სოხუმის თეატრი თეატრის ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციის პარტნიორი ხდება

თანამშრომლობის მემორანდუმი 3 ნოემბერს გაფორმდება.

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი თეატრის ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციის (IATL) პარტნიორი ხდება. თანამშრომლობის მემორანდუმი 3 ნოემბერს, 14:00 საათზე სოხუმის თეატრში გაფორმდება. ამ დღისთვის თბილისს ეწვევა IATL-ის პრეზიდენტი, საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების სპეციალისტი და თეატროლოგი ოქტავიან საიუ, რომელიც სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან, დავით საყვარელიძესთან ერთად ხელს მოაწერს მემორანდუმს. 

დავით საყვარელიძე

IATL-სთან თანამშრომლობა ნიშნავს სოხუმის თეატრის პოზიციის გაძლიერებასა და ახალ ეტაპს საერთაშორისო თეატრალურ სამყაროში ინტეგრირებისთვის. პარტნიორობის ფარგლებში თეატრი გეგმავს, მონაწილეობა მიიღოს ინოვაციურ პროექტებში და ხელი შეუწყოს გამოცდილების გაზიარებას თეატრის პროფესიონალებს შორის. მემორანდუმით შესაძლებელი ხდება უნიკალური ერთობლივი პროექტების შექმნა და თეატრის ჩართულობის გაზრდა საერთაშორისო კონგრესებში, ფესტივალებსა თუ სემინარებში. 

ოქტავიან საიუ რუმინელი თეატრის მკვლევარი, საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების სპეციალისტი და თეატროლოგიის დოქტორია. პირველი დისერტაცია („თეატრალური სივრცის შესახებ“) დაიცვა რუმინეთის თეატრისა და კინოს ეროვნულ უნივერსიტეტში (NUTF). ამასთან, ფლობს შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის დოქტორის ხარისხსაც, რომელიც სემუელ ბეკეტისა და ეჟენ იონესკოს შესახებ დაწერილი დისერტაციისათვის ახალი ზელანდიის ოტაგოს უნივერსიტეტში მიენიჭა. საიუმ ოტაგოს უნივერსიტეტშივე განაგრძო თანამედროვე ლიტერატურის კვლევა და პოსტსადოქტორო მუშაობის დასრულებისას თეატრალური და საშემსრულებლო ხელოვნების დოქტორი ჰაბილიტუსის (Dr. Habil.) წოდებაც მიიღო. დოქტორი საიუ უწყვეტად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას ჰონგ-კონგის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტსა და სიბიუს უნივერსიტეტის სადოქტორო სკოლაში. იყო ლონდონის უნივერსიტეტის უმაღლესი განათლების სკოლის სტიპენდიატი. ამჟამად ტოკიოს, ჰონგ-კონგის, პეკინისა და ლისაბონის უნივერსიტეტების მოწვეული პროფესორია და ატარებს ლექციებსა და მასტერკლასებს ევროპის, აფრიკის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში, ასევე გროტოვსკის ინსტიტუტში.

ოქტავიან საიუ, კონფერენციის თავმჯდომარისა თუ მოწვეული სპიკერის რანგში, აქტიურად იყო ჩართული რამდენიმე საკვანძო თეატრალური და აკადემიური ღონისძიების განხორციელების პროცესში, მათ შორის არის თეატრალური ოლიმპიადა, ვუჟენის თეატრალური ფესტივალი, ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალი. 2013 წლის ედინბურგის ფესტივალზე ოქტავიან საიუ სემუელ ბეკეტისადმი მიძღვნილ კონფერენციას უძღვებოდა. 2004 წლიდან ის უძღვება სიბიუს საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის კონფერენციებს. წლების განმავლობაში მან არაერთი დიალოგი წარმართა თეატრალური ხელოვნების ისეთ გამორჩეულ წარმომადგენლებთან, როგორებიც არიან ოჰად ნაჰარინი, აკრამ ხანი, საშა ვალცი, რობერტ უილსონი, რობერტ ლეპაჟი, რიმინი პროტოკოლი, თომას ოსტერმაიერი, ივო ვან ჰოვე და სხვები.

დოქტორი ოქტავიან საიუ საერთაშორისო აკადემიურ ჟურნალებში გამოქვეყნებული არაერთი სტატიისა და თეატრთან დაკავშირებული 14 წიგნის ავტორია.  2010 წელს „კრიტიკოსთა პრემიით“ დაჯილდოვდა, 2013 წელს კი მას გადაეცა თეატრის ხელოვანთა კავშირის (UNITER) ჯილდო. 2020 წელს, კულტურის ეროვნულ დღეს, რუმინეთის პრეზიდენტმა ოქტავიან საიუს კულტურის წინაშე დამსახურებისათვის ღირსების ორდენი გადასცა.

დოქტორი საიუ თეატრის ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციის (International Association of Theatre Leaders – IATL) დამფუძნებელი და პრეზიდენტია. 2024 წელს თეატრის ლიდერობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის რუმინეთის კულტურის სამინისტრომ ოქტავიან საიუს საპატიო ჯილდო გადასცა.

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი, საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული და მდიდარი ისტორიის მქონე კულტურული დაწესებულებაა, რომელიც წლების განმავლობაში ინოვაციების, მხატვრული ხარისხისა და კულტურული დიალოგის ცენტრშია, რაც საერთაშორისოდ არის აღიარებული. 2025 წელს თეატრს 140 წელი უსრულდება. გასული საუკუნის 90-იან წლებში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად აფხაზეთის დატოვება დასის წევრებსაც მოუწიათ. თავდაპირველად დასი რუსთაველის თეატრმა შეიფარა. შემდეგ ჯგუფი წარმოდგენებს მარჯანიშვილის, სამეფო უბნის, ახმეტელისა და თავისუფალ თეატრებში მართავდა. მოგვიანებით კი, 2016 წელს, სოხუმის თეატრს საკუთარი შენობა გადაეცა. 2014 წლიდან თეატრს რეჟისორი დავით საყვარელიძე ხელმძღვანელობს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Ace of Base Paul Bergen/Redferns/Getty Images

შვედურ პოპ-ჯგუფ Ace of Base-ის შესახებ  დოკუმენტური სერიალი გამოვა

შემდეგი სტატია

თბილისში ბასტა რაიმსის კონცერტი გაიმართება

შეიძლება დაგაინტერესოთ

,,სასწაულის მოლოდინში“ – საპრემიერო სამზადისი სოხუმის თეატრში

სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება. 8 და 9 დეკემბერს დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში სპექტაკლის - „სასწაულის მოლოდინში“ პრემიერა გაიმართება.
მეტი

თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ექსპერიმენტული სივრცე „თბილი ორგია“ არსებულ შენობას ტოვებს და ახალ ეტაპს იწყებს

„ჩვენი შენობა იხურება - მაგრამ კონცეფცია არ კვდება: გააქტიურდება მუსიკალური ლეიბლი, სადაც იგეგმება როგორც მრავალი ალბომის, ისე სინგლის და კომპილაციების გამოშვება. გაიმართება რადიოშოუები, რომელიც გააგრძელებს ადგილობრივი არტისტების და სცენის მხარდაჭერას“ -„თბილი ორგიას” კოლექტივი.
მეტი

დავით საყვარელიძე სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო თეატრისთვის ახალ ხელმძღვანელს ეძებს

„პირველ რიგში, მინდა, რომ ჩვენმა თეატრმა იპოვოს ახალგაზრდა ხელმძღვანელი, რადგან თეატრს სჭირდება ახალი ენერგია და დიდი ენთუზიაზმი. აგრეთვე მსურს, რომ საზოგადოებამ იხილოს მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ხდებოდეს თეატრის მართვის გადაბარება ცივილიზებულად – ყოველგვარი დაპირისპირებების გარეშე,” – წერს დავით საყვარელიძე.
მეტი
ომარ მხეიძის საიუბილეო საღამო

ქართული ცეკვის ლეგენდად ქცეული – ომარ მხეიძის საიუბილეო საღამო

25 სექტემბერს რუსთაველის ეროვნულ თეატრში ლეგენდარული მოცეკვავის, ომარ მხეიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
მეტი