუმში ვუკრავდი ჯაზ-ფანკის ელემენტებით, მერე ჯგუფი დავაარსეთ.“ 

სანდრო

„აკადემიური  მუსიკალურ განათლება რეალურად არ მაქვს, თუმცა დრამზე ბავშვობიდან ვუკრავდი, ბოლო ათი წლის განმავლობაში სხვადასხვა ბენდებში ვუკრავდი სხვადასხვა ჟანრების მიხედვით დაწყებული, მძიმე მეტალ ბენდით დამთავრებული: ბულზი, როკი, როკ-ენ-როლი და პროგრესული ნეო-ინდით დამთავრებული. პარალელურად Lucaroi-ში და Sexy Bicycle-ში ვუკრავ.“ 

Sexy Bicycle

პერფორმანსი – ცოცხალი შესრულება

ნოე 

„ერთი რაღაც მინდა დავამატო, რა არის ის მთავარი ელემენტი რაც Sexy Bicycle-ს სხვა ბენდებისგან განასხვავებს. ლაივ შესრულებაზე განსაკუთრებულად ვმუშაობთ. გვინდა, რომ ამ ბენდს ეს ნიშა გამორჩეულად ჰქონდეს და მსმენელს შთაბეჭდილება დარჩეს, რომ ლაივ კონცერტზე ნამუშევარია.“ 

თემო 

„ერთია მუსიკოსი რომ ხარ და მეორე, როცა ფრონტმენი ხარ. ფრონტმენი ნატურალურად უნდა იყო. ნიკასთან როცა დავიწყეთ მუშაობა, მივხვდით, რომ ბენდი შეიკრა, რაღაცნაირად ფუნქციურად დალაგდა ყველაფერი. საკმაოდ ეკლექტური ჯგუფია, ყველა სხვადასხვა მიმართულებით და ბექგრაუნდით ვართ.“ 

ნიკა 

„სიმართლე გითხრა, აქამდე ლაივის დროს არ მიფიქრია კონკრეტულ პერფორმანსზე. ეს ყველაფერი ქარიზმის ამბავია, თავისით მოდის, თუმცა, ამ ლაივზე გვინდა, რომ ყველაფერზე იყოს ნაფიქრი და სივრცეც განსაკუთრებით მოვაწყოთ. წინასწარ დეტალებზე ძნელია ლაპარაკი, მაგრამ აუცილებლად იქნება განსაკუთრებული ლაივი.“ 

Sexy Bicycle

ალბომი, რომლის სახელწოდებაც ჯერ ფორმირების პროცესშია ზაფხულის განმავლობაში იწერებოდა, ამ პერიოდში ბენდის წევრები სამეგრელოში იმყოფებოდნენ, სადაც მუსიკალურად კომფორტული გარემო მოიწყვეს და ოცდაოთხი საათის განმავლობაში მუშაობდნენ. ალბომის გამოსვლა კი 2024 წლის მარტში იგეგმება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გიორგი ერგემლიძის ახალი ვიდეოკლიპი სიმღერაზე Stolen Skies

შემდეგი სტატია

ადამიანი ∞ სამყაროს ახალი კომპოზიცია 

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი