„ღამის სერენადები” მე-16 სეზონს მასპინძლობს

ფესტივალი 21 აგვისტოს ბორჯომში გაიხსნა და 20 სექტემბერს თბილისში დასრულდება.

ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ქართული მუსიკალური ფესტივალი ღამის სერენადები” წელს აღდგენიდან მეთექვსმეტე სეზონს მასპინძლობს. ფესტივალი 1982 წელს ლიანა ისაკაძემ აფხაზეთში დააარსა, სადაც ის 1991 წლამდე იმართებოდა. 11-წლიანი პაუზის შემდეგ კი ღამის სერენადები” 2002 წელს დაბრუნდა. 

წელს „ღამის სერენადები” საქართველოს სამ ქალაქში იმართება: ბორჯომში, ბათუმსა და და თბილისში. ფესტივალი 21 აგვისტოს ბორჯომში გალა კონცერტით გაიხსნა. შემდეგ კი ბათუმში გადაინაცვლა, სადაც ორი კონცერტი ჩატარდა. მსმენელის წინაშე წარდგნენ Tango Nuevo-ს ვირტუოზი მარიო სტეფანო პიეტროდარკი იტალიიდან, მევიოლინე ელვინ ხოჯა განიევი აზერბაიჯანიდან და ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები.” 

15 სექტემბრიდან კი ღამის სერენადები” უკვე თბილისში გაგრძელდება, სადაც ფესტივალის ფარგლებში 4 კონცერტი გაიმართება.

ნინა ცაგარელი – „ღამის სერენადების” დირექტორი:

„ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი გამუდმებით ადევნებს თვალს მსოფლიო კლასიკური მუსიკის სიახლეებს როგორც ახალბედა, ასევე უკვე აღიარებული მუსიკოსების შემოქმედებით ცხოვრებაში. შესაბამისად, ყოველთვის ვცდილობთ, მსმენელს მსოფლიო დონის შემსრულებლები წარვუდგინოთ, ამასთანავე კი, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ ქართველ მუსიკოსებს. წლევანდელი წელიც არ იქნება გამონაკლისი.

წელს შვიდი კონცერტი გვაქვს, რაც დიდი პასუხისმგებლობაა. პროგრამა მრავალფეროვანია, ბაროკოს მუსიკით დაწყებული, მსოფლიო კინოკლასიკის ჰიტებით დასრულებული. მსმენელის წინაშე წარდგებიან არაჩვეულებრივი სოლისტები და ორკესტრები. ასე რომ, წლევანდელი სეზონი, შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებით დატვირთული იქნება მუსიკალური აღმოჩენებითა და ემოციებით. 

უკვე ვუმასპინძლეთ 3 კონცერტს ბორჯომსა და ბათუმში. რაც შეეხება თბილისში დაგეგმილ კონცერტებს, წლევანდელ მონაწილეებს შორის გვეყოლება იტალიელი დირიჟორი ბეატრიჩე ვენეცი. ქალი დირიჟორი ევროპაში გასაკვირი აღარაა, თუმცა ქართველ მსმენელს არცთუ ისე ხშირად აქვს მათ მოსმენის საშუალება. ჩვენმა მსმენელმა ბეატრიჩე შარშან უკვე გაიცნო და მათი დიდი სიყვარულიც დაიმსახურა. ამჯერად ფესტივალის სცენაზე ის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და არაჩვეულებრივ ქართველ პიანისტთან, სანდრო ნებიერიძესთან ერთად წარდგება.

ასევე გვექნება ორი თემატური კონცერტი: ბრაზილიური მუსიკის საღამო (სოლისტები: ლიზი რამიშვილი, მარიამ როინიშვილი და გიორგი ოიკაშვილი) და დიდი ჩეხი კლასიკოსის, ბედრჟიხ სმენატას 200 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო, პიანისტ გიორგი შავერზაშვილისა და მევიოლინე გიორგი ხაინდრავას მონაწილეობით.

წლევანდელ  ფესტივალს კი დახურავენ ცნობილი ფრანგი მევიოლინე და დირიჟორი ანდრეს გაბეტა და შვეიცარიელი ბლოკ-ფლეიტისტი მორის შტიგერი.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, რომელიც 2023 წლიდან ფესტივალის პარტნიორია და ჩვენი საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები”, რომელიც მუდამ მაღალი დონის შესრულებით გამოირჩევა.”

