Nini Iris ახალ ვიდეო კლიპს აანონსებს, რომელიც სიმღერაზე „ძალა დამელია დარდით“ არის გადაღებული. „ძალა დამელია დარდით“ მუსიკოსის პირველი ქართულენოვანი სიმღერაა, რომელიც მუსიკოსმა საქართველოს და ქართველ ხალხს მიუძღვნა. სიმღერა პირველად მუსიკალურ გადაცემა „აკუსტიკაში“ გაჟღერდა. კომპანია „სარაჯიშვილის“ სპონსორობით სიმღერის მუსიკალური ვიდეო კლიპი შეიქმნა, რომელსაც Nini Iris-ის გულშემატკივარი 9 აგვისტოს იხილავს.
Nini Iris:
„ძალა დამელია დარდით“ ჩემი პირველი ქართული სიმღერაა, რომლის დაწერა ძალიან უცბად გადავწყვიტე. როდესაც ჩემმა მენეჯერმა მითხრა, რომ გადაცემა „აკუსტიკაში“ უნდა ვყოფილიყავი, გადავავლე თვალი ძველ ქართულ და ზოგადად ქართულ სიმღერებს, რაც შეიძლებოდა, რომ დამექავერებინა, მაგრამ ისეთი ვერაფერი ვიპოვე, რაც უკვე ბევრჯერ ნამღერი არ იყო. შემეძლო, მაინც ჩემებურად გამეკეთებინა, მაგრამ საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ჯობდა საკუთარი, გულიდან წამოსული სიმღერა მემღერა. დაახლოებით ერთ კვირაში უკვე დემო ვერსია მზად მქონდა. გავგზავნე საქართველოში, ჯგუფმა On The Road-მა გამიკეთა აკომპანემენტი აკუსტიკაში და შემდეგ უკვე სტუდიაშიც ჩავწერეთ. ძალიან დიდი მადლობა მათ ამისთვის და ასევე მადლობა „სარაჯიშვილს“, რომელმაც დაასპონსორა ჩემი ვიდეო, რომელიც თქვენ ჯერ არ გინახავთ.
ჩემი პირველი ქართული სიმღერა რაზე უნდა ყოფილიყო, თუ არა ჩემს საქართველოზე. არის ძალიან ხშირად მომენტები, როდესაც ჩემი ხალხის გვერდით საჭირო დროს საქართველოში არ ვარ ხოლმე, რაზეც გული მტკივა და ეს პატრიოტიზმი მერთვება ხოლმე. ამიტომ გადავწყვიტე, ეს სიმღერა მიმეძღვნა ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი ხალხისთვის, რომელიც ძალიან ძალიან მიყვარს და მენატრება.
საბოლოო პროდუქტით ჩვენ ყველანი ძალიან ბედნიერები და კმაყოფილები ვართ და იმედია თქვენც ისე მოგეწონებათ და შეგიყვარდებათ ეს სიმღერა, როგორც უკვე ჩვენ გვიყვარს.“
ამერიკაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსი Nini Iris (ნინი ბრეგვაძე) ფართო აუდიტორიამ 2023 წელს, ამერიკულ ტელეკომპანია NBC-ის მუსიკალური კონკურსის, The Voice-ის მეშვეობით გაიცნო, სადაც ის შოუს 12 ფინალისტს შორის მოხვდა. თუმცა, უნდა აღნიშნოს, რომ არტისტი იმ დროს ქართულ მუსიკალურ სივრცეში უკვე საკმაოდ ცნობილი და პოპულარული იყო.
დაელოდეთ Nini Iris-ის ახალ ვიდეო კლიპს