21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 10 – ადელი

ადელი 2010-იანი წლების ყველაზე დიდი კომერციული ძალა იყო, რომელმაც დაამსხვრია ის მოლოდინები, რაც იმ ეპოქის პოპვარსკვლავებისგან გვქონდა.
ადელი
John Shearer/WireImage

ვინაიდან 21-ე საუკუნის პირველი მეოთხედი დასასრულს უახლოვდება, „ბილბორდი” მომდევნო თვეების განმავლობაში გამოცემის გუნდის მიერ შედგენილ, ბოლო 25 წლის უდიდესი პოპვარსკვლავების რეიტინგს შემოგთავაზებთ. 

წარმოგიდგენთ სიის მეათე ნომერს – ადელი

2010 წლისთვის ადელი უკვე იყო გრემის მფლობელი მსოფლიო ვარსკვლავი, შესაბამისად, ვერ ვიტყვით იმას, რომ ის მოულოდნელად, არაფრიდან გამოჩნდა. მაგრამ პოპმუსიკის იმ ეპოქაში, რომელიც ყველა მხრივ თავისი დიდების მწვერვალზე იყო, ბრიტანელი ავტორ-შემსრულებლისთვის სენტიმენტალური ბალადებით თავის დამკვიდრება საკმაოდ რთულად დასაჯერებელი იყო. ხოლო იმაზე ფიქრი, რომ ადელის სტატისტიკამ იმ ნიშნულს მიაღწია, რომლისთვისაც აქამდე არცერთ პოპფენომენს არ მიუღწევია, დღეს, დეკადის შემდეგაც თავბრუდამხვევია.

როგორ მოახერხა ეს? გამორჩეულად ძლიერი ხმით, ძლიერი არტისტული იდენტობით, სპონტანური იუმორის გრძნობითა და, რა თქმა უნდა, არაერთი ხუთვარსკვლავიანი პოპსიმღერით. 

ადელი
David M. Benett/Dave Benett/Getty Images
ადელი
Gareth Cattermole/Getty Images

თუმცა სანამ ის რეკორდსმენი ვარსკვლავი გახდებოდა, ადელი ერთი პოპულარული არტისტი იყო ბოლო „ბრიტანული ინვაზიიდან”, მაგრამ არა ყველაზე დიდი და კაშკაშა. ბევრი ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი ცდილობდა 2000-იან წლებში აშშ-ში თავის დამკვიდრებას. ეს წარმოადგენდა ერთგვარ მინიმოძრაობას, რომელიც დიდწილად წამოწყებული იყო ემი უაინჰაუსის 2007 წლის მსოფლიო გარღვევით, ალბომით Back to Black. უაინჰაუსის მსოფლიო წარმატების შემდეგ ადელის 2008 წლის სადებიუტო ალბომმა „19” სათავე დაუდო დაუსრულებელ შედარებებს Back to Black-თან და პრესის მიერ ადელის დაჟინებულ მოხსენიებას, როგორც „ახალი ემი”.

თუმცა ფაქტია, რომ ჯერ კიდევ 19 წლის ასაკში ადელმა მოახერხა და ოკეანის ორივე მხარეს დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. აშშ-ში ალბომმა ძლიერი შეფასებები დაიმსახურა. აღნიშნავდნენ ბრიტანელი მუსიკოსის საავტორო უნარებსა და მდიდარ ხმას. „ბილბორდი” წერდა, რომ „მას ჰქონდა პოტენციალი, გამხდარიყო მისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული და შთამაგონებელი საერთაშორისო არტისტი.” 

თავდაპირველად „19” კომერციულად ნელი ნაბიჯით მიიწევდა წინ. მას შემდეგ კი, რაც ადელი Saturday Night Live-ში გამოჩნდა, ალბომის გაყიდვები ნახტომისებურად გაიზარდა და ის Billboard 200-ის ტოპ ათეულში მოხვდა. სიმღერა Chasing Pavements კი პირველი ჰიტი გახდა, რომელიც Billboard Hot 100-ში 21-ე ადგილით შევიდა. ადელი არც ამერიკის ხმის ჩამწერ აკადემიას დარჩენია შეუმჩნეველი და 2009 წელს მუსიკოსს ორი გრემის ჯილდო გადაეცა: საუკეთესო ახალი არტისტისა და საუკეთესო პოპ ვოკალური შესრულებისთვის.

მიუხედავად წარმატებული დასაწყისისა, მაინც არაფერს შეეძლო ფანების მომზადება იმ გარღვევისთვის, რაც მათ ადელისგან ელოდათ: 2010 წლის ნოემბერში Rolling in the Deep გამოვიდა და Billboard Hot 100-ის ლიდერობაც მოიპოვა. 

„19-ის” წარმატება და Deep-ის მზარდი პოპულარობა დაეხმარა ადელის მეორე ალბომს, „21-ს”, გამოსვლისთანავე მოქცეულიყო Billboard 200-ის სათავეში – 352,000 ერთეულის გაყიდვით პირველ კვირაში. თუმცა ალბომის დებიუტზე კიდევ უფრო შთამბეჭდავი მისი გამძლეობა აღმოჩნდა. 2011 წლის განმავლობაში ჩანაწერმა  ჩარტის პირველ ადგილზე რვა ცალკეული კვირა გაატარა. ჯამში კი ტოპ ხუთეულში 39 კვირის განმავლობაში იყო. ალბომმა მსმენელს კიდევ ერთი დიდი ჰიტი – Someone Like You აჩუქა, რომელმაც Billboard Hot 100-ის პირველ ადგილზე Deep ჩაანაცვლა და გახდა პირველი ლიდერი სიმღერა ჩარტის არსებობის ისტორიაში, რომელიც ინსტრუმენტალის გარეშე, მხოლოდ ვოკალისა და ფორტეპიანოს თანხლებით იყო ჩაწერილი. 

მიუხედავად იმისა, რომ ციფრები ძალიან შთამბეჭდავია, ის მხოლოდ ნაწილია იმ დიდი კულტურული გავლენისა, რაც „21-ს” 2011 წელს ჰქონდა. ალბომი და მისი სინგლები სენტიმენტალური მუსიკის პროტოტიპად იქცა, იმდენად, რომ ის Saturday Night Live-ის სკეტჩში გამოიყენეს ემა სტოუნისა და Coldplay-ს სტუმრობის დროს. გარდა ამისა, უამრავმა არტისტმა, მათ შორის თანამედროვე ჰიტმეიკერებმა და ლეგენდებმა, Deep-ის ქავერები ჩაწერეს. მათ შორის იყვნენ: ჯონ ლეჯენდი, პატი სმითი, Linkin Park, არიანა გრანდე და სხვები. ეს დემოგრაფიული და თაობათაშორისი პოპულარობა ადელის წარმატების მთავარი გასაღები აღმოჩნდა.  მაშინ, როდესაც ლედი გაგა და დრეიკი უფრო მეტად თინეიჯერების აღფრთოვანებას იწვევდნენ, ადელი იყო ის კლასიკური პოპვარსკვლავი, რომლის მოსმენაც მშობლებთან ან ბებია-ბაბუებთან ერთადაც კი შეგეძლოთ.

2012 წლისთვის „21” ჯერ კიდევ არ აპირებდა ტემპის შენელებას. პროექტის ფარგლებში გამოიცა ადელის Hot 100-ის ლიდერი მესამე ჰიტი Set Fire to the Rain, რომელიც ჩარტის სათავეში თებერვალში მოექცა – ერთი კვირით ადრე მომღერლის გრემის გამოსვლამდე, რაც მისი პირველი გამოჩენა იყო ყელის გადაუდებელი ოპერაციის შემდეგ, რის გამოც იძულებული გახდა, ტურნე შეეწყვიტა.

მოულოდნელი არ ყოფილა, რომ იმ წელს ადელმა გრემი მოიგო ყველა იმ ექვს კატეგორიაში, რომელშიც წარდგენილი იყო. მათ შორის წლის ალბომი (21-სთვის), წლის სიმღერა და წლის ჩანაწერი (Deep). 2012 წელს „21-ს” ბრილიანტის სერტიფიკატი მიენიჭა და გახდა პირველი ახალი ალბომი, რომელმაც აშერის 2004 წლის Confessions-ის შემდეგ გაყიდვების რვანიშნა ნიშნულს მიაღწია. 

გამარჯვებების წელი კიდევ ერთი მუსიკალური რელიზით გაგრძელდა – ჯეიმს ბონდის თემით Skyfall, რომელმაც მუსიკოსს შემდეგ წელს, არც მეტი, არც ნაკლები, ოსკარი მოუტანა ფილმისთვის შექმნილი საუკეთესო სიმღერის ნომინაციაში. ამის შემდეგ კი ადელი მოულოდნელად სცენიდან გაქრა. როცა იმ ეპოქის სხვა პოპვარსკვლავები ალბომსა და ალბომს შორის ერთი ნაბიჯით მაინც რჩებოდნენ ყურადღების ცენტრში სინგლებით, ფესტივალებზე გამოსვლებითა და მედიაში გამოჩენით, ადელმა პრეცედენტი შექმნა და პოსტ-21-ის ეპოქაში სრულად გაქრა მეინსტრიმიდან. 2013 და 2014 წლებში ის თითქმის არსად ჩნდებოდა. საბოლოოდ კი ახალ ალბომზე დაიწყო მუშაობა და 2015 წლის ბოლოს დაბრუნდა.

მისგან ახალი მუსიკის მოლოდინი პიკს აღწევდა. მიუხედავად იმისა, რომ ადელის არყოფნაში სცენაზე სხვა ბრიტანელი მუსიკოსები გამოჩნდნენ (სემ სმითი, ემილი სანდე, Labrinth), ვერც ერთი მათგანი ვერ იმეორებდა მის ბუნებრივ სიძლიერესა და საყოველთაობას როგორც არტისტული, ასევე კომერციული კუთხით. საბედნიეროდ, სიმღერამ, რომლითაც ადელი დაბრუნდა, ყველა არსებული მოლოდინი გაამართლა. ეს იყო Hello – მეგაბალადა, რომელიც მუსიკოსის შემდეგი ალბომის მთავარი სინგლი უნდა ყოფილიყო. სიმღერა Billboard Hot 100-ში ათი კვირის განმავლობაში ლიდერობდა. 

შემდეგ იყო ალბომი „25”, რომლის კომერციული მოლოდინებიც განსაკუთრებით მაღალი იყო. ალბომმა ეს მოლოდინები გაამართლა, შემდეგ კი მათვე გადააჭარბა. პირველი კვირის ბოლოს ჩანაწერის 3.38 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. ამ კოლოსალური რიცხვით ადელმა დაამარცხა ერთი კვირის გაყიდვების წინა რეკორდსმენი *NSYNC (ალბომით No Strings Attached), რომელიც 15 წლის განმავლობაში დაუმარცხებელი იყო – პირველ კვირას 2.5 მილიონი ერთეულის გაყიდვით. ადელის რეკორდის მოხსნა კი მას შემდეგ ვერავინ მოახერხა, ტეილორ სვიფტმაც კი, რომლის ალბომიც The Tortured Poets Department გამოსვლის პირველ კვირას 2.6 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა – მართლაც შეუძლებელი შედეგია ყველა სხვა არტისტისთვის პოპის ისტორიაში, მაგრამ არა ადელისთვის. 

ალბომის დებიუტმა ისტორია დაწერა და „25” ჩარტის ლიდერი იყო შემდეგი ექვსი კვირის განმავლობაში და კიდევ ექვსი კვირა – 2016 წლის თებერვალსა და მარტში. ალბომმა სექტემბერში, გამოცემიდან 9 თვეში, ბრილიანტის სტატუსი მოიპოვა. ადელმა კი ისევ მიიღო წლის ალბომის, წლის ჩანაწერისა და წლის სიმღერის კატეგორიებში გრემი 2017 წლის დაჯილდოებაზე, სადაც მან ასევე სიმღერით მიაგო პატივი ჯორჯ მაიკლს. თუმცა პირველად მის კარიერაში, ადელი ალბომის ეპოქას ასრულებდა იმაზე ნაკლები იმპულსით, ვიდრე მას დასაწყისში ჰქონდა. 

2017 წლის გრემის შემდეგ ადელი კიდევ ერთხელ გაქრა საჯარო თვალსაწიერიდან და დეკადის დასრულებამდე ჩრდილში დარჩა. 2021 წელს მან დაბრუნება დააანონსა ახალი ალბომით „30”. მუსიკოსმა გამოსცა ალბომის მთავარი სინგლი Easy on Me – კიდევ ერთი საფორტეპიანო ბალადა, რომელიც Hot 100-ში ათი კვირის განმავლობაში ლიდერობდა ისევე, როგორც Hello. „30” ერთი თვის შემდეგ გამოვიდა და 6 კვირით ლიდერობდა Billboard 200-ში. ალბომმა ძლიერი შეფასებები მიიღო, თუმცა არც მისმა დებიუტმა და არც სიცოცხლისუნარიანობამ არ გაიზიარა წინამორბედების ბედი. გამოსვლის პირველ კვირას ჩანაწერის 839,000 ერთეული გაიყიდა, რაც იმ წლის ახალ ალბომებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო, მაგრამ მეოთხედსაც არ შეადგენდა „25-ის” რეკორდული შედეგისა. და გამომდინარე იქიდან, რომ „30-ს” ასევე გაუჭირდა დიდი და მდგრადი ჰიტის გამოშვებაც (მთავარი სინგლის გარდა) ისე ჩანდა, რომ ადელის, როგორც უნიკალური კომერციული ძალის პერიოდმა უკვე ჩაიარა.

ადელი
Kevork Djansezian/Getty Images

მიუხედავად ამისა, ადელი დღემდე რჩება პოპმუსიკის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად როგორც ჩანაწერების, ასევე კონცერტების მიმართულებით. მისი პროექტი Weekends With Adele ლას-ვეგასის კოლიზეუმში 2 წლის განმავლობაში (2022-2024) იზიდავდა მსმენელს და იყო ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ლაივ ღონისძიება. და მაშინ, როცა ადელის იმიჯი თავის ჰიტებში უმეტესად დაკავშირებულია მელოდრამასთან, ინტროსპექციასა და ზოგად სერიოზულობასთან, ის მაინც ახერხებს, მიიღოს და ატაროს დიდი მასშტაბის კეთილი ნება იმით, რომ არის მიწიერი, სპონტანური და ხშირად ძალიან სასაცილო. 2020 წელს მან ფანები გააოცა, როცა Saturday Night Live-ის წამყვანის ამპლუაში წარდგა. მისი პირადი ცხოვრების ცნობილმა და ალბომების შთამაგონებელმა ორომტრიალმაც ასევე იცვალა კურსი ნაკლებად დრამატული მიმართულებით. 2021 წელს მუსიკოსმა ცხოვრება სპორტულ აგენტ რიჩ პოლს დაუკავშირა. აგვისტოში კი წყვილმა გაამხილა, რომ დაინიშნნენ. 

მიუხედავად იმისა, რომ ადელი, სავარაუდოდ, აღარ იქნება ისეთი ცენტრალური ფიგურა კულტურაში, როგორიც მაშინ, როცა ის 2010 წელს ჩრდილიდან გამოვიდა, ასევე ნაკლებ სავარაუდოა, რომ ის ოდესმე სრულიად გაქრეს მეინსტრიმიდან. ის ამისთვის ზედმეტად კარგი და ზედმეტად მიმზიდველია, მისი ჩანაცვლება კი შეუძლებელია. ასევე, იგი რჩება ღირებულ შემხსენებლად, რომ როცა ზოგიერთ პოპვარსკვლავს მიაჩნია, რომ მათი ბედია, მსოფლიო მართონ პირველი სინგლისა თუ ვიდეოს გამხსნელი წამებიდანვე, კიდევ უფრო პატივსაცემია, როცა არტისტი, რომელსაც აშკარაა, რომ მოკრძალებული ფესვები აქვს, ხდება საკულტო მუსიკოსი და მსოფლიო აღიარებას მხოლოდ თავისით იმსახურებს – დროის სწორი შერჩევით, უზადო არტისტიზმითა და უდავოდ ყველა დროის პოპსიმღერებით. 

წაიკითხეთ გასული სტატია 21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავების რეიტინგის მე-15 ნომერზე, მაილი საირუსზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

შერმა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ყოველწლიურ ცერემონიაზე თავისი გამოსვლა ქალებს მიუძღვნა

შემდეგი სტატია

ნახეთ „ბილბორდის” ლათინური მუსიკის დაჯილდოების გამარჯვებულები

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 4 – დრეიკი

დრეიკი, რომელიც 2000-იან წლებში არც ისე დამაჯერებელი მემკვიდრეობიდან გამოჩნდა, რათა 2010-იანების უდიდესი რეპერი გამხდარიყო, საბოლოოდ ეპოქის უდიდეს პოპვარსკვლავად იქცა.
მეტი

პროკურატურის განცხადებით, შონ კომბსი ციხიდან მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას ცდილობს

პროკურატურა წერს, რომ კომბსმა გამოიყენა ოჯახის წევრები, რათა დაეგეგმა და აღესრულებინა მის დაბადების დღესთან დაკავშირებული სოციალური მედიის კამპანია და გავლენა მოეხდინა პოტენციური მსაჯულების განწყობაზე.
მეტი

ოსკარის ნომინაციების პროგნოზი საუკეთესო მუსიკალური გაფორმების და საუკეთესო ორიგინალური სიმღერის კატეგორიებისათვის

ოსკარის დაჯილდოების ცერემონია 2025 წლის 2 მარტს გაიმართება.
მეტი