Creams (ნათია ჭიჭინაძე) ქართველი არტისტი და პროდიუსერია, რომელიც ქართულ მუსიკალურ სცენაზე ახალი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტია. Creams ფართო აუდიტორიამ 2019 წლის სინგლით Die For You გაიცნო. 2020 წლიდან არტისტს Sony Music Group-ის AWAL Records წარმოადგენს.
Creams ბოლო პერიოდში გერმანიაში ცხოვრობდა და საქართველოში სექტემბერში დაბრუნდა. ახლახან მუსიკოსმა თავისი სადებიუტო LP დააანონსა, რომელზეც ბერლინში ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა. Creams-ის მუსიკალურ შემოქმედებასთან დაკავშირებული კიდევ ერთი სიახლეა: 23 დეკემბერს, კლუბში MTKVARZE ლაივ კონცერტი გაიმართება. გამორჩეული კონცეფციიდან გამომდინარე, მსმენელს საინტერესო მუსიკალური და ვიზუალური გამოცდილება ელოდება.
„Billboard საქართველო” Creams-ს დაანონსებული კონცერტისა და LP-ის შესახებ ესაუბრა.
Creams:
„ლაივის დაგეგმვა ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. მნიშვნელოვანია ვენიუ და ის გარემო, სადაც სცენაზე გამოვდივარ. ამას ძალიან დიდი რესურსი სჭირდება და სწორედ ამიტომ, ლაივებს იშვიათად ვმართავ. MTKVARZE ჩემთვის საინტერესო სივრცეა, რადგან შესაბამის ენერგეტიკასთან ერთად, არტისტებისათვის უსაფრთხო და მეგობრულ გარემოს ქმნის. ეს ლაივი ექსპერიმენტულიც არის, რადგან მისი შემადგენელი ნაწილი დრეგ პერფორმანსი იქნება, რაც ჩემთვისაც სიახლეა.”
Creams-ის კონცერტზე მოწვეული პერფორმერი თბილისის დრეგ სცენის ერთ-ერთი წარმომადგენელი Flora Kamikadze-ა. ლაივზე კიდევ ერთი არტისტი გამოჩნდება, რომლის ვინაობა უცნობია. იგი Creams-ის ერთ-ერთი ტრეკის თავისებურ ინტერპრეტაციას შეასრულებს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, Creams გერმანიიდან საქართველოში სექტემბერში დაბრუნდა. ბერლინის პერიოდი მისთვის საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა. გარდა ალბომზე მუშაობისა, არტისტი რამდენიმე ბერლინური ვენიუს სცენაზე გამოვიდა.
Creams:
„ბერლინი საკმაოს სპეციფიკურია. ის დამოკიდებულება, რომ ბერლინი ტექნოს სცენაა, ზუსტი შეფასება აღმოჩნდა. ვცდილობდი, სტერეოტიპულად არ ვყოფილიყავი განწყობილი, მაგრამ როდესაც ჩავედი, დავინახე, რომ მუსიკალური სივრცეების და აუდიტორიის უმრავლესობა სწორედ ტექნოზეა ორიენტირებული. ამის მიუხედავად, ბერლინში ხელოვანთა უზარმაზარი და მრავალფეროვანი ქომიუნითია. გერმანელი მსმენელი ძალიან დახვეწილია, უდიდეს მხარდაჭერას გამოხატავს დამწყები მუსიკოსების მიმართ.”
მიუხედავად ამ გამოწვევისა, Creams-ის რამდენიმე კონცერტი საინტერესო სივრცეში ჩატარდა. გერმანიაში ცხოვრებისას არტისტით Vogue Germany და Berliner Zeitung-ი დაინტერესდა. გარდა ამისა, Creams-მა ცნობილი მუსიკალური პროექტ COLORS SHOW-საგან შეთავაზება მიიღო. COLORS SHOW მუსიკალური სესიების ონლაინ პროექტია. სხვადასხვა დროს იქ ისეთი არტისტები გაერთიანდნენ როგორებიც არიან: ბილი აილიში, Tyla, Tommy Cash და სხვები.
„საბოლოოდ, ბერლინი ძალიან საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა და ჩემი პორტფოლიოსათვის ბევრი მნიშვნელოვანი რაღაც გავაკეთე.” – ამბობს Creams.
საინტერესოა, რომ დაანონსებულ კონცერტზე Creams ორ ახალ ტრეკს შეასრულებს. ეს ტრეკები არტისტის ახალ ალბომში შევა, რომლის გამოცემაც 2024 წელს იგეგმება. როგორც Creams ჩვენთან საუბრისას ამბობს, ეს LP მისთვის განსაკუთრებულია, რადგან ყველა სინგლი მის, როგორც არტისტის პერსონას კარგად გამოხატავს.
„LP-ში თავდაპირველად 11 ტრეკი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რაოდენობა 14-მდე გავზარდე. მიზეზი ალბათ ის არის, რომ ყველა სინგლი მომწონს. უმეტესი ნაწილი საკმაოდ დინამიკურია. ორი ტრეკი არის ისეთი, რომელიც განსაკუთრებით მშვიდი და მელოდიურია, თუმცა მინდოდა, რომ ჩანაწერში ეს დრამატურგია ყოფილიყო. იშვიათად ხდება ისე, რომ ჩემი ნამუშევრები თავიდანვე მომწონდეს. დარელიზების დღემდე დეტალების შეცვლის პროცესში ვარ ხოლმე. ეს LP ის შემთხვევაა, როცა კმაყოფილი ვარ და როგორიც არის ისეთი მომწონს.”
Creams: