პოლ საიმონი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და აღიარებული სიმღერების ავტორია, თუმცა, როგორც მუსიკოსმა ახლახან გაამხილა, საკუთარი მუსიკა მას თანდათან უკვე აღარ ესმის.
გასულ წელს საიმონმა The Times-თან ინტერვიუში გაამჟღავნა, რომ 2023 წელს, Seven Psalms-ის ჩაწერის დროს, მარცხენა ყურში სმენის დაქვეითება დაეწყო. „მარცხენა ყურში უცებ სმენა თითქმის სრულად დავკარგე და დღემდე არავის აქვს ამის ახსნა,” – თქვა მან. „ასე რომ, ყველაფერი გართულდა.”
ახლა კი CBS-ის დილის შოუში მუსიკოსმა სმენის პრობლემებით ცხოვრებასა და იმ გზებზე ისაუბრა, რითაც მასთან გამკლავებას ცდილობს.
„საშინლად იმედის გამაცრუებელი იყო. თავიდან ძალიან გავბრაზდი, რომ ასეთ რამ მოხდა,” – თქვა მან. „ყველაზე მეტად რამაც შემაშინა, იმაზე ფიქრი იყო, რომ ვაითუ იმდენიც ვეღარ გამეგონა, რომ მუსიკის შექმნა შემძლებოდა.”
უკანასკნელი ტურნე საიმონმა 2018 წელს დაასრულა, თუმცა პერიოდულად ის მაინც ჩნდება აქა-იქ. ბოლოს მან გულშემატკივრები ნიუ-იორკის ირლანდიური კულტურის ცენტრში გამოსვლით გააოცა – საქველმოქმედო მარათონზე, რომელიც სტენფორდის უნივერსიტეტის სმენის დაკარგვის მკურნალობის პროგრამის მხარდასაჭერად გაიმართა.
CBS-ის დილის შოუს ფარგლებში საიმონმა სწორედ ეს პროგრამა მოინახულა და თან ახსნა, თუ როგორ იყენებენ კვლევისთვის ზებრა-თევზს, თაგვებსა და სხვა ცხოველებს. ზებრა-თევზებმა, მაგალითად, სმენის გაუმჯობესება აჩვენეს იმ მედიკამენტის მიღების შემდეგ, რომელიც FDA-მ დაამტკიცა. ხოლო თაგვებს გენური თერაპიის ნაწილში იყენებენ, რათა დაზიანებული სმენის უჯრედების აღდგენა მოახერხონ.
საიმონმა აღნიშნა, რომ შემოქმედების სურვილი არ განელებია, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი შრომის ნაყოფი ისე კარგად უკვე აღარ ესმის.
„როცა მატისი სიცოცხლის ბოლოს საწოლს იყო მიჯაჭვული, ის კომპოზიციებს წარმოიდგენდა და შემოქმედების უდიდესი პერიოდი ჰქონდა. ასე რომ, არ ვფიქრობ, რომ კრეატიულობა შეზღუდული შესაძლებლობებით სრულდება. ყოველ შემთხვევაში, აქამდე მე ეს არ გამომიცდია და იმედი მაქვს, არც მომიწევს.”