რობი უილიამსის Forbidden Road 2025 წლის ოსკარზე, ფილმისთვის შექმნილი საუკეთესო სიმღერის კატეგორიაზე წარსადგენი სიიდან (შორტლისტიდან) ამოიღეს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი კი ის გახდა, რომ სიმღერა შეიცავს მასალებს უკვე არსებული კომპოზიციიდან, რომელიც არ შექმნილა აღნიშნული ფილმისთვის (Better Man).
Forbidden Road უკვე ამოღებულია ოსკარების ვებსაიტიდან. აკადემიის განცხადებით, სიმღერა სხვა კომპოზიციით არ ჩანაცვლდება და კატეგორიის ხუთ ნომინანტს წელს 15-ის ნაცვლად, 14 კანდიდატიდან გამოავლენენ.
გთავაზობთ წერილს, რომელიც კინოაკადემიამ აღნიშნული გადაწყვეტილების ასახსნელად გაავრცელა:
„შორტლისტში დასახელებული Forbidden Road, კინოფილმიდან Better Man, შეიცავს მასალას უკვე არსებული სიმღერიდან, რომელიც არ დაწერილა აღნიშნული ფილმისთვის. აკადემიის მუსიკალური მიმართულების კომიტეტის წევრებმა მასალები განიხილეს და დაადგინეს, რომ სიმღერა ვერ აკმაყოფილებს ოსკარის 97-ე დაჯილდოების კრიტერიუმს, რათა წარდგენილ იქნას ფილმისთვის შექმნილი სიმღერის ნომინაციაში. ეს კრიტერიუმია: ორიგინალური სიმღერა შედგება მუსიკისა და სიტყვებისგან, ორივე მათგანი კი შექმნილი უნდა იყოს სპეციალურად კონკრეტული ფილმისთვის (წესი 18, სექცია 1ბ).
მაშასადამე, სიმღერა მიჩნეულ იქნა შეუსაბამოდ ოსკარის 97-ე დაჯილდოებაზე წარსადგენად და ამოღებულ იქნა აკადემიის შორტლისტიდან ფილმისთვის შექმნილი ორიგინალური სიმღერის კატეგორიაში.
ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც პატივს სცემს ჩვენს წესებს და ამასთანავე იცავს ორიგინალური სიმღერისა და საუნდტრეკის კატეგორიების სპეციფიკას.”
წერილში არ არის მითითებული ის სიმღერა, რომელთანაც Forbidden Road-ს მსგავსებები აქვს, თუმცა აკადემიის წარმომადგენელმა Rolling Stone-თან საუბარში დაადასტურა, რომ ეს კომპოზიციაა I Got a Name, რომელიც ჯიმ კროჩემ 1973 წელს ფილმისთვის The Last American Hero ჩაწერა. სიმღერის თანაავტორია 84 წლის ჩარლზ ფოქსი, რომელიც აკადემიის 55-კაციანი მმართველი ბორდის წევრია.
The Last American Hero, რომელშიც ჯეფ ბრიჯისი თამაშობს, 1973 წელს გამოვიდა. ხოლო სიმღერა I Got a Name სინგლად ამავე წლის წლის 21 სექტემბერს გამოიცა – მეორე დღეს, რაც კროჩე 30 წლის ასაკში ლუიზიანაში ავიაკატასტროფაში დაიღუპა. სიმღერა Billboard Hot 100-ის მე-10 ადგილზე გავიდა. თუმცა, გასაკვირად, ის არც ოსკარზე და არც ოქროს გლობუსზე ყოფილა წარდგენილი.
რაც შეეხება Better Man-ს, ის ორიგინალური სიმღერის კატეგორიაში ოქროს გლობუსზეცაა წარდგენილი. ცერემონიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 82-ე ოქროს გლობუსის წესების თანახმად, დაჯილდოებაზე აღნიშნული სიმღერის წარდგენა დასაშვებია. „სიმღერები, რომლებიც შეიცავს სხვა სიმღერების სიტყვებს ან მუსიკას, შესაძლებელია დაიშვას ოქროს გლობუსზე, თუ კომიტეტი დაადგენს, რომ წინა სიმღერებიდან გამეორებული მასალა არ მოქმედებს ახალი კომპოზიციის საერთო ავთენტურობაზე,” – ნათქვამია ოქროს გლობუსის წესებში.
Better Man აშშ-ის კინოთეატრებში შობის დღეს, 25 დეკემბერს, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით 10 იანვარს გამოვა. მუსიკოსის კარიერასა და ცხოვრებაზე გადაღებულ ფილმში უილიამსი კომპიუტერულად შექმნილი მაიმუნის სახითაა წარმოდგენილი.