21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 15 – მაილი საირუსი

მისი დებიუტი სატელევიზიო შოუს მთავარი პერსონაჟის, ჰანა მონტანას როლში შედგა. შემდეგ კი მსოფლიოს საკულტო პოპვარსკვლავად იქცა.
მაილი საირუსი
Jeff Kravitz/FilmMagic

თუ სხვა არტისტების შემოქმედებითი გზის მთავარ მარკერებს მათი ჰიტები, ალბომები თუ ჩარტებში წარმატება წარმოადგენს, მაილი საირუსისთვის ეს მისი თმაა. უამრავი კარიერული მიღწევის მიუხედავად, 31 წლის მომღერლის ცხოვრებისეული ეტაპები ყოველთვის გადაჯაჭვული იყო იმასთან, თუ რა ხდებოდა მის თავს, პირდაპირი მნიშვნელობით – ანუ როგორი იყო მისი ვარცხნილობა. ჰანა მონტანას ქერა პარიკიდან დაწყებული, „პიქსის” ვარცხნილობით დასრულებული, მომღერლის თმა მუდამ ასახავდა იმას, თუ სად იყო იმ ეტაპზე საირუსი როგორც პიროვნულად, ასევე შემოქმედებითად. 

ვინაიდან 21-ე საუკუნის პირველი მეოთხედი დასასრულს უახლოვდება, „ბილბორდი” მომდევნო თვეების განმავლობაში გამოცემის გუნდის მიერ შედგენილ, ბოლო 25 წლის უდიდესი პოპვარსკვლავების რეიტინგს შემოგთავაზებთ.

წარმოგიდგენთ რეიტინგის მე-15 ნომერს – მაილი საირუსს.

საირუსი 1992 წელს დაიბადა, როგორც დესტინი ჰოუფ საირუსი. 2008 წელს მან ოფიციალურად დაირქვა ბავშვობის ზედმეტსახელი – მაილი. მაილი ვარსკვლავების გარემოცვაში იზრდებოდა. მათ შორის იყო მამამისი ბილი რეი – ქანთრის 90-იანების სენსაცია და ასევე ნათლია: არც მეტი, არც ნაკლები, თავად დოლი პარტონი. ვარსკვლავებში გაზრდილი გოგონა მალე თავადვე ხდება ერთ-ერთი მათგანი. 

მამის სამსახიობო კარიერამ მაილის მსახიობობის სურვილი გაუჩინა და 12 წლის ასაკში „დისნეის” სერიალის, „ჰანა მონტანას” კასტინგზე მივიდა. მას შემდეგ, რაც ლილის პერსონაჟის ტექსტი წაიკითხა, ჟიურიმ სთხოვა, სიტკომის მთავარი გმირის როლი ეცადა: მაილი რეი სტიუარტი – თინეიჯერი მალიბუდან, რომელსაც თავისი პარიკის დახმარებით ნებისმიერ მომენტში შეეძლო, მსოფლიო პოპსენსაციად, ჰანა მონტანად გადაქცეულიყო. ბილი რეი სერიალშიც მაილის მამის როლს ასრულებდა. ასე რომ, მამა-შვილის ბუნებრივი ქიმია ეკრანზე შესანიშნავ დუეტს ქმნიდა. 

მაილი საირუსი
Sam Emerson/Walt Disney Co./Courtesy Everett Collection
მაილი საირუსი
Jeff Kravitz/FilmMagic

ახალი ტალანტი „დისნეიმ” შემოსავლის დიდ წყაროდ აქცია. უშვებდა სერიალის საუნდტრეკის ალბომებს, აწყობდა ტურნეებს, იღებდა ფილმებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ტანსაცმლის ხაზზე, ლანჩბოქსებზე, აქსესუარებზე, მაკიაჟზე, თეთრეულსა და „ჰეფი მილის” სათამაშოებზე მაილი საირუსის გამოსახულებით.

ამ პერიოდში საირუსს ერთდროულად ორი მუსიკალური კარიერა ჰქონდა: მღეროდა Walt Disney Records-ისთვის, როგორც ჰანა მონტანა და Hollywood Records-ისთვის, როგორც თავად მაილი. მისი ორი სადებიუტო ალბომი – Hannah Montana და Hannah Montana 2/Meet Miley Cyrus –  Billboard 200-ში პირველ ადგილზე გავიდა. 

მაილი და ჰანა ერთმანეთს იმდენად გადაეჯაჭვნენ, რომ აუდიტორიისთვის მათი განცალკევება საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ჰანა მონტანას შემდეგ საირუსს ორი გზა ჰქონდა: რისკი, რომ მთელი ცხოვრება თავისი პერსონაჟის ჩრდილში გაეტარებინა, ან გაენადგურებინა საკუთარი გმირი და ეს მსოფლიოსთვის ეჩვენებინა. ყველამ ვიცით, თუ რომელი გზა აირჩია მან. 

2009 წელს Teen Choice Awards-ზე საირუსი ნაყინის მოძრავ ყუთზე შემომდგარი წარდგა. ის ძელს ეჭიდებოდა, როცა მოცეკვავეები ყუთს სცენაზე ატარებდნენ. წარმოდგენას საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა და საირუსის ეს გამოსვლა მოინათლა, როგორც ძელზე ცეკვა. ერთ-ერთი ტაბლოიდი გარეკანზე წერდა, რომ მაილი ბრიტნის ემსგავსებოდა. „დისნეიმ” კი სასწრაფოდ გაავრცელა განცხადება: „არხი ამ გამოსვლაზე კომენტარს არ გააკეთებს. თუმცა მშობლებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, რადგან „დისნეის” არხზე ნაჩვენები ყველა კონტენტი ჩვენი აუდიტორიის ასაკისთვის (6-14 წლის ბავშვებისთვის) შესაფერისია.”

2011 წელს ჰანა მონტანას ბოლო სეზონი დასრულდა. მისი საუნდტრეკი კი პირველი იყო, რომელიც ალბომების ჩარტის ტოპ ათეულში ვერ მოხვდა. მაილიმ ცოტა ხნით მუსიკალური პაუზა აიღო, რათა მსახიობობაზე კონცენტრირებულიყო. მან მონაწილეობა მიიღო ფილმებში The Last Song (რომლის გადაღების დროსაც გაიცნო მომავალი და უკვე ყოფილი მეუღლე ლიამ ჰემსვორთი), So Undercover და LOL. 

დავუბრუნდეთ მაილის თმას. მისი სავიზიტო ყავისფერი ტალღოვანი ვარცხნილობა ძალიან დამახასიათებელი იყო მაილი-ჰანას პაკეტისთვის. ამიტომაც იყო ასეთი შოკისმომგვრელი, როცა 2012 წელს ვარსკვლავმა გვერდები გადაიპარსა და დარჩენილი თმა ყვითლად შეიღება. ჰანა მონტანა აღარ არსებობდა. იმ პერიოდში საირუსი წერდა: „ცხოვრებაში ასე მკაფიოდ არასდროს მიგრძნია, რომ საკუთარი თავი ვარ.” 

ახალი იმიჯი დომინოს პირველი ქვა და სრული მეტამორფოზი იყო საირუსისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ არ შესრულებოდა 21 წელი. ამ წლის მარტში მან გააზიარა ვიდეო, სადაც J. Dash-ისა და Flo Roda-ს სიმღერაზე ტვერკს ცეკვავდა. ივნისში გამოსცა ჰიტი We Can’t Stop, რომელიც თავდაპირველად რიანასთვის დაიწერა და რომელსაც თან ახლდა თამამი ვიდეოკლიპი, სადაც საირუსს უკიდურესი „ანტი-ჰანას” იმიჯი ჰქონდა მორგებული. სიმღერამ Billboard 100-ში მეორე ადგილი დაიკავა.

აგვისტოში მაილიმ ეროვნული მასშტაბის პანიკა გამოიწვია, როცა VMA-ს დაჯილდოების ცერემონიაზე რობინ თიკთან ერთად წარდგა. საირუსი სცენაზე გამომწვევად იქცეოდა და სექსის მოძრაობებს იმიტირებდა. ამ გამოსვლით გამოწვეულმა დისკურსმა, რომ მაილის მენტალური პრობლემები ჰქონდა, წლები გასტანა.

შემდეგ იყო ვიდეოკლიპი Wrecking Ball, სადაც საირუსი გაშიშვლდა, რის შემდეგაც შინეიდ ო’კონორმა მას ღია წერილით მიმართა, შეეწყვიტა „პროსტიტუცია”. ოქტომბერში საირუსმა განაცხადა, რომ ჰანა მონტანა მკვდარია. 

მაილი საირუსი
John Shearer/Getty Images

ამგვარი ნაბიჯების გამო საირუსი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, თუმცა ფაქტია, რომ ეს მუშაობდა. Wrecking Ball მისი პირველი სიმღერა გახდა, რომელიც Billboard Hot 100-ის პირველ ადგილზე გავიდა. ალბომი Bangerz კი Billboard 200-ის ლიდერი გახდა. მოსწონდათ ეს თუ არა, მაილის ეს ეპოქა მისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო და ფინანსურად წარმატებული პერიოდი იყო, იმდენად, რომ ბილბორდის გუნდმა საირუსი 2013 წლის ყველაზე დიდ პოპვარსკვლავადაც დაასახელა. 

„ვიცი, რასაც ვაკეთებ,” – უთხრა მაილიმ Rolling Stone-ს. „ვიცი, რომ შოკში გაგდებთ.”

აქედან მოყოლებული საირუსმა პროვოკატორის როლი მოირგო. შემდეგ კი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნით ისარგებლა და დააარსა ფონდი Happy Hippie Foundation. „თუ მსოფლიოს ყურადღება მომართულია ჩემზე და ჩემს საქმიანობაზე, მაშინ ჩემს საქმიანობას უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა,” – თქვა მან ფონდის შესახებ, რომლის მიზანიც უსახლკარო და ლგბტ+ ახალგაზრდების დახმარება იყო.

მაილი საირუსი
Jason Merritt/Getty Images

2016 წელს საირუსმა განაცხადა, რომ პანსექსუალი იყო. „ჩემი ცხოვრების პირველი ურთიერთობა გოგოსთან მქონდა,” – უთხრა მომღერალმა Variety-ს. „ძალიან რელიგიურ ოჯახში გავიზარდე… და როცა ჩემს გენდერზე უფრო მეტი გავიგე, მეტი აღმოვაჩინე ჩემს სექსუალურ ორიენტაციაზეც. მივხვდი, რომ სწორედ ამიტომ არ მივიჩნევდი თავს არც ჰეტეროდ და არც გეიდ. იმიტომ, რომ არც ერთი ვარ და არც მეორე.”

2010-იან წლებში საირუსს შედარებით მშვიდი პერიოდი ჰქონდა, თუმცა მისი მუსიკა მაინც ეხმიანებოდა მის წარსულს.  2017 წელს გამოსცა ალბომი Younger Now, რომელიც ნაწილობრივ შთაგონებული იყო მისი ურთიერთობით ლიამ ჰემსვორთთან, რომელზეც მომდევნო წელს იქორწინა. ამავე სახელწოდების სიმღერაში საირუსი მღერის: „არავინ რჩება იგივე… ზემოთ ასვლას ქვემოთ ჩამოსვლა მოჰყვება.” ვიდეოკლიპში კი მაილი გამოჩნდა გაღიავებული თმით, რომელზეც თავისი ბუნებრივი, ყავისფერი ძირები ჰქონდა ამოსული. 

2019 წელს სიმღერა Slide Away უკვე ჰემსვორთთან განშორებას მიეძღვნა. საირუსი კი ისევ შეეჭიდა თავის წარსულს ალბომში Plastic Hearts. „მეუბნებოდნენ, რომ სხეული უნდა დამეფარა, ამიტომ მე სხვა გზით წავედი,” – მღეროდა იგი.

სწორედ ამ პერიოდში დაიწყო მაილიმ როკმუსიკის კეთება, რომელიც კიდევ ახალი ვარცხნილობით – ქერა „მულეტით” აღინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ყოფილა კომერციულად მისი ყველაზე წარმატებული ალბომი, მან თავისი შესაძლებლობები სხვა მხრივაც დაამტკიცა. 

2023 წელს, მას შემდეგ, რაც ისე ჩანდა, თითქოს საირუსი ვეღარასდროს შექმნიდა ისეთ დიდ ჰიტს, როგორიც იყო Wrecking Ball, ის კიდევ უფრო წმინდა წყლის პოპს დაუბრუნდა ალბომით Endless Summer Vacation და უკიდეგანო წარმატებას მიაღწია მისი პირველი სინგლით Flowers. სიმღერამ 8 კვირა გაატარა Billboard Hot 100-ის პირველ ადგილზე და 2024 წელს მომღერალს პირველი გრემი მოუტანა. ალბომის ბოლო სინგლში Used to Be Young მაილი კიდევ ერთხელ შეეხო თავის წარსულს: „ვიცი, რომ შეშლილი ვიყავი. თქვენ ამბობთ, რომ მე ველური ვიყავი, მაგრამ მე გეუბნებით, რომ ახალგაზრდა ვიყავი.”

თავისი 20-წლიანი კარიერის განმავლობაში საირუსმა უკვე რამდენიმე ცხოვრებით იცხოვრა. თუმცა ახლა, ეპითეტი, რომელიც 31 წლის საირუსს ყველაზე მეტად შეეფერება, პროფესიონალია. მის მრავალმხრივ ნიჭს ინდუსტრიის უდიდესი ვარსკვლავები აღიარებენ, დაწყებული ბიონსეთი , რომელმაც ალბომში Cowboy Carter საირუსთან დუეტი ჩაწერა, დასრულებული ცნობილი სტუდიით A24, რომელმაც Talking Heads-ის Psycho Killer-ის ქავერი სწორედ მაილის ჩააწერინა. ის პატარა გოგონები კი, რომლებიც მაილიმ ჰანა მონტანას პერსონაჟით გაზარდა, ვარსკვლავების შემდეგ თაობას ქმნიან, დაწყებული საბრინა კარპენტერით, რომელმაც 10 წლის ასაკში მოიგო კონკურსი მაილისთან შესახვედრად, დასრულებული ჩაპელ რონით, რომლის შთაგონების წყაროც სწორედ „დისნეის” ეს შოუ გახდა.

2024 წელს საირუსი განსაკუთრებულად მშვიდად გამოიყურება, როგორც თავისი წარსულით, ასევე იმით, ვინც ახლაა. და მას შემდეგ, რაც მსოფლიოს მუდმივად უჭირდა, მას დასწეოდა, როგორც იქნა, კულტურის სფერო მაილის თავის დამსახურებულ კრედიტებს აძლევს იმ დიდი და ხანგრძლივი გავლენისთვის, რომელიც მან შექმნა და დატოვა.

აგვისტოში დისნეის ლეგენდების ცერემონიის ემოციურ, წრის შემკვრელ მომენტში საირუსს იშვიათი შესაძლებლობა მიეცა, თავისი ცნობადობით დამტკბარიყო. ის თვალცრემლიანი უყურებდა აუდიტორიას, რაც მთავარია, 2013 წლის შემდეგ პირველად – უმეტესად ყავისფერი თმით, რითაც, ალბათ აჩვენებდა, რომ ყველა მისი წარსული ცხოვრება ყოველთვის მასთან ერთად იქნება. ცერემონიაზე მაილიმ თქვა, რომ „ყველაფერი ცოტ-ცოტა შეიცვალა” მას შემდეგ, რაც 2005 წელს მან პირველად გაიკეთა თავისი ცნობილი პარიკი.
„მაგრამ ამავდროულად, არც არაფერი შეცვლილა,” – განაგრძო მან. „მე აქ ვდგავარ ისევ ამაყი იმით, რომ ვიყავი ჰანა მონტანა. რადგან სწორედ მან შექმნა მაილი მრავალი კუთხით.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯონ ლენონის სტუდიური ალბომი Mind Games წიგნის სახით გამოვიდა

შემდეგი სტატია

„მოანას” ახალი ნაწილის თიზერში ანიმაციის საუნდტრეკი We’re Back გაჟღერდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

გრემის წლის კომპოზიტორის ნომინაცია აქამდე ქალს არ მოუგია – იქნება თუ არა წლევანდელი დაჯილდოება ამის პრეცედენტი?

ნახეთ იმ ქალების ჩამონათვალი, რომლებმაც სხვადასხვა დროს პირველად მოიგეს სხვა საკომპოზიტორო კატეგორიები.
მეტი

არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობები – კლუბში KHIDI აუდიო-ვიზუალური ღონისძიება გაიმართება

აუდიო-ვიზუალური ღონისძიებების სერიას პლატფორმა „მექანიკური ტალღები” სეზონურად წარადგენს.
მეტი

60 წლის იუბილესთან დაკავშირებით Doors ახალ გამოცემებს, საარქივო წიგნს და სხვა მრავალ სიახლეს აანონსებს

2025 წლის დასაწყისში ბრიტანული გამომცემლობის მიერ მომზადებული 344-გვერდიანი წიგნი Night Divides the Day გამოვა.
მეტი