კონცერტების გარდა, ღამის სერენადები”, ტრადიციულად, მოიცავს მასტერკლასებსა და ტრენინგებს, რომლებსაც მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის, მათ შორის შშმ/სსსმ პირებისთვის, თბილისსა და რეგიონებში მოწვეული უცხოელი სოლისტები და ქართველი კომპოზიტორი გიორგი შავერზაშვილი გაუძღვებიან.

ღამის სერენადები” წელს პირველად იმართება მისი დამფუძნებლის, ლიანა ისაკაძის გარდაცვალების შემდეგ. ლეგენდარული მუსიკოსის პატივსაცემად ფესტივალს სწორედ მისი სახელი მიენიჭა.

„ლიანა ისაკაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია მსოფლიო მუსიკალური სამყაროსთვის. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი კლასიკური მუსიკის განვითარებაში. „სინდისი ადამიანის თავისუფლების დეკლარაციაა ღმერთში,” – ლიანა ისაკაძის ეს ფრაზა მთელ მის ცხოვრებას ლაიტმოტივად გასდევდა და ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოების სინდისის ნაწილი იქნება მისი სახელის მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება. მისმა დაარსებულმა „ღამის სერენადებმა” უნიკალური ადგილი დაიმკვიდრა ქართულ მუსიკალურ ცხოვრებაში. ამიტომ პირადად ჩემთვის, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელისთვის, ბატონი გიორგი ისაკაძისთვის და საორგანიზაციო ჯგუფის თითოეული წევრისთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა მისი დაწყებული საქმის და ამ დიდი ისტორიის გაგრძელება.” 

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტრო, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში, ბრაზილიის საელჩო საქართველოში, ჩეხეთის საელჩო საქართველოში.

ფესტივალის პარტნიორი: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, სასტუმრო  ბორჯომი ლიკანი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Metallica პატივს მიაგებს გულშემატკივარს, რომელიც მათი კონცერტის დროს გარდაიცვალა 

შემდეგი სტატია

წინანდლის ფესტივალის პროგრამა: მეორე ნაწილი

შეიძლება დაგაინტერესოთ

პოლ მაკარტნი 2026 წლის 16 მაისი YouTube/SNL/NBC

პოლ მაკარტნიმ Saturday Night Live-ის ფინალურ სეზონში სიმღერები Band on the Run, Coming Up და Days We Left Behind შეასრულა

პოლ მაკარტნის გულშემატკივრებმა SNL-ის 51-ე საზეიმო ფინალში სამი ცოცხალი შესრულება იხილეს, სადაც ლეგენდარული Beatles-ის წევრი კიდევ რამდენიმე ეპიზოდში გამოჩნდა.
მეტი
Drake - Wireless Festival 2025, ფინსბერი პარკი, 2025 წლის 12 ივლისი, ლონდონი Simone Joyner/Getty Images

Drake-მა 2026 წელს ახალი რეკორდი დაამყარა და ერთ დღეში Spotify-ზე ყველაზე მეტად მოსმენილი არტისტის, ალბომისა და სიმღერის სტატუსი მოიპოვა

ამ რეკორდების მფლობელი Drake-ის ახალი ალბომი Iceman და სიმღერა Make Them Cry გახდა, რომლებმაც პლატფორმაზე რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწიეს.
მეტი
Anana Kaye Photo by Duende Vision

Anana Kaye-ს ახალი მუსიკალური ვიდეო სიმღერაზე Cordelia

„Cordelia, ახალი ალბომის პირველი სიმღერის კლიპი, შექსპირის „მეფე ლირის" პერსონაჟის ვიზუალური ინტერპრეტაციაა. კორდელიას პერსონაჟი ყოველთვის განსაკუთრებულად გვიზიდავდა - პიესაში ის სიმართლეს ამბობს და ამ სიმართლისთვის ისჯება. ეს უკვდავი თემებია, მუდამ აქტუალური.“
მეტი
Drake- Till Death Do Us Part რეპ-ბათლის დროს, 2021 წლის 30 ოქტომბერი, ლონგ-ბიჩში, კალიფორნია. Amy Sussman/Getty Images

დრეიკი სამი ახალი ალბომით ბრუნდება – არტისტმა ICEMAN, MAID OF HONOUR და HABIBTI გამოუშვა

თუ Iceman ან დანარჩენი ორი ალბომიდან რომელიმე Billboard 200-ის სათავეში მოექცევა, ეს დრეიკს ჩარტში რეკორდულ, მე-15 პირველ ადგილს მოუტანს, რითაც ის Jay-Z-ის გადაუსწრებს.
მეტი