ვინაიდან 21-ე საუკუნის პირველი მეოთხედი დასასრულს უახლოვდება, „ბილბორდი” მომდევნო თვეების განმავლობაში გამოცემის გუნდის მიერ შედგენილ, ბოლო 25 წლის უდიდესი პოპვარსკვლავების რეიტინგს შემოგთავაზებთ.
წარმოგიდგენთ სიის მერვე ნომერს – ჯასტინ ბიბერი
ყველა, ვინც 2007 წელს ჯასტინ ბიბერის მიერ შესრულებული Ne-Yo-ს So Sick-ის ქავერი მოისმინა, მაშინვე გეტყოდათ, რომ ეს ბიჭი ცნობილი გახდებოდა.
13 წლის ჯასტინ ბიბერის იუთუბზე ატვირთული უხარისხო ვიდეო, ერთი შეხედვით, არაფრით იყო გამორჩეული. ვიდეო ბიბერის დედამ პატი მალეტმა ოჯახის წევრებისთვის ატვირთა. „ვიცი, რომ ვიდეო ბნელია, მაგრამ მის მოსმენას შეძლებთ და შეამჩნევთ მის სცენურობას,” – წერდა მალეტი ვიდეოს აღწერაში, რომელშიც თინეიჯერი ბიბერი სცენაზე მისთვის უჩვეულოდ ფორმალურად ჩაცმული, პერანგსა და ჰალსტუხში გამოწყობილი მღერის.
თუმცა ბიბერის ჯადოსნურობა პირველი ბგერიდანვე შესამჩნევი ხდება, როცა ის სიმღერას მისი ასაკისთვის შოკისმომგვრელი ვოკალური სიმსუბუქით იწყებს. ის სცენაზე თავდაჯერებულია, აუდიტორიასთან თვალით კონტაქტს ამყარებს და არცერთ მომენტში არ ემჩნევა ნერვიულობა – თითქოს მაშინვე იცოდა, რომ სუპერვარსკვლავად იყო დაბადებული.
გრემის 23 ნომინაცია და ორი გამარჯვება, Billboard 200-ის ლიდერი რვა ალბომი, ასევე რვა ლიდერი სიმღერა Billboard Hot 100-ში, 33 გინესის რეკორდი, 26 Billboard Music Awards-ის ჯილდო, ოთხი ბრილიანტის სტატუსის მქონე სიმღერა და 150 მილიონი გაყიდული ჩანაწერი კარიერის განმავლობაში – ეს 30 წლის ჯასტინ ბიბერის მიღწევებია, რომელიც უკვე ათწლეულზე მეტია, რაც პოპინდუსტრიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.
თუმცა ამ მიღწევებიდან ალბათ არცერთი იარსებებდა, რომ არა შემთხვევითობა, რომლის წყალობითაც ბიბერი სკუტერ ბრაუნმა აღმოაჩინა, ახლა უკვე მუსიკალური ინდუსტრიის ტიტანმა, რომელიც იმ პერიოდში So So Def Recordings-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი იყო. ბრაუნი იუთუბზე შემთხვევით სწორედ ბიბერის მიერ შესრულებული So Sick-ის ვიდეოს წააწყდა. ჯასტინის ტკბილმა ხმამ და სცენურობამ, რომელზეც მისი დედა ვიდეოს აღწერაში მიუთითებდა, მაშინვე მიიპყრო ბრაუნის ყურადღება. დედის თანხმობით ბიბერი ონტარიოდან ატლანტაში გაემგზავრა, რათა საცდელი ვერსიები ჩაეწერა ბრაუნთან, რომელმაც ის მალევე აშერს გააცნო. 13 წლის ასაკში ბიბერმა უკვე გააფორმა კონტრაქტი ბრაუნისა და აშერის ერთობლივ ჯგუფთან Raymond Braun Media Group, ერთი წლის შემდეგ კი – Island Records-თან.
ბიბერის იღბლიანობა ამით არ დასრულებულა და მისი შემხედვარე, ცნობადობის მოპოვებაც კი მარტივი ჩანდა. 2009 წელს ჯასტინის სადებიუტო სინგლი One Time გამოვიდა, რომელსაც მალევე მოჰყვა მისი პირველი EP, სახელწოდებით My World. ჩანაწერის 4 სინგლი Billboard Hot 100-ის ტოპ 40-ში შევიდა. ალბომი კი საბოლოოდ აშშ-ში პლატინის სერტიფიკატის მფლობელი გახდა.
მაგრამ რა იყო ის, რამაც ბიბერი ასე მოკლე დროში გახადა პოპულარული? რა თქმა უნდა, მისი ტკბილი ვოკალი და მელოდიური სასიყვარულო სიმღერებიც საკმარისი იყო ფანების მოსახიბლად, მაგრამ ფაქტია, რომ იმ დროს ბაზარზე მამაკაცი პოპვარსკვლავების შესამჩნევი ნაკლებობა იყო. მართალია, ჯასტინ ტიმბერლეიკი რადიოებში კვლავ დიდი პოპულარობით სარგებლობდა სიმღერებით What Goes Around… Comes Around და Summer Love, მაგრამ იმ დროს ის უკვე 26 წლის იყო და მისი ფანების უმეტესობაც შესაბამის თაობას მიეკუთვნებოდნენ. ბიბერს კი იდეალური ასაკი ჰქონდა ახალგაზრდა, ჰორმონმოზღვავებული თინეიჯერი ფანებისთვის, რომლებმაც მალევე დაამკვიდრეს ტერმინი Bieber Fever, რომელიც აღნიშნავდა ბიტლომანიის ტიპის სიგიჟეს ბიბერის კაშკაშა ღიმილზე, მომხიბლავ პერსონასა და თმის ვარცხნილობაზე, რომელიც მომავალი წლების განმავლობაში ბიჭებში მსოფლიო ტრენდად იქცა.
Bieber Fever გლობალურად 2010-იანების დასაწყისში გავრცელდა, როცა ჯასტინმა Baby Ludacris-სთან ერთად პირველი სინგლი გამოსცა მისი სადებიუტო სტუდიური ალბომიდან My World 2.0. ეს იყო სიმღერა Baby, რომელმაც ბიბერი წარმატების ზენიტში ატყორცნა და მისი თავი უკვე მთელ მსოფლიოს გააცნო. სინგლი Billboard Hot 100-ის მეხუთე ადგილზე გავიდა, ალბომი კი Billboard 200-ის ლიდერი გახდა და ბიბერს გრემის პირველი ორი ნომინაციაც მოუტანა საუკეთესო ახალი არტისტისა და საუკეთესო პოპ-ვოკალური ალბომის კატეგორიებში.
ამ დროს ჯასტინი 16 წლის იყო და ტემპის შენელებას არ აპირებდა. 2011 წელიც ისეთივე დატვირთული გამოდგა, როგორიც წინა ორი. კინოთეატრებში მასზე გადაღებული ფილმი Justin Bieber: Never Say Never გამოვიდა, რომელმაც გამოსვლისთანავე მსოფლიოს მასშტაბით 99 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ამავე დროს გამოვიდა ბიბერის რემიქს ალბომიც Never Say Never: The Remixes, სადაც აშერი, მაილი საირუსი და კრის ბრაუნიც მონაწილეობდნენ. მალევე ყურადღების ქვეშ მოექცა ჯასტინის პირადი ცხოვრებაც. თინეიჯერმა მომღერალმა დაადასტურა, რომ ასევე ახალგაზრდა ვარსკვლავს, სელენა გომესს ხვდებოდა. წყვილი პირველად ერთად Vanity Fair-ის ოსკარის წვეულების წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა. დატვირთული 2011 წელი ბიბერმა სადღესასწაულო ალბომით Under the Mistletoe დააგვირგვინა, რომელიც Billboard 200-ის მესამე ლიდერი ალბომი გახდა.
2012 წელს, მესამე სტუდიური ალბომის, Believe-ის გამოსვლისას, ჯასტინის ცნობადობა უკვე ქაოსისა და წარმატების უპრეცედენტო მასშტაბს აღწევდა. ჯერ კიდევ თინეიჯერს, მას სახლის დატოვებაც კი არ შეეძლო პაპარაცებისა და ფანების შემოტევის გარეშე. სწორედ ამ დროს მოუწია ბიბერს თავის პირველ საჯარო პრობლემასთან გამკლავებაც, როცა მისი ფეხმძიმე ფანი ამტკიცებდა, რომ ბავშვის მამა ჯასტინი იყო. სამედიცინო ტესტის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა, თუმცა ამ გამოცდილებამ ბიბერს სიმღერა Maria შეაქმნევინა – თანამედროვე Billie Jean, რომელიც ბავშვის მამობას უარყოფდა.
ამასობაში ბიბერი იზრდებოდა. ჰუბერტატის ასაკში მისი ხმა შესამჩნევად დადაბლდა და მისი რეპერტუარიც შეიცვალა. ჯასტინის კარიერაში ახალი და უფრო მომწიფებული ეტაპი დაიწყო. თუმცა 2013 წლის დასაწყისში ასევე თავი იჩინა ფსიქიკურმა პრობლემებმა, რაც ბავშვობის ასაკში მოპოვებული ცნობადობის უარყოფითი ეფექტი იყო. ბიბერი და გომესი ერთმანეთს 2012 წლის ნოემბერში დაშორდნენ. 2013 წლის მარტში ბიბერი უკვე აგრესიას იჩენდა პაპარაცების მიმართ. ცოტა ხანში კი მან სრულიად არაადეკვატური ქცევების გამოვლინება დაიწყო: გაზის ნიღბით სადილი, ღამის კლუბის საწმენდ ჭურჭელში, ასევე ბილ კლინტონის ფოტოზე მოშარდვა, ფანებისთვის შეფურთხება, ვანდალიზმი… რომ აღარაფერი ვთქვათ ანა ფრანკის მუზეუმის სტუმრების წიგნში დატოვებულ ჩანაწერზე, რომ ანა ფრანკიც Belieber ანუ ბიბერის ფანი იქნებოდა. 2013 წლის დეკემბერში ჯასტინ ბიბერმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ინდუსტრიას ტოვებდა.
თუმცა სცენის მიღმა გატარებული პერიოდიც მისთვის არანაკლებ ტურბულენტური აღმოჩნდა. 2014 წელს ჯასტინი მაიამიზე ყვითელი ლამბორგინის მართვისას დააპატიმრეს. მას ბრალად წაუყენეს არაფხიზელ მდგომარეობაში, შეჩერებული მართვის მოწმობით მართვა და პოლიციის დაუმორჩილებლობა. ბიბერმა შემდგომ გაამხილა, რომ 19-დან 21 წლამდე მძიმედ იყო დამოკიდებული ნარკოტიკებზე, შფოთვასა და მასზე არსებულ წნეხთან გასამკლავებლად.
მოვლენები ჯასტინისთვის უკეთესობისკენ წარიმართა 2015 წელს, როცა მან ალბომი Purpose გამოსცა, რომელიც Billboard 200-ის მეექვსე ლიდერი და დღემდე მისი ყველაზე კომერციულად წარმატებული პროექტია. ალბომს წინ უძღოდა ბიბერის დაბრუნების ჰიტი Where Are Ü Now. თუმცა მაშინ, როცა 2016 წლის მარტში Purpose-ის ტურნე დაიწყო, ჯასტინის მენტალური პრობლემები კვლავ გრძელდებოდა. ტურნე 2017 წელს გაუქმდა, რათა მომღერალს საკუთარ ჯანმრთელობაზე ეზრუნა.
შემდეგი ორი წლის განმავლობაში ბიბერი მხოლოდ კოლაბორაციებს აკეთებდა. 23 წლის ასაკში, კარიერის დაწყებიდან თითქმის ათწლეულის შემდეგ, ჯასტინი თითქოს საჭირო შესვენებას იღებდა. 2017 წლის ბოლოს მან უკვე ინტერვიუებსა და საკუთარ მუსიკაში დაიწყო საუბარი იმ შედეგებზე, რაც მას ბავშვობის ასაკში მიღწეულმა ვარსკვლავობამ მოუტანა.
2018 წელს მან განაახლა რომანი ჰეილი ბოლდუინთან და წყვილი იმავე წლის სექტემბერში დაქორწინდა. ერთი წლის შემდეგ ბიბერმა მეხუთე სტუდიური ალბომის გამოცემა დააანონსა. Changes 2020 წელს გამოვიდა და ბიბერს გრემის სამი ნომინაცია და ერთი ჯილდო მოუტანა. ალბომი ეხებოდა მომღერლის ცხოვრების აღმასვლასა და დაღმასვლას, ქორწინებას, სიფხიზლეს, ლაიმის დაავადებასთან ბრძოლასა და მენტალურ პრობლემებს. ბიბერი თითქოს პოპვარსკვლავის პერსონას ამსხვრევდა და ფანებს მის ადამიანურ სახეს აჩვენებდა.
Changes-ს ერთი წლის მერე ალბომი Justice მოჰყვა. მისი ჰიტი Peaches კი ბიბერის პირველი Hot 100-ის ლიდერი სიმღერა გახდა. სინგლი ასევე წარდგენილი იყო გრემის ოთხ კატეგორიაში, მათ შორის წლის ჩანაწერისა და წლის სიმღერის ნომინაციებში. ალბომში ასევე შევიდა ბიბერისა და ბენი ბლანკოს ერთობლივი სიმღერა Lonely, რომელიც გამანადგურებელი, შეულამაზებელი რეალობა აღმოჩნდა იმისა, თუ როგორ იმოქმედა ბიბერზე პატარა ასაკში მოპოვებულმა ცნობადობამ და რომელმაც მთელი მისი განვლილი 15 წელი ერთ სინგლში მოაქცია.
რაც შეეხება ახლანდელ პერიოდს, 2024 წელს ბიბერს ახალი მუსიკა არ გამოუცია. თუმცა, როგორც ჩანს, 30 წლის ვარსკვლავი დღეს ჯანსაღი და სიყვარულით სავსე ცხოვრებით ცხოვრობს, ამდენი წლის განმავლობაში პირველად. ის უკვე ექვსი წელია, რაც ბოლდუინზეა დაქორწინებული და წელს წყვილს პირველი შვილიც ეყოლა – ვაჟი, სახელად ჯეკ ბლუზ ბიბერი. მთელი კარიერის განმავლობაში ასაკისთვის შეუსაბამოდ რთული, ქაოსური და დამღლელი ცხოვრების ფონზე, შვებისმომგვრელია ახლანდელი ბიბერის ნახვა, რომელიც თავისი ახალი თავგადასავლით ტკბება – მამობით. იმედია, ეს ახალი გამოცდილება მას ჩარტების ლიდერ კიდევ ერთ ალბომს შეაქმნევინებს და გახდება კიდევ ერთ მაგალითი მისი უნიკალური პერსონის, რომელიც 15 წლის განმავლობაში განუწყვეტლივ ანათებდა სიბნელეში.
წაიკითხეთ გასული სტატიები 21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავების რეიტინგის წინა ნომრებზე: ნომერი 15 – მაილი საირუსი და ნომერი 10 – ადელი.