La Femme-ის ფრანგული როკ-ენ-როლი

La Femme ფესტივალ Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე დასკვნით დღეს, 23 ივნისს დაუკრავს.
ფოტო: Billboard Argentina

თუ ფრანგული თანამედროვე სცენის ყველაზე ცნობილ მუსიკალურ პროექტებს დავასახელებთ, მათ შორის აუცილებლად იქნება La Femme. 2010 წელს საფრანგეთში დაფუძნებულმა ბენდმა მსოფლიო მუსიკალურ სცენაზე თავისი განსაკუთრებული ადგილი იპოვა და მას საერთაშორისო მსმენელი დამახასიათებელი სტილისა და ჟღერადობის ბენდად იცნობს. 

La Femme-ის მუსიკა სხვადასხვა ჟანრის ელემენტებს აერთიანებს. ბენდის შემოქმედებაში ვხვდებით ფსიქოდელიურ როკს, ფსიქოდელიურ პოპს, ელექტრონიკას. ჟანრებთან ერთად, შეგვიძლია მე-20 საუკუნის მუსიკალური დეკადების მაგალითები და პარალელებიც აღმოვაჩინოთ, რაც ბენდის შემოქმედებითი ცნობისმოყვარეობის, ძიებისა და ექსპერიმენტებისაკენ სწრაფვის შედეგია. 

La Femme საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში 2010 წელს გიტარისტმა საშა გოტმა და კლავიშისტმა  მარლონ მანიემ (Marlon Magnée) ჩამოაყალიბეს. მოგვიანებით მათ ბენდის სხვა წევრებიც შეუერთდნენ. ამჟამად  ჯგუფის შემადგენლობაში არიან: საშა გოტი, მარლონ მანიე, სემ ლეფევრი (Sam Lefèvre), ნოე დელმასი (Noé Delmas), ფანი ლუზინიანი (Fanny Luzignant) და იზე გროპირონი (Ysé Grospiron). დღემდე ჯგუფის მნიშვნელოვან ნაწილად რჩება La Femme-ის ყოფილი ვოკალისტი კლემენს კელენეკი (Clémence Quélennec), რომელიც პერიოდულად სხვადასხვა შოუს დროს ბენდს სცენაზე უერთდება. 


La Femme-ის დღევანდელი ესთეტიკა  მნიშვნელოვნად განსაზღვრა დამფუძნებელი წევრების მუსიკალურმა გემოვნებამ. ისინი 60-იანი და 70-იანი წლების ფრანგული ანდერგრაუნდ მუსიკის მსმენელები იყვნენ. ასევე უყვარდათ ისეთი ბენდები, როგორებიც არის: Sparks, The Velvet Underground, Kraftwerk. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში მანიე იხსენებს, როცა ის და საშა გოტი ბენდის შექმნის სურვილზე საუბრობდნენ, ყოველთვის იცოდნენ, რომ ის გემოვნებიანი და ავთენტური უნდა ყოფილიყო.

სცენაზე მოხვედრა ჯგუფისათვის თავდაპირველად რთული აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ უამრავ კლუბს მისწერეს, მათი მუსიკით არავინ ინტერესდებოდა და კონცერტის გამართვის გეგმაც ყოველ ჯერზე იშლებოდა. ცნობადობის შეძენის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, La Femme-მა პირველი EP გამოსცა და ამჯერად უფრო დიდი მიზანი დაისახა – ტურნე ამერიკაში. ბენდმა შეერთებულ შტატებში 100-მდე კომპანიას მისწერა. როგორც ჯგუფის წევრები იხსენებენ, პასუხი მხოლოდ ორი დაწესებულებისაგან მიიღეს. 

„შეერთებულ შტატებში წასვლისას თითოეულ ჩვენგანს 3000 დოლარი გვქონდა, თუმცა მოვახერხეთ და 20 შოუ გავმართეთ. ამასობაში საფრანგეთში ჩვენი EP გამოვიდა. ფრანგული მუსიკალური ინდუსტრია საკმაოდ გაკვირვებული დარჩა – „მათ EP ჩაწერეს, ტურნე აქვთ ამერიკაში და ჩვენ რატომ არ ვიცნობთ?”- ისმოდა კითხვები. სწორედ ასე დაიწყო ხმაური. როცა საფრანგეთში დავბრუნდით, უკვე წითელი ხალიჩა დაგვხვდა,” – ამბობს მანიე Guardian-თან ინტერვიუში.  

ამის შემდეგ ჯგუფმა Universal-ის მფლობელობაში არსებულ ფრანგულ ლეიბლთან, Barclay-ისთან გააფორმა კონტრაქტი და 2013 წელს სადებიუტო ალბომი – Psycho Tropical Berlin გამოსცა. ალბომი ფრანგულ ჩარტებში 33-ე ადგილზე გავიდა და La Femme ქვეყნის ინდუსტრიის ამომავალ ვარსკვლავად იქცა. ამას მოჰყვა Yves Saint Laurent-ის შოუს მუსიკალური გაფორმება, ფესტივალებზე მონაწილეობა, მსოფლიო პრესის ყურადღება. 

La Femme ამჟამად საფრანგეთის ყველაზე წარმატებულ როკ-ბენდად მიიჩნევა. გარდა მუსიკალური სცენისა, ისინი მოდის ინდუსტრიამაც შეიყვარა. YSL-თან თანამშრომლობის შემდეგ, ჯგუფის მუსიკა Céline-ის ჩვენებაზეც გაჟღერდა. ჯგუფის წევრები ედი სლიმანის ფოტო ობიექტივშიც მოხვდნენ.

ამას მოჰყვა არაერთი ჟურნალის ყდა და მსმენელის წინაშე La Femme-ის წევრების სახით უკვე საერთაშორისო როკ-ვარსკვლავები იყვნენ. მუსიკალური კრიტიკოსები La Femme-ს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ინოვაციურ ბენდს, რომელსაც ჟანრობრივი სინთეზი ახასიათებს და რომელიც თანამედროვე ფრანგულ მუსიკაში ახალ სიტყვას ამბობს. მას ასევე  ხშირად აღწერენ, როგორც არაპროგნოზირებადი მუსიკის შემქმნელ ჯგუფს, რომლისგანაც არასდროს იცი, რას უნდა ელოდე. 

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს La Femme-ის ცოცხალი შესრულება, რომელიც ბევრი დეტალით არის აღსანიშნავი. ბენდის პერფორმანსი შთამბეჭდავ ჟღერადობასთან ერთად განსაკუთრებული ენერგეტიკით გამოირჩევა. სასცენო კოსტიუმებით კი მიხვდებით, რომ რომ La Femme არის ბენდი ივ სენ ლორანის სამშობლოდან. 

La Femme ფესტივალ Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე დასკვნით დღეს – 23 ივნისს დაუკრავს.  

Tbilisi Open Air 2024-ის დეტალური მუსიკალური პროგრამა იხილეთ ბმულზე

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„ბილბორდის” ყოფილი გამომცემელი და თანამფლობელი სემ ჰოლდსვორთი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა  

შემდეგი სტატია

ნახეთ Tony Award-ის გამარჯვებულთა სია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი