დრეიკის და კენდრიკ ლამარის დაპირისპირება, რომელიც მათ შემოქმედებით ტექსტებში აისახა, ბოლო პერიოდის ერთ-ერთი აქტუალური თემაა. როგორც ჩანს, ამ ამბავმა მსახიობ ტომ ჰენკსის ყურადღებაც მიიპყრო. მან თავის 33 წლის შვილს, ჩეტ ჰენკსს მიმართა და სთხოვა, არტისტების დაპირისპირების ისტორია აეხსნა. დიალოგის ამსახველი ფოტო ჩეტ ჰენკსმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.
„შეგიძლია, დრეიკისა და კენდრიკ ლამარის დაპირისპირება განმიმარტო?” – ვკითხულობთ მიმოწერის ე.წ. სქრინშოტზე, რომელიც ტომ ჰენკსის შვილმა ინსტაგრამის ისტორიაში ატვირთა.
ჩეტი მამის თხოვნას პასუხისმგებლობით შეხვდა და რეპერების ხანგრძლივი შუღლის შესახებ მოუყვა, რომელიც პერიოდულად არტისტების ტრეკებში სხვადასხვა ფორმით გამოვლინდა.
ჩეტ ჰენკსმა მამას ისიც აუხსნა, რომ ამ დაპირისპირებაში არტისტები მარტო არ არიან და მათ ზურგს თაყვანისმცემლები უმაგრებენ. ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ ჰენკსმა გაკვირვება ვერ დამალა. „ეს ნამდვილი სიტყვების ომია და ადამიანები ამაში მხარეებს ირჩევენ? ვინ იმარჯვებს?,” – ვკითხულობთ ტომ ჰენკსის მიწერილ ტექსტში.
კენდრიკ ლამარმა 4 მაისს ტრეკი, სახელწოდებით Not Like Us გამოუშვა, რომლის ადრესატი დრეიკი იყო. ტრეკმა Billboard Hot 100-ის ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა.