Tyler, the Creator ფარელის დიდი თაყვანისმცემელია იმისთვის, რისი მიღწევაც მან როგორც მუსიკის, ასევე მოდის სფეროში შეძლო. თავად ტაილერიც უკვე ათ წელზე მეტია, რაც ტანსაცმლის დიზაინს ქმნის საკუთარი ბრენდისთვის Golf Wang. თუმცა ფარელმა მას ცხოვრებისეული შესაძლებლობა მისცა.
ფარელმა, რომელიც ლუი ვიტონის კაცის ხაზის კრეატიული დირექტორია, 2024 წლის გაზაფხულის კაფსულის კოლექციის შექმნა სწორედ მის Cash In, Cash Out-ის მეწყვილეს ანდო.
„წლებია, ტაილერი ჩემი ახლო მეგობარი და თანამშრომელია და ჩვენ ყოველთვის კავშირში ვართ როგორც მუსიკაში, ასევე დიზაინში,” – აღნიშნა ფარელმა გამოცემა GQ-სთან საუბრისას. „ეს თანამშრომლობა უნიკალურია ლუი ვიტონისთვის, რადგან ეს არის LVERS-ის ფილოსოფიის ბუნებრივი განვრცობა. იმდენი ელემენტია კოლექციაში, რომელიც მხოლოდ ტაილერისთვისაა დამახასიათებელი. ძალიან შთამაგონებელია მისი ყურება და მასთან ერთად ამ კოლექციაზე მუშაობა.”
2024 წლის გაზაფხულის კოლექცია 21 მარტს გამოვა. კაფსულის კოლექცია მოიცავს ისეთ ტანსაცმელს, რომლებსაც თავად ტაილერი ატარებს, ეს იქნება ლურჯი V-ყელიანი ჟილეტი, პასტელური ფეხსაცმელი თუ ბერმუდა შორტები.
„ჩემი მთავარი მიზანი იყო, ისეთი ნივთები შემექმნა, რომლებსაც მე თვითონ სულ ჩავიცვამდი,” – აღნიშნა ტაილერმა. „მე იმავეს ვიცვამ შეხვედრაზე, რასაც სცენაზე ან სუპერმარკეტში, ასე რომ ხელით დახატული მონოგრამები ჩემთვის საუკეთესო ბალანსი იყო.”
„ჭადრაკის დაფა ერთ-ერთი ყველაზე მაგარი რამაა, რაც ოდესმე შემიქმნია და ნამდვილად ჩემი ფავორიტია ამ კოლექციაში,” – დაამატა მან. „გუნდი, რომელთანაც ვიმუშავე, არაჩვეულებრივია. ყველაფერი Big-ს ჰგავდა, ტომ ჰენკსის მონაწილეობით. ფარელი ყოველთვის მაძლევდა შესაძლებლობებს, მაგრამ ამის დაჯერება მაინც ჯერ კიდევ მიჭირს.”
ნახეთ ტაილერისა და ლუი ვიტონის კოლექციის ფოტოები: