Starring Georgia-ს ფარგლებში 17 აგვისტოს შეკვეთილის “სოციალური სივრცე” კიდევ ერთ გამორჩეულ ღონისძიებას უმასპინძლებს. All Day I Dream ჰაუსისა და ტექნოს ყოველწლიური ფესტივალია, რომელიც მუსიკოსმა ლი ბურიჯმა 2011 წელს დააფუძნა და ის, ტრადიციულად, სხვადასხვა ქვეყანაში ღია ცის ქვეშ იმართება. შეკვეთილის „სოციალური სივრცე” ფესტივალს უკვე მეორე წელია მასპინძლობს.
ლი ბურიჯი ბრიტანელი დიჯეი და პროდიუსერია. ის ერთ-ერთია იმ არტისტებს შორის, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს „ანდერგრაუნდ” სცენის განვითარებაში. მის მიერ დაარსებული ფესტივალი კი Organic House-ის პიონერად მიიჩნევა. All Day I Dream მუსიკისა და ბუნების ურთიერთკავშირით არის შთაგონებული.
ციცი იაშვილი – Black Sea Arena-ს პროექტების ხელმძღვანელი:
„All Day I Dream კომუნისა და თვითგამოხატვის ღირებულებებზე დაფუძნებული კონცეპტუალური ფესტივალია, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ტარდება და მნიშვნელოვანი ნიშა უჭირავს თანამედროვე ელექტრონული მუსიკის ლანდშაფტში. ფესტივალის კონცეფცია არ არის მხოლოდ ორგანული მუსიკა. ის დამატებით ზღაპრული განათებებით მორთული სივრცეებით გამოირჩევა. ვფიქრობ, ამ პროექტისა და ზოგადად, 17 აგვისტოს მთავარი ჯადოსნობა ის არის, რომ მართლაც გამორჩეულად უხდება ეს ფესტივალი ჩვენს გარემოს და პირიქით. ალბათ ეს ჯადოსნობა ფესტივალის ორგანიზატორებმაც შენიშნეს და ჩვენს სივრცეში გადაღებული ვიდეოები წლის სარეკლამო მასალაშიც გამოიყენეს.
სოციალური სივრცის და ADID-ის მთავარი საერთო ღირებულება მუსიკაა. ორგანული ჰაუსი, რომელიც არ არის მძიმე მოსასმენი და განსაკუთრებულ გამოცდილებას ქმნის მსმენელისთვის. საერთო ღირებულებაა ისიც, რომ ფესტივალის მსგავსად, ჩვენც ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვერგოთ გარემოს და შევქმნათ ისეთი მუსიკალური გამოცდილება, რომლის დროსაც არათუ არ დავაზიანებთ ბუნებას, არამედ, პირიქით, წინ წამოვწევთ მის მნიშვნელობას და ასეთ გარემოში მუსიკის მოსმენის უპირატესობას.
ვფიქრობ, ამ ღირებულებების ერთიანობამ განაპირობა ის, რომ ADID უკვე მეორედ იმართება ჩვენს სივრცეში და ამას შეთანხმებაც კი არ დასჭირვებია. პირველივე წელს, როდესაც ფესტივალი ჩავატარეთ, თითქოს ორივე მხარე უსიტყვოდ შევთანხმდით, რომ ეს ერთჯერადი გამოცდილება არ უნდა ყოფილიყო და საერთო ღირებულებებით კიდევ ბევრი მუსიკალური მოგზაურობა უნდა მოგვეწყო ქართველი და არა მხოლოდ ქართველი მსმენელისთვის, რადგან მსგავსი მუსიკით საერთო ღირებულებების ადამიანების მოზიდვა ბევრი ქვეყნიდან არის შესაძლებელი. ამით კი, რა თქმა უნდა, ხელს ვუწყობთ ჩვენი ქვეყნისა და შეკვეთილის პოპულარიზაციას.
ფესტივალი დილის 6 საათიდან დაიწყება და ღამის 3 საათამდე გასტანს. მასში მონაწილეობას მიიღებენ გამორჩეული შემსრულებლები: როი როზენფილდი, Lost Desert, Amonita, Fulltone, Jim Rider და, რა თქმა უნდა, თავად All Day I Dream-ის დამფუძნებელი ლი ბურიჯი.
„წელს განსხვავებული ლაინაფი გვექნება და განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ ყველა არტისტი სხვადასხვა ქვეყნიდანაა. ასე რომ, 17 აგვისტოს, პირდაპირი მნიშვნელობით, „მუსიკა საზღვრების გარეშე“ გველოდება.
ყველა არტისტი პირველად ჩამოდის საქართველოში, გარდა თავად ლი ბურიჯისა, რომელსაც „სოციალური სივრცე” წელს უკვე მესამედ უმასპინძლებს. ფესტივალმა საქართველოში ჩამოსვლამდე უკვე მოიარა ამერიკისა და ევროპის ბევრი საფესტივალო სცენა, მათ შორისაა იბიცა და სან-ფრანცისკოც. ასე რომ, აუცილებლად შემოგვიერთდით 17 აგვისტოს მუსიკალურ მოგზაურობაში.”
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე.