თანამედროვე მუსიკის მრავალფეროვან სამყაროში ზოგიერთი ისტორია განსაკუთრებით გამოირჩევა კულტურის, გამძლეობისა და შემოქმედებითი ინოვაციის უნიკალური შერწყმით. სწორედ ასეთია ამერიკაში მოღვაწე ქართული ინდი-ალტ დუო Anana Kaye, რომელიც Irakli Gabriel-ისა და Anana Kaye-ს ერთობლივი პროექტია. ბენდი თითქმის ათწლიანი მუსიკალური ისტორიით წარმატებით მოღვაწეობს ამერიკაში. დუეტის პირველი EP, Sentient, 2016 წელს, პროდიუსერ აარონ ნევეზის მხარდაჭერით, ბრუკლინის The Bunker Studio-ში ჩაიწერა. მათი შემდეგი ალბომი, Detour, 2019 წელს გამოვიდა. ბენდის მეოთხე სტუდიური ალბომის, Are You There?-ის გამოსვლა კი 2025 წლის გაზაფხულზე იგეგმება.
დუეტი საქართველოში იმყოფებოდა, რა დროსაც „ბილბორდ საქართველომ“ მათთან ინტერვიუ ჩაწერა:
Anana Kaye-ს მუსიკალური ისტორია
Irakli Gabriel:
„ამერიკაში 1992 წელს მშობლებთან ერთად მოვხვდი. ვსწავლობდი, დავამთავრე უნივერსიტეტი და 2001-ში თუ 2002-ში ნიუ-იორკში სხვადასხვა როკ ჯგუფებში დავიწყე დაკვრა. Anana საქართველოში 2012 წელს გავიცანი, მისი ხმა ძალიან მომეწონა, ჩვენი გემოვნებაც დაემთხვა, შემდეგ დავქორწინდით და ისევ ნიუ-იორკში ჩამოვედით. იქ დავიწყეთ ჩვენი სიმღერების ჩაწერა. უკვე 10 წელი გავიდა პირველი ალბომის გამოცემის შემდეგ და ჯამში ოთხი ალბომი გვაქვს ჩაწერილი, ეს მეოთხე ალბომი სულ მალე გამოვა. ნეშვილში 2017 წლიდან ვცხოვრობთ, აქაც ვუკრავთ და სხვადასხვა შტატში გასტროლებზე დავდივართ.”
მუსიკა და იდენტობა:
Anana Kaye:
„მე პირადად არ ვიცნობ ქართველ მუსიკოსს, რომელიც არ აკეთებს ქართულისა და უცხოური მუსიკის სინთეზს. ძალიან მიყვარს ქართული ფოლკლორი, რომელსაც ბავშვობაში ხშირად ვუსმენდი. გვიყვარს ქართული ინსტრუმენტები, ჩვენ ახალ ალბომში არის თბილისური დუდუკი გამოყენებული, ვურევთ ყოველთვის რაღაცას, ეს ნატურალური პროცესია. რა თქმა უნდა, ჩვენ ინგლისურ მუსიკაზეც გავიზარდეთ. ამერიკაში ვცხოვრობთ, გვიყვარს ბლუზი, ჯაზი. მე და ირაკლი დავდივართ ამერიკაში, სამხრეთში, მისისიპის შტატში, გასტროლებზე, სადაც ბლუზი დაიბადა და ძალიან ბევრ პარალელს ვხედავთ ამერიკულ და ქართულ მუსიკაში. ჩემთვის ეს პარალელი არის თავისუფლება. ჯაზი, ბლუზი იმ ხალხისგან წამოვიდა, რომელიც იყო დამონებული ხალხის თავისუფლებისთვის მებრძოლი მუსიკა. ამ მუსიკიდან დაიბადა შემდგომ Beatles, Rolling Stones, რომელიც საბჭოთა კავშირში გარკვეული პერიოდი აკრძალული იყო. ეს ყველაფერი ამ ხალხის ფოლკლორიდან მოდის – ის ავთენტური გრძნობა, რაც ჩაქსოვილია ქართულ ან ამერიკულ მუსიკაში. მთავარ ხაზად მაინც თავისუფლება იკვეთება. მე ყოველთვის ეს მელაპარაკებოდა და ჩემ სულს ყოველთვის ეს ახარებდა.“
Irakli Gabriel: „მუსიკალური თვალსაზრისით რომ ვთქვათ, ჩვენც ვაქსოვთ მუსიკაში ამ თემებს, ეს ყველაფერი ბუნებრივად გამოდის. დიდი ძალისხმევა და ფიქრი ამას არ სჭირდება. ქართულ სიმღერებსაც ვუკრავთ ხოლმე კონცერტებზე და ყველა კონცერტზე სულ ვლაპარაკობთ და ვყვებით საქართველოს შესახებ. ჩემთვის ეს თემები უფრო ტექსტებში იკვეთება. ჩვენს ბოლო ალბომში განსაკუთრებით იკვეთება თემები გაორების, სევდისა და შემდეგ ისევ გამთლიანების შესახებ.“
ახალი ალბომი Are You There?
Anana Kaye:
„ჩვენი ახალი ალბომის სახელწოდებაა Are You There? – ეს ერთ-ერთი ჩვენი სიმღერიდან მოდის, რომელსაც კორდელია ჰქვია. ამ ალბომში არის თემები თავისუფლების, ტრაგედიის, სიყვარულის, სადაც გამოყენებულია ძალიან ბევრი ეთნიკური ინსტრუმენტი. ბევრი სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსები უკრავენ ამ ალბომში და ყველაფერი, რაც ჩვენ გვქონდა სულში და გულში, ამ ალბომში ჩავაქსოვეთ.“
Irakli Gabriel: უნდა ითქვას, რომ აქ სხვადასხვა სტილია გამოყენებული. აკუსტიკურიც არის ელექტრონულიც, ბევრი ჟანრის სინთეზი ხდება.
Anana Kaye: „ამ ალბომის ჩაწერა მაშინ დავიწყეთ, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო. ეს ალბომი ომსაც ეხება, ერთი სიმღერაა Soldier of Misfortune, ლეონარდ კოენის სიმღერის ქავერი გავაკეთეთ, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიმღერაა – There is a war. ის ეხება ომის და მშვიდობის საკითხებს. ემიგრანტად ყველაზე მეტად მაშინ გრძნობ თავს, როცა ამერიკაში, სხვა ქვეყანაში ხარ და ასეთი რაღაცები ხდება უკრაინაში და საქართველოში. ძნელია ამის სხვა მხრიდან ყურება. ვზივარ იქ და მინდა ჩემ ხალხთან ვიყო. ამას ჩვენ მუსიკის საშუალებით ვახერხებთ.
მუსიკა და პროტესტი:
Irakli Gabriel: „ჩემთვის ემიგრანტობა საოცარი ტკივილია, რომელსაც ჩვენს მუსიკასა და ტექსტებშიც ყოველთვის გადმოვცემთ. სამშობლოდან წასვლა ძალიან მძიმე რამ არის და ამას არავის ვურჩევ. რაც შეეხება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და პროტესტს, მინდა ვთქვა, რომ ეს უკვე კლიშე აღარ არის. ეს ყველაფერი თავისუფლებაზეა აგებული. ღმერთი თავისუფალ არჩევანს გვაძლევს და ამ არჩევანს ვიღაცა რომ გართმევს, განსაკუთრებით არტისტ ადამიანს, ეს ძალიან ძლიერი დარტყმაა. ამიტომ, მესმის პროტესტის მთელი სულისკვეთებაც ამაში მდგომარეობს. ეს პროტესტი ბუნებრივია. საქართველო თავისუფლებისთვის მუდმივად ბრძოლის პროცესშია, რასაც გაფრთხილება და ბრძოლა სჭირდება. ასევეა მუსიკოსიც, რომელიც სულ პროცესშია, განვითარება ბრძოლის და წინსვლის გარეშე არ მოდის. ძალიან ემოციურია ეს ჩვენთვის, ამას ვერ დავმალავ. ახალგაზრდა თაობა ვნახე, ეს ის თაობაა, ვინც თავისუფალ საქართველოში დაიბადა. არცერთი პარტიის მოწყობილი არ არის ეს აქციები და ყველაფერი ამიტომაც მოხდა ბუნებრივად. მე ვხედავ ერის და ახალგაზრდობის პროტესტს, როცა ვიღაცა ცდილობს თავისუფლება წაგართვას.
Anana Kaye: „ეს ყველაფერი ცინიზმისგან სრულად განკურნებულია. მე როცა ვიყავი თინეიჯერი ქართული არაფერი მომწონდა. ვუსმენდი ინგლისურ, ამერიკულ მუსიკას, ქართული ყველაფერი შაბლონური მეგონა, ამისი ძალიან მრცხვენია და სრულიად განვიკურნე ამისგან. ჩემი დის თაობას, ჯენზის თაობას, როდესაც ვუყურებ, ვხედავ, რომ ისინი სრულიად განკურნებულები არიან ამ ცინიზმისგან. ეს ყველაფერი, ეს დიდი თემები, სიყვარული, თავისუფლება, იდეალები, ეს ჩვენთვის გახდა რეალური ყოველდღიური ბრძოლის მიზეზი, ეს არ არის ცარიელი სიტყვები და ამას ნაკლებად ვხედავ სხვათა შორის დასავლეთში. არ შეიძლება, ეს რომ არ აღიწეროს მუსიკაშიც, იმიტომ, რომ ეს ბუნებრივი პროცესია.
სანამ ჩამოვიდოდით, რამდენიმე დღის წინ გადავიკითხე მარტინ ლუთერ კინგის წერილი ბირმინგემის ციხიდან. ვკითხულობდი ამას და ვფიქრობდი, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ილია ჭავჭავაძის დაწერილი. ის სიტყვები, რაც იქ წერია, არის ჩვენი ბრძოლა, რასაც თავისუფლებაზე აფრიკულ-ამერიკული მონობიდან თავის დაღწევაზე საუბრობს. ეს პარალელები არ ილევა.“
Anana Kaye თავიანთ ნამუშევრებში თავისუფლებაზე, სიყვარულზე, მონატრებაზე, იდენტობაზე და პირად კავშირზე მოგვითხრობს, რომელიც ამერიკასა და საქართველოს თავისი მუსიკალური იდენტობით აკავშირებს.
მოისმინეთ Anana Kaye-ს სიმღერა